საზოგადოება

„ჩემი ქალაქი დავტოვეთ, არ ვიცით, წინ რა გველის“ — ქრისტინა ოდესიდან

7 მარტი, 2022 • 3865
„ჩემი ქალაქი დავტოვეთ, არ ვიცით, წინ რა გველის“ — ქრისტინა ოდესიდან

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ქრისტინა ოდენცოვა ოდესაში ცხოვრობდა. ახლა, როდესაც რუსეთის არმია  უკრაინის ყველა დიდ ქალაქს, მათ შორის, ოდესას ბომბავს, ქრისტინა ლვოვის ოლქს, ამ დროისთვის უსაფრთხო დასახლებას, მეგობართან   აფარებს თავს.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში მან გაიხსენა, თუ როგორ გახდა იძულებული, დაეტოვებინა ქალაქი და როგორ ხედავს საკუთარ მომავალს.

„ველოდებით, რომ ოდესაშიც იგივე მოხდება, რაც ხარკოვში და კიევში – ძლიერი დაბომბვები“

უკვე სამი წელია, რაც ქრისტინა ოდესის ცენტრში მეგობართან ერთად ცხოვრობს. ქალაქი 25 თებერვალს დატოვა და მეგობრის ოჯახის სახლში, ლვოვიდან 60 კილომეტრის მოშორებით ჩავიდა. იქ ამჟამად სიწყნარეა, თუმცა პერიოდულად ისმის აფეთქებებისა და ბრძოლის ხმები.

„თავად მე და ჩემი ოჯახი მელიტოპოლიდან ვართ, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქშია. ეს ოლქი ახლა ოკუპანტების თავდასხმის ქვეშაა. ჩემმა მშობლებმაც შეძლეს დაეტოვებინათ ტერიტორია მანამ, სანამ უფრო მასშტაბური სამხედრო ბრძოლები დაიწყებოდა,  ისინი ახლა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნათესავებთან იმყოფებიან“, — დასძენს ქრისტინა.

„23 თებერვალს ვმუშაობდი. პარიკმახერი ვარ პროფესიით. იმ დღეს სალონში გადაღებები გვქონდა, სახლში კი საღამოსკენ დავბრუნდი. ჩემი მეგობრის შეყვარებული პოლიციაში მუშაობს .. როდესაც სახლში მივედი, გაგვაფრთხილეს, რომ შესაძლოა, გვიან ღამით ან სამხედრო სწავლებები, ან რაღაც განგაში იყოს – თუმცა გასაგებად არ გვითხრეს, რა იქნებოდა. არ ვიცოდით, ეს ნამდვილად ომი იქნებოდა თუ სწავლებები.

გვითხრეს, რომ სახლში ვყოფილიყავით, არსად გავსულიყავით, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ კავშირი გაწყდებოდა.

იმ ღამეს ძალიან გვიან ჩაგვეძინა. ვკითხულობდით საინფორმაციოებს. გაგვეღვიძა დილით. სადღაც 05:00 საათი იქნებოდა, მთელ ქალაქში ისმოდა აფეთქების ხმები. ჩვენ იმთავითვე დავიწყეთ ადგილობრივი მედიის კითხვა. სწორედ აქედან გავიგეთ, რომ უკრაინაში შემოჭრა დაიწყეს რუსებმა“, – ამბობს ქრისტინა.

ის და მისი მეგობარი 24 თებერვალს ოდესაში დარჩნენ, მეორე დღეს კი გადაწყვიტეს, რომ ლვოვის ოლქში მატარებლით წასულიყვნენ.

„შეუძლებელი იყო ბილეთების შოვნა. ამიტომ თავიდან ვიფიქრეთ, რომ ისე წავიდოდით.

ამასობაში სულ ინტერნეტში ვიყავით, ვეძებდით ინფორმაციას – სპეციალურ საიტებს, სადაც შეგვეძლო ბილეთები გვეყიდა. ზუსტად მატარებლის გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე 1 ბილეთის ყიდვა მოვახერხეთ და მეორე ბილეთი არ მოუთხოვიათ, უბრალოდ, ისე წაგვიყვანეს. ყველა მსურველი შეძლებისდაგვარად მიჰყავდათ. პარასკევს გამოვედით და შაბათს უკვე აქ ვიყავით,“.

გზა ოდესიდან ლვოვამდე, ქრისტინას თქმით, წყნარი იყო. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად მატარებლები ძალიან ნელა დადიან და რამდენიმე საათს აგვიანებენ – „რადგან მათ კმ/სთ-ზე სწრაფად სიარულის უფლება არ აქვთ ახალი დადგენილებით“.

ქრისტინა ამბობს, რომ ამ რთულ დროში სიტყვისა და ინფორმაციის გავრცელებაც ერთმანეთის მხარდაჭერისა და დახმარების გზაა. შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობს, კონტაქტი შეინარჩუნოს როგორც ოჯახთან, ასევე ოდესაში დარჩენილ მეგობრებთან – „დიდი ნაწილი მაინც წასულია – ვინ, სად შეძლო“

„ველოდებით, რომ აქაც იგივე მოხდება, რაც ხარკოვში და კიევში – ძლიერი დაბომბვები. მაგრამ ჯერ შედარებით მშვიდი სიტუაციაა. არის ბევრი დივერსანტი, გემები… აფეთქებები, ქალაქში პერიოდულად ისმის განგაშის სიგნალი“, – გვიყვება ის.

ამასთანვე, ქრისტინა დასძენს, რომ ქალაქი ცდილობს ადაპტირებას, მაგრამ გარკვეულ საჭირო ნივთების ნაკლებობა უკვე იგრძნობა, მათ შორის, მედიკამენტების. ქრისტინა გვიყვება, რომ მისი ბინის მეპატრონემ, რომელსაც ქრონიკული დაავადების პრობლემა აქვს, საჭირო წამლების ყიდვა ვერ შეძლო, რადგან „აფთიაქები ან დახურულია, ან ძალიან დიდი რიგები დგას“.

„აქაც ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც გამოიქცა. ბევრია, ვინც თავისი ნებით მიდის საბრძოლველად. კომისარიატებში რიგებია. ბევრი ადამიანი საზღვარგარეთიდან ბრუნდება კიდეც, რომ ჩამოვიდეს და დაიცვას ქვეყანა“, – დასძენს ქრისტინა.

მოქალაქეები ოდესაში ამზადებენ „მოლოტოვის კოქტეილებს“. ფოტო: EPA-EFE/Maria Senovilla

„ჯერ არ ვიცი [უკან როდის დავბრუნდები]… ყოველდღე ველოდებით სიახლეს, რაღაც განახლებას. თუნდაც, მოლაპარაკების შედეგს, რომელსაც ახლა ჩვენი ქვეყანა რუსეთთან აწარმოებს.

ყოველ წამს მესმის, რომ ეს-ესაა ოდესაშიც უნდა დაიწყოს… და პირიქით, ყველა უკან გამორბის. მაგრამ მე ჯერ არ ვგეგმავ. თუმცა, ამასთანავე, რთულია აქ დარჩენა უმუშევრად. თანაც, მინდა დავეხმარო ხალხს“, – გვიყვება ქრისტინა ინტერვიუს ბოლოს.


უკვე მე-12 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

ომის პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინასა და რუსეთს შორის. თუმცა, ჯერ უშედეგოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი