ახალი ამბები

ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად ონლაინ პეტიცია შეიქმნა

9 აგვისტო, 2021 • 1306
ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად ონლაინ პეტიცია შეიქმნა

საინიციატივო ჯგუფმა „ხელოვნების მუზეუმისთვის“ ონლაინ პეტიცია შექმნა იმ მოქალაქეებისთვის, ვინც შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის გადარჩენას მხარს უჭერს.

ხელომოწერების შეგროვება 5 აგვისტოს პუშკინის სკვერში გამართული აქციის დროს დაიწყო და 16 აგვისტომდე გაგრძელდება. პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ საქართველოს პარლამენტისგან, რომ მაქსიმალურად დაინტერესდეს მიმდინარე მოვლენებით და უზრუნველყოს როგორც საჯაროობა, ასევე, საპარლამენტო კონტროლის ეფექტური განხორციელება.

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ:

1. მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტების მონაწილეობით, უზრუნველყოს ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების და რესტავრაციის პროექტის შესრულება. ინფორმაცია აღნიშნული პროცესის შესახებ ყველა ეტაპზე იყოს ღია და ხელმისაწვდომი;

2. წარმოადგინოს სამუზეუმო ფონდების და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების და ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილის მითითებით. უზრუნველყოფილი იყოს როგორც აღნიშნული პროცესის საჯაროობა, ისე პროფესიული საზოგადოების ჩართულობა;

3. პროცესს ჩამოშორდნენ არასათანადო კვალიფიკაციის ჩინოვნიკები, ვინც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ, ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრებისა და რესტავრაციის და შენობაში ხელოვნების მუზეუმის დაბრუნების საკითხს;

სამინისტროს მხრიდან პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა კვლევის, ან ვისი პროფესიული რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეროვნული მუზეუმის, როგორც ერთიანი ინსტიტუციის დაშლისკენ მიმართული გადაწყვეტილება.

ასევე, აღნიშნულ განცხადებაზე ხელისმომწერ ადამიანებს მიგვაჩნია, რომ შესაბამის პოზიციებზე დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს ყველა ის პირი, ვინც ბოლო გადაწყვეტილებებით უკანონონდ და დაუსაბუთელბლად გათავისუფლედნენ დაკავებული თანამდებობიდან“, – წერია პეტიციაში.


„სავარაუდოდ, არ იქნება რენტაბელური“, – ასე აფასებს კულტურის სამინისტრო შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის შენობის ნაწილის გამაგრების პერსპექტივას.

ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ისტორიული შენობაა, რომელიც თბილისს დღემდე შემორჩა, თუმცა, სამინისტროს დასკვნის თანახმად, ახლა სავალალო მდგომარეობაშია.

მუზეუმი, სადაც 2021 წლამდე 30 ათასზე მეტი ექსპონატი ინახებოდა, ახლა თითქმის ბოლომდე გამოცარიელებულია. სამინისტრო ნგრევაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ იწყებს ექსპონატების ევაკუაციას. ექსპერტები კი აქტივისტები მოითხოვენ, რომ ეს ისტორიული შენობა გადარჩეს.

3 აგვისტოს მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში განთავსებულ ექსპონატების გატანას ორ ახლომდებარე სივრცეში განიხილავენ, შემდეგ კი განახლებულ მუზეუმში დააბრუნებენ.

ამის პარალელურად, საქართველოს საპატრიარქომ ირაკლი ღარიბაშვილს ანჩისხატის ეკლესიისთვის დაბრუნება სთხოვა. ანჩისხატი წლების განმავლობაში სწორედ შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში ინახებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი