ახალი ამბები

„პატრიოტთა ალიანსის” თქმით, ყოველი მეორე ბათუმელი გამოკითხეს

3 ოქტომბერი, 2019 •
„პატრიოტთა ალიანსის” თქმით, ყოველი მეორე ბათუმელი გამოკითხეს
  • გსურთ თუ არა საქართველომ გამოაცხადოს სამხედრო მიუმხრობლობა?
  • მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით?
  • გსურთ თუ არა საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად?

პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ამბობს, რომ ეს სამი შეკითხვა ბათუმში 77 ათას ადამიანს დაუსვა, ანუ მინიმუმ ყოველ მეორე ბათუმელს.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, ბათუმში 143 925 ამომრჩეველია. გამოდის, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმის მოსახლეობის ნახევარზე მეტი გამოკითხა.

„პატრიოტთა ალიანსმა“, კვლევის დამაჯერებლობისთვის, ბრიფინგი, რომელზეც გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა, ქაღალდის შევსებული ანკეტების ფონზე გამართა.

პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ მათ მიერ გამოკითხულთა 69 პროცენტი, ანუ 53 130 ბათუმელი, მხარს უჭერს საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობას; 75 პროცენტი, 57 750 ბათუმელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია დიალოგით რუსეთთან, გამოკითხულთა 64 პროცენტი, ანუ 49 380 ბათუმელი კი თვლის, რომ „სააკაშვილი-ბოკერიას მმართველობა“ რეჟიმად უნდა გამოცხადდეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ კვლევას რომ ვენდოთ, გამოდის, რომ ბათუმში მხოლოდ 66 925 ადამიანი არ გამოუკითხავთ, სავარაუდოდ, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები, რომელთა საერთო რაოდენობა ბოლო, საპრეზიდენტო არჩევნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მინიმუმ 34 656 ადამიანია [ზუსტად ამდენმა ამომრჩეველმა მისცა ხმა ბათუმში პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მეორე ტურში] და, ასევე, „40 000 თურქი“, რომლებიც, პარტიის ლიდერის, დავით თარხან-მოურავის 2016 წლის განცხადების თანახმად – „ბათუმში ცხოვრობენ“.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „აჭარაში 40 000 თურქის ცხოვრების“ თემას „ალიანსი“ ერთ-ერთ შემაშფოთებელ გარემოებად ასახელებდა. პარტიაში ამბობდნენ, რომ პარტიის კვლევებს ეყრდნობოდნენ და არ სჯეროდათ ოფიციალური სტატისტიკის, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეობა 2005-დან 2016 წლამდე თურქეთის მხოლოდ 5 802 მოქალაქეს მიენიჭა და მათგან უშუალოდ ბათუმში რეგისტრირებული 1252 პირი იყო.

პარტიის ლიდერებს 2 ოქტომბერს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე არ უთქვამთ კონკრეტულად რა მეთოდოლოგიით გამოკითხეს ადამიანები, თუმცა აღნიშნეს, რომ „კარდაკარ იარეს“ და კითხვარში მითითებულია ადამიანების საკონტაქტო ინფორმაცია და საცხოვრებელი მისამართები.

„პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებით, კვლევაში 1082 მოხალისე ინტერვიუერი მონაწილეობდა, რომელთაც 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გამოკითხეს ბათუმელები. „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებით გამოკითხვა ინტერვიუერებმა უფასოდ ჩაატარეს.

  • რამდენად სარწმუნოა „პატრიოტთა ალიანსის“ კვლევა?

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ პროექტების კოორდინატორი, სოციოლოგი ოჩი კონცელიძე ამბობს, რომ პარტიის მიერ წარმოდგენილ კვლევასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს, მათ შორის: რამდენად კვალიფიციურები იყვნენ პირები, რომელთაც გამოკითხვა ჩაატარეს, რა მეთოდით შეარჩიეს რესპოდენტები და ა.შ.

„77 000 ათასი რესპოდენტი რომ გამოკითხო, ამას სჭირდება ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრი. ინტერვიუერებს უნდა ჰქონოდათ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია, რომ ყველა სტანდარტის დაცვით გამოეკითხათ რესპოდენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ 1082 ადამიანს უნდა სცოდნოდა სოციოლოგიური კვლევის სპეციფიკა, მათ შორის, ეთიკური ნორმები, ის, რომ ნეიტრალობა უნდა შეინარჩუნოს კვლევის დროს, არ დასვას მიმართულების მიმცემი შეკითხვები და ა.შ. ეს არის მინიმალური ცოდნა, რაც სჭირდება ინტერვიუერს. 1082 ინტერვიუერის დატრენინგება როდის მოხდა, როგორ, ვინ ჩაუტარა მათ ტრენინგი, არ ვიცი. საუბარია ინტერვიუერების უზარმაზარ რაოდენობაზე, რომელიც საქართველოში არც ერთ კვლევით კომპანიას არ ჰყავს“, – ამბობს ოჩი კონცელიძე.

„პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ კვლევა კარდაკარის პრინციპით და ასევე, სატელეფონო გამოკითხვით ჩატარდა, რაც, სოციოლოგის განმარტებით, დაუშვებელია რაოდენობრივი კვლევის დროს.

„ეს არის მეთოდების აღრევა, რაც არ შეიძლება. არ შეიძლება თან სატელეფონო გამოკითხვა იყოს, თან – კარდაკარ, შემდეგ მიღებული მონაცემები შეაჯამო და გამოიყვანო შედეგი. კვლევაში გამოყენებული უნდა იყოს ერთი მეთოდი, რომ სტანდარტი იყოს დაცული.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რა მეთოდით შეარჩიეს რესპოდენტები. იმისთვის, რომ სანდო იყოს მიღებული მონაცემები, ამას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი შერჩევის სქემის მომზადება. რაოდენობრივ კვლევაში დაუშვებელია ვინც გინდა ის გამოკითხო. მაგალითად, მომინდა ჩემი სამეზობლო გამოვკითხო, ან უბანი, ამით ვერ ვიტყვი, რომ კვლევა ჩატარდა, რადგან შერჩევას აქვს თავისი მეთოდი. ამ წესების დაცვა რაოდენობრივ კვლევებში არის აუცილებელი და უპირობო“, – ამბობს ოჩი კონცელიძე.

სოციოლოგი ასევე დასძენს, რომ კვლევისას კითხვები არ უნდა იყოს დამაბნეველი:

„აქ კითხვარში რასაც ვხედავთ, დასმულია კითხვები, თან მოტანილია რაღაც დებულებები და თან სავარაუდო პასუხები. რაც შეიძლება გამჭვირვალე და მარტივი უნდა იყოს რაოდენობრივ კვლევაში კითხვები“.

რაც შეეხება გამოკითხულთა რაოდენობას, ოჩი კონცელიძე ამბობს, რომ არ არსებობს კვლევა, რომლის ფარგლებში შეიძლება გამოკითხო ნახევარი ქალაქი.

„არავინ არ ატარებს ასეთ კვლევას. ეს იმიტომ არის აბსურდია, რომ შესაძლებელია ბათუმის მასშტაბით 800 რესპოდენტი გამოკითხო და 3-პროცენტიანი ცდომილებით მიიღო შედეგი. საჭიროება არ არსებობს, რომ ამ რაოდენობის რესპოდენტი გამოიკითხოს. აქ უკვე პოლიტიკური მანიპულაციის ამბავია, რომ აი, 800 კი არ გამოვკითხეთ, ნახევარი ბათუმი გამოვიკითხეთ და ნახევარი ბათუმი ფიქრობს ასე. ეს პოლიტიკური აქცენტია“, – ამბობს სოციოლოგი.

  • რა არის „პატრიოტთა ალიანსის“ კვლევის მიზანი?

2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ საყოველთაო გამოკითხვას ბათუმის შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით გააგრძელებენ, შემდეგი ქალაქები იქნება ქუთაისი და ზუგდიდი, ხოლო 2020 წლის გაზაფხულზე უკვე თბილისს გამოკითხავენ. ამის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით გეგმავს შესვლას.

კვლევის პრეზენტაცია ბათუმში ნატოს საბჭოს დელეგაციის ვიზიტის წინა დღეს გაიმართა. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ კვლევის კითხვები რუსი პოლიტტექნოლოგების მიერაა დაწერილი.

„ჩემი აზრით, ეს კითხვარი შედგენილია პირდაპირ მოსკოვში. ეს არ არის ახალი. მსგავსი ტექნოლოგიებით იმუშავა რუსეთმა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ბალტიისპირეთში ცდილობდა შეეჩერებინა ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუ ქუთელიამ.

პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე ამბობს, ძალიან გადაჭარბებულია „პატრიოტთა ალიანსის“ გამოკითხვას კვლევა ვუწოდოთ:

„რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსის პოზიციას ამ საკითხებზე, ეს ახალი არ არის, უბრალოდ მათ სურთ ძირი გამოუთხარონ ძირითად ქვაკუთხედებს, რაზეც დღეს ჩვენი საგარეო პოლიტიკა დგას და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ოპონენტების ჩამოცილების მცდელობაა. საქართველოში თუ პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვა დაიწყება, ბუნებრივია, ეს ქვეყანას გადაუკეტავს დემოკრატიული განვითარების გზას და გაუფუჭებს ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან. ეს არის ამოცანა, „პატრიოტთა ალიანსს“ უნდა რაღაცების გაფუჭება და ამის მცდელობაა ის, რასაც ახლა აკეთებენ“.

ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ ეს აქტივობა შესაძლოა უკავშირდებოდეს 2020 წლის არჩევნებსაც:

„საარჩევნო კამპანიის ნაწილიც არის ნაწილობრივ, რომ აჩვენონ, თითქოს მათ პოზიციებს იზიარებს ბევრი ადამიანი. თუმცა ამას კვლევას ვერ ვუწოდებთ. თქმა არ ნიშნავს ფაქტს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი