ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს უყენებენ.
დაცვის მხარის ცნობით, ამჯერად პროკურატურა პოლიტიკოსს იმ სასამართლოს უპატივცემულობას ედავება, “რომელმაც აბსურდული ბრალისთვის 13 წელი მიუსაჯა”.
პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის მიწოდებული ინფორმაციით, საქმე ეხება სასამართლოში დაკითხული მოწმის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პატიმრობაში მყოფი ალეკო ელისაშვილისთვის, ახალი ბრალის წარდგენა იგეგმება ხვალ, 31 ივლისს, 13:00 საათზე, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში.
ზემოხსენებული მუხლი გულისხმობს სასამართლოს უპატივცემულობას, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
დაცვის მხარის თანახმად, ალეკო ელისაშვილმა პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები ცრუ მოწმეობაში და მისი ბრალის დასამძიმებლად განზრახ ნათქვამ ტყუილში ამხილა. “ასევე, მას იმ მოწმე პოლიციელის (ოცმეთაურის) შეურაცხყოფას ედავებიან, რომელსაც ალეკო ელისაშვილი სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც. სავარაუდოდ ბრალდების მხარე სწორედ სასამართლოში მოწმე პოლიციელის ჩვენების სიცრუეში მხილებას თარგმნის სასამართლოს უპატივცემულობად და ელისაშვილის ბრალს კიდევ უფრო ამძიმებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიზანმიმართულ, უსამართლო და უკანონო დევნას”.
ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარე ერთი ეპიზოდის განხილვა სასამართლოში დასრულდა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება 10 ივლისს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. მუხლი, რომლითაც ალეკო ელისაშვილს ასამართლებდნენ, 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ელისაშვილს, რომელიც გიორგი გელაშვილს გაძევებული ჰყავდა სასამართლოს უპატივცემულობის საბაბით, ბოლო სხდომაზე დასწრებისა და საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მისცეს. დაახლოებით 2 თვეა ალეკო ელისაშვილს სასამართლოში განცხადება აღარ გაუკეთებია. თუმცა მას საბოლოო სიტყვის დასრულების საშუალება მაინც არ მიეცა და დარბაზიდან ისევ გააძევეს. შეგახსენებთ, რომ ელისაშვილს ედავებიან 2025 წლის 29 ნოემბერს, შაბათს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცალკე მდგომ, დამხმარე ე.წ. კანცელარიის შენობაში ცეცხლის წაკიდების მცდელობას.
გარდა ამისა, 30 მარტს მას ახალი ბრალიც წაუყენეს, თითქოს, ელისაშვილმა 2025 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძარი გააჩინა. ელისაშვილი უარყოფს, რომ შარშან მაისში მომხდარ ინციდენტზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში თვითონაა.
