საზოგადოება

“პატრიოტთა ალიანსის”, “მარშის” და სხვების წერილი პუტინს

21 თებერვალი, 2022 • 15840
“პატრიოტთა ალიანსის”, “მარშის” და სხვების წერილი პუტინს

საქართველოში მოქმედი პრორუსული საგარეო ორიენტაციის მქონე ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ძალების ნაწილი ერთობლივ ღია წერილს აქვეყნებს, რომლითაც  მიმართავენ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამენ.

წერილს ხელს აწერენ „პატრიოტთა ალიანსი“, “ქართული მარში” და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები

წერილის მთავარი თეზისები ემთხვევა მოსკოვის გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ ხედვებსა და მიზნებს საქართველოსა და რეგიონში. ესენია:

  • საქართველო და უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური ქვეყნები უნდა იყვნენ;
  • „საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა“ და „აშშ-ის პოზიცია საქართველოს ხელისუფლების საშინაო დავალებაა“;
  • ნატოს წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის „პირდაპირი გამოწვევაა“;
  • საქართველოს მოსახლეობას არ სურს ნატოში გაწევრიანება;
  • „საქართველო რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე ვერ გაუმკლავდება რეგიონალურ და გლობალურ გამოწვევებს“.

წერილი ირმა ინაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, მხოლოდ რუსულ ენაზე გამოაქვეყნა. „ნეტგაზეთის“ მის თარგმანს გთავაზობთ:

ღია წერილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს

2022 წლის 20 თებერვალი

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!

ერწმუნეთ ჩვენს პატივისცემას თქვენდამი და ნება მოგვეცით, გამოვხატოთ მადლიერება ჩვენს წინა წერილზე დადებითი გამოხმაურებისთვის. ასევე, ნება მოგვეცით, გაგიზიაროთ ჩვენი შეშფოთება საერთაშორისო უსაფრთხოების არსებული სისტემის დისფუნქციასთან დაკავშირებით, რასაც მოწმობს მოვლენები ყოფილ იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიაში, სირიაში, ავღანეთში, კავკასიაში, ყაზახეთში და, რაღა თქმა უნდა, უკრაინაში.

გვსურს გამცნოთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი სისტემის მშენებლობას, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე და მხარეების ინტერესების ორმხრივ პატივისცემაზე. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, ჩვენი აზრით, ფუძემდებელი მიდგომა სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა იყოს.

მწუხარებით უნდა ვთქვათ, რომ საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა, რაზეც მოწმობს უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები იმის შესახებ, რომ „აშშ-ის პოზიცია საქართველოს ხელისუფლების საშინაო დავალებაა“. ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რეგულარულად აძლევს ნატოს საშუალებას, საკუთარ ტერიტორიაზე წვრთნები ჩაატაროს. ეს სხვა არაფერია, რუსეთის პირდაპირი გამოწვევის გარდა.

ასევე მწუხარებით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია მოცულია უცხოური ორგანიზაციების ქსელის მიერ, რომლებიც ყალბ სოციოლოგიურ კვლევებს ატარებენ და ხატავენ ნატოში სწრაფვის საყოველთაო სურვილს. თუმცა ყველაზე მასშტაბური გამოკითხვა ამ თემაზე 2020 წელს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ჩაატარა. გამოკითხვის ფარგლებში, 1,2 მილიონ ადამიანზე მეტმა შეავსო საგამოკითხვო ფურცელი, 900 ათასზე მეტმა კი აუდიოინტერვიუ ჩაწერა. შედეგად, ნათელი გახდა, რომ მოსახლეობის პოზიცია რადიკალურად შეიცვალა: რომ 69,4% მხარს უჭერს სამხედრო ნეიტრალიტეტს, 75,8% კი- რუსეთთან დიალოგს.

გვესმის რა, რომ რუსეთთან დაპირისპირება საქართველოსთვის დამღუპველია, ჩვენ, 53 პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია, გავერთიანდით პატრიოტთა ერთიან ფრონტში, საჯაროდ მოვაწერეთ ხელი დეკლარაციას საქართველოს სრულ სამხედრო ნეიტრალიტეტზე და ვითხოვთ ხელისუფლებისგან, შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანოს.

გვესმის რა, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე ვერ გაუმკლავდება ვერც რეგიონალურ და, მით უმეტეს, ვერც გლობალურ გამოწვევებს, მივისწრაფვით რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ და გვსურს, შევხვდეთ სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელობას, რათა შევიტანოთ თუნდაც პატარა, მაგრამ ჩვენთვის შესაძლისი წვლილი რეგიონალური უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის ფორმირებაში.

ბატონო პრეზიდენტი, მოგმართავთ თქვენი დახმარების იმედით და კიდევ ერთხელ გთხოვთ, ერწმუნოთ ჩვენს პატივისცემას თქვენდამი.

წერილს ხელს აწერენ:

  1. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია;
  2. „ქრისტიან-დემოკრატები“ – გრიგოლ ჯოჯუა;
  3. „მემარცხენე ალიანსი“ – იოსებ შატბერაშვილი;
  4. „ქართული მარში“ – სანდრო ბრეგაძე;
  5. „დემოკრატთა ალიანსი“ – სალომე მოსიძე;
  6. „ეროვნული ერთობის პარტია“ – გიორგი ჭინჭარაული;
  7. „მონარქისტული პარტია“ – ირაკლი კობრავა;
  8. „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ – ავთანდილ ველთაური;
  9. „ნეიტრალური საქართველო“ – ვალერი კვარაცხელია;
  10. პოლიტიკური მოძრაობა „დემოკრატიული ცენტრი“ – მიხეილ გიორგობიანი;
  11. პოლიტიკური მოძრაობა „მეფის გვირგვინი“ – ვაჟა აბაშიძე;
  12. პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ – მამუკა ტუსკაძე;
  13. „საქართველოს ემიგრანტთა მსოფლიო ალიანსი“ – ნანა გოგალაძე;
  14. „პროტესტი საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ“ – გიორგი გვასალია;
  15. პოლიტიკური მოძრაობა „არჩევნებისთვის“ – ნანა დევდარიანი;
  16. „სხვადასხვა მოწვევის პარლამენტარების გაერთიანება“ – თამაზ დაუშვილი;
  17. „საქართველოს ერთობა“ – მირიან რთველიაშვილი;
  18. „მოძრაობა სამართლიანობისთვის“ – კარენ ტოპალიანი;
  19. „პოლიტიკურ კვლევათა საზოგადოება“ – ირაკლი ჩიხრაძე;
  20. „დაცული და ინფორმირებული საზოგადოება“ – გიორგი ონიანი;
  21. „გენერლები საქართველოსთვის“ – გურამ ნიკოლაიშვილი;
  22. „ვეტერანთა ლეგიონი“ – მალხაზ თოფურია;
  23. მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის „დიდგორი“ – დავით ოქროპირიძე;
  24. „საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია“ – ირაკლი შიხიაშვილი;
  25. „იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქალაქო ორგანიზაცია“ – ნაურ ჯიქია;
  26. „ლტოლვილების მოძრაობა მშვიდობიანი მომავლისთვის“ – ზაირა ჩარკვიანი;
  27. „ძმები მუსულმანები და ქრისტიანები საქართველოსთვის“ – არჩილ ლეკიშვილი;
  28. „ტოლერანტული საქართველო“ – ნინო კვარაცხელია;
  29. „ეროვნულ უმცირესობათა მოძრაობა“ – ურუზმაგ კარკუსოვი;
  30. „საქართველოს უკრაინელები მშვიდობისთვის“ – ტატიანა მარტინენკო;
  31. „საქართველოში მცხოვრები ოსი ქალების საერთაშორისო ასოციაცია“ – ოლგა ტიგიევა;
  32. „საქართველოს ქურთული კულტურის ცენტრი“ – კახაბერ კალაშოვი;
  33. „ახალგაზრდა პატრიოტები“ – დავით აბაშიძე;
  34. „ახალგაზრდა ლიდერთა ერთობა“ – ანა სახვაძე;
  35. „ახალი თაობა პოლიტიკაში“ – ირაკლი ცხადიაშვილი;
  36. მოძრაობა „დიპლომატები მშვიდობისთვის“ – ოთარ ჭითანავა;
  37. „სახალხო დიპლომატია“ – ნინო ანდრონიკაშვილი;
  38. „ჟურნალისტები სამართლიანობისთვის“ – გიორგი კასრაძე;
  39. ტელერადიოკომპანია „ობიექტივი“ – აკაკი ცილიკიშვილი;
  40. „პროფესორთა ლიგა“ – აკაკი კარტოზია;
  41. მოზარდთა განვითარების ასოციაცია „ბჟალარა“ – იზოლდა ხასია;
  42. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კავშირი“ – მარინა მოლოდინი;
  43. „ანტიმონოპოლიური კავშირი“ – ხვიჩა წკეპლაძე;
  44. „ექიმთა და ფსიქოლოგთა კავშირი“ – ჯუმბერ ბოლღაშვილი;
  45. „ექიმი პოლიტიკის გარეთ“ – ლიანა დოლბაია;
  46. მწერალთა და პოეტთა კავშირი „დიაოხი“ – ერეკლე საღლიანი;
  47. „ისტორიულ კვლევათა ცენტრი“ – ვაჟა ოთარაშვილი;
  48. „მხატვართა და სკულპტორთა გაერთიანება“ – ბუდუ სირბილაძე;
  49. „ხელოვანი ინტელიგენციის უფლებათა დაცვის კავშირი“ – ოთარ მაღრაძე;
  50. „ქართული კულტურის ცენტრი“ – ნათია გამყრელიძე;
  51. „სპორტსმენთა ლიგა“ – მამუკა აფციაური;
  52. „საქართველოს პარა-კარატეს ეროვნული ფედერაცია“ – გიორგი კაკაბაძე;
  53. „კიოკუშინ-კარატეს ფედერაცია“ – გოჩა კაკაბაძე.

ნეიტრალიტეტის განსხვავებული ვარიაცია ინიციატივის დონეზე საქართველოში არაერთხელ დაუყენებია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას. ნეიტრალიტეტი, სამხედრო მიუმხრობლობა, უბლოკო სტატუსი – ეს ყველაფერი მარტივ ენაზე ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას ნიშნავს. სწორედ ამას ითხოვს რუსეთიც, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში არ მიიღონ.

თუ რატომ არ შედის “ნეიტრალიტეტი” საქართველოს ინტერესებში, წაიკითხეთ ნეტგაზეთის მასალები:

NDI-ის ბოლო, 2021 წლის დეკემბრის კვლევით, მოსახლეობის 77 პროცენტი უჭერს მხარს ნატოში შესვლას, პატრიოტთა ალიანსი კი აცხადებს, რომ მათი კვლევა საპირისპირო შედეგს უჩვენებს. თუმცა პატრიოტთა ალიანსის კვლევამ სპეციალისტებში არაერთი შეკითხვა და სკეპტიციზმი გამოიწვია. რამდენად სარწმუნოა „პატრიოტთა ალიანსის“ კვლევა? – ნახეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი