ახალი ამბები

„ფეიკის“ სამყაროში გვაცხოვრებენ და ყვირიან, მუზეუმს ანგრევენო – წულუკიანი

3 დეკემბერი, 2021 • 1131
„ფეიკის“ სამყაროში გვაცხოვრებენ და ყვირიან, მუზეუმს ანგრევენო – წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ის ადამიანები, ვინც ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით არსებულ სიტუაცის აკრიტიკებენ, ადამიანებს „ფეიკის“ სამყაროში აცხოვრებენ. ამის შესახებ მან დღეს, 3 დეკემბერს, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას ისაუბრა.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს პროექტის შემუშავება, რომ კონსტრუქტორების მიერ შენობის გადარჩენა შეძლონ.

„რაც შეეხება შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმს, ამაზე მე არ დავკონკრეტდები დიდხანს იმიტომ, რომ არ ვთვლი საჭიროდ იმ ადამიანების პასუხს, რომლებსაც მაშინ, როცა მე ვიდექი ქუჩაში რუპორით ხელში კულტურის სამინისტროს კიბეებზე და ვყვიროდი, რომ ბატონი შალვა ამირანშვილის მუზეუმი ცუდ დღეშია-მეთქი, მაშინ ისხდნენ კაბინეტებში, თანამშრომლობდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ჭამდნენ ბატი-ბუტს, ალბათ. მათთან პოლემიკაში არ შევალ.

დიახ, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენ, ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნება აღდგენილი. ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის შემუშავება კონსტრუქტორების მიერ იმისათვის, რომ ჩვენ დავინახოთ, რა ფორმით არის კოლაფსის პირობებში მყოფი შენობის გადარჩენა შესაძლებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

ჩვენ ხელოვნების სასახლისთვის რამდენიმე კვირისთვის შევიძინეთ ახალი შენობა. ეს იმათთვის საპასუხოდ, ვინც ამბობს, რომ ჩვენ მუზეუმებს ვანგრევთ. ისე კარგად ვანგრევთ, რომ შენობაც ვიყიდეთ და რომ არა ამ შენობის ყიდვა, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების კოლექციები ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ და იქნება ამ შენობაში განთავსებული“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამის შემდეგ წულუკიანს „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა უთხრა, რომ მან საკითხზე „გარბენით“ ისაუბრა, რაზეც წულიკიანმა უპასუხა:

„თქვენ მითხარით, გარბენით რატომ ახსენეო. მე გარბენით ვახსენე ის უმნიშვნელოვანესი, რაც მინდოდა მეთქვა, რომ სხვადასხვა ტიპის უსინდისო სპეკულაციებისთვის დამესვა წერტილი, რომელიც გულისხმობს, რომ თითქოს ჩვენ ხელოვნების მუზეუმს ვანგრევთ.

ჩვენ ხელოვნების მუზეუმს არ ვანგრევთ. დღეს ვინც ყვირის, რომ არ დაანგრიოო, სწორედ ისინი ანგრევდნენ, როდესაც მე და ჩემისთანები, დაცინვით რომ ქუჩის ოპოზიციონერებს გვეძახდნენ, მოვიღერებდით რუპორსა და კულტურის სამინისტროს წინ ვმართავდით საპროტესტო აქციებს, რომელსაც დასცინოდნენ. დღეს „ფეიკის“ სამყაროში გვაცხოვრებენ და ყვირიან, მუზეუმს ანგრევენო, ისინი, ვინც მუზეუმს ანგრევდა ან მუზეუმი რომ ინგრეოდა, ხმას არ იღებდა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი