საზოგადოება

რა ხდება ყაზახეთში – მოკლედ

10 იანვარი, 2022 • 3262
რა ხდება ყაზახეთში – მოკლედ

ყაზახეთში 2022 წელი არეულობითა და ანტისამთავრობო გამოსვლებით დაიწყო, რაც საბოლოოდ დაგვირგვინდა რუსეთისა და რუსეთის მოკავშირეების მიერ ქვეყანაში სამშვიდობოების გაგზავნით.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ქვეყანაში არეულობას, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვიცაა. პროტესტის შემდეგ დააკავეს 5 135-ზე მეტი ადამიანი და პირველადი დათვლებით, ზარალის ოდენობა 200 მილიონი აშშ დოლარია, რაც მოსალოდნელია, რომ დაზუსტების შემდეგ გაიზრდება.

რა მიზეზებითაა გამოწვეული კრიზისი ყაზახეთში, როგორ უპასუხა ხელისუფლებამ მოსახლეობის მოთხოვნებს, შეიცვალა თუ არა მმართველი ელიტები და რა გავლენა ექნება რუს სამხედროებს ქვეყნის მომავალზე?

ნეტგაზეთი შეეცადა ამ კითხვებზე პასუხები ეპოვა.

პროტესტის ქრონოლოგია და მოთხოვნები

ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს ქვეყნის დასავლეთში, მანგისთაუს ოლქის ქალაქ ჟანაოზენში, თხევადი აირის ფასის გაზრდის წინააღმდეგ და ძველი ფასის აღდგენის მოთხოვნით დაიწყო.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ყველა სფეროს, განსაკუთრებით კი საწვავისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიას, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და ერის ლიდერის, ნურსულთან ნაზარბაევის ოჯახის წევრი თიმურ კულიბაიევი აკონტროლებდა და ფასების გაზრდაც სწორედ მონოპოლიური გადაწყვეტილებით იყო გამოწვეული.

პროტესტის მონაწილეთა თანახმად, ნურსულთან ნაზარბაევი, საკუთარ ოჯახთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად აღარ იყო ქვეყნის მმართველი და 5 იანვრამდე მხოლოდ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა, კვლავ ჩრდილოვან მმართველად რჩებოდა, ხოლო ამჟამინდელი პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი მისი მარიონეტი იყო.

სწორედ ამიტომ, საწვავის გაიაფების მოთხოვნით დაწყებული აქციები მალევე გადაიზარდა ანტისამთავრობო დემონსტრაციებში.

გარდა სოციალური მოთხოვნებისა, აქციის მონაწილეები ქვეყანაში დემოკრატიულ რეფორმებს, პარლამენტის დათხოვნასა და ახალ არჩევნებსაც მოითხოვდნენ.

დემონსტრანტები არბევენ სამთავრობო შენობებს

4 იანვარს საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვა, მცირე და დიდ ქალაქებსაც მოედო, მათ შორის აქციები დაიწყო ყაზახეთის უდიდეს ქალაქსა და ყოფილ დედაქალაქში – ალმათში, რომელიც ქვეყნის ფინანსურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს.

საპასუხოდ, ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა უკან დაიხია და პროტესტის მონაწილეთა თავდაპირველი მოთხოვნა შეასრულა, ანუ საწვავზე ძველი ფასი აღადგინა, ხოლო მომდევნო დღეს, 5 იანვარს, მთავრობაც გადააყენა.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა.

მომიტინგეებმა, შეძახილებით, „მოხუცი უნდა წავიდეს“ (იგულისხმება 81 წლის ნურსულთან ნაზარბაევი), 5 იანვარს დაიწყეს ნაზარბაევის ძეგლების დაზიანება და სამთავრობო შენონების დაკავება. საპასუხოდ, ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და გათიშა ინტერნეტი.

იმავე საღამოს ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა დასახმარებლად, ხოლო ღამის საათებში მომიტინგეთა წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიწყო.

6 იანვარს ქვეყანაში დაიწყო რუსეთის, სომხეთის, ბელარუსისა და ტაჯიკეთის ძალების გაგზავნა, მოგვიანებით მათ ყირგიზული ძალებიც შეუერთდა. ხოლო 7-ში თოყაევმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უმეტესად აღდგენილი იყო წესრიგი.

ვინ არიან დემონსტრანტები 

ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ერჟან კაზიხანის განცხადებით, 2 იანვარს საპროტესტო აქციები „მშვიდობიანმა მოქალაქეებმა“ დაიწყეს, რომლებიც საწვავის ფასის გაზრდას აპროტესტებდნენ, რაც მოგვიანებით გამოიყენეს „ადგილობრივმა და უცხოურმა ტერორისტულმა ჯგუფებმა, რომლებიც უცხო ენებზე საუბრობენ“.

მისი განცხადებით, პროტესტის მონაწილეები თავს დაესხნენ ალმათის აეროპორტს, საჯარო შენობებს, სამართალდამცავებს და სამოქალაქო პირებს, რაც მათ შეთანხმებულად მოქმედებას უსვამს ხაზს. მისი განცხადებით, ექსტრემისტებმა თავი მოკვეთეს ორ ახალგაზრდა ჯარისკაცსაც.

„მათი კრიმინალური მოქმედებები გამოიხატა დაუმორჩილებლობაში, მაროდიორობაში, გაუპატიურებასა და მასობრივ ძალადობაში“, – განაცხადა კაზიხანმა.

თოყაევმა საკუთარი ტვიტერის ანგარიშით განაცხადა, რომ „სიტუაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ყაზახეთში მიმდინარეობდა შეიარაღებული აგრესია, რომელიც იყო კარგად მომზადებული და შეთანხმებული დამნაშავეებისა და ტერორისტული ჯგუფების მიერ, რომლებიც საზღვარგარეთ იყვნენ გაწვრთნილები“.

როგორც ყაზახეთის პრეზიდენტი ამბობს, საკუთარი ნაქვამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს საერთაშორისო საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს.

ყაზახეთის ოპოზიციური ჯგუფების თანახმად, ხელისუფლება ცდილობს საკუთარი ნარატივის დამკვიდრებას, რომ დემონსტრაციები არა დემოკრატიული მოთხოვნებით, არამედ ექსტრემისტული მიზნებით გაიმართა.

ყაზახეთის სახელმწიფო მედიასაშუალებამ „QAZAQSTAN-მა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება დაზიანებები სახისა და თავის არეში, აცხადებს, რომ არის ყირგიზეთის მოქალაქე და პროტესტში მონაწილეობისთვის 200 აშშ დოლარი გადაუხადეს.

„რადგანაც უმუშევარი ვარ, დავეთანხმე ამას (შემოთავაზებას). 2 იანვარს გავემგზავრე ალმათში, მათ მე წამიყვანეს საცხოვრებელში, სადაც ასევე იყვნენ უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეებიც“, – აცხადებს იგი ვიდეოში.

ვიდეო მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში, სადაც მოქალაქეებმა მამაკაცი ამოიცნეს. ის აღმოჩნდა ყირგიზი მომღერალი ვიკრამ რუზახუნოვი.

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის, კამჩიბექ თაშიევის განცხადებით, მომღერლის დაკავება წარმოადგენს თავდასხმას ყირგიზეთზე.

„მათ დაიწყეს ჩვენი მოქალაქეების ჩვენება, მეტიც, ძალიან აღიარებული მოქალაქის – მომღერლის ჩვენება. მისი ტერორისტად წარმოჩენა ჩვენზე თავდასხმაა“, – განაცხადა ყირგიზმა ძალოვანმა.

შიდა დაპირისპირება თუ მოჩვენებითი პოლიტიკა

პროტესტის პარალელურად, თოყაევმა უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციიდან გადააყენა ნურსულთან ნაზარბაევი და ეს პოსტი თავადვე გადაიბარა.

პრეზიდენტს არ დაუსახელებია, დაიკავებს თუ არა ყოფილი პრეზიდენტი რაიმე სხვა პოზიციას მთავრობაში.

იმავე მიმართვაში თოყაევმა განაცხადა, რომ აქციების მონაწილეები „ბანდიტები, მძარცველები და ტერორისტები“ იყვნენ, იგი არ აპირებდა ნურ-სულთანის (წარსულში ასტანა/ცელინოგრადი) დატოვებას და იმედი ჰქონდა, რომ ხალხი მხარს დაუჭერდა.

თოყაევმა ასევე გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი ქარიმ მასიმოვი, მოგვიანებით კი მასიმოვი დააკავეს. მას წარსულში რამდენიმეჯერ ეკავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტიც და გათავისუფლებამდე ნურსულთან ნაზარბაევის ბანაკის წევრად ითვლებოდა.

მასიმოვს გადაყენების შესახებ საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა Eurasianet-ის თანახმად, რომელიც სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ამბებს აშუქებს, მისმა უკმაყოფილებამ, შესაძლოა, თოყაევის მთავრობას პრობლემები შეუქმნას.

პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელად მისდამი ლოიალური ერმეკ საგიმბაიევი დანიშნა, რომელსაც სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს.

ქვეყანაში მთავრობის გადაყენება, რაც, ერთი მხრივ, დემონსტრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილებად შეიძლება შეფასდეს, თოყაევმა კვლავ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენა.

მან ამ პოზიციაზე ნაზარბაევისადმი ლოიალური ასკარ მამინი საკუთარი კადრით – ალიხან სმაილოვით ჩაანაცვლა.

Eurasianet-ის თანახმად, თოყაევი ცდილობს ძალოვან სტრუქტურებში მისდამი ლოიალური პირები დანიშნოს მაღალ თანამდებობებზე, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს თოყაევის მიერ ნაზარბაევისადმი ლოიალობის დასასრულსა და საკუთარი პოზიციების გაძლიერებას.

რუსული დახმარება

ყაზახეთში უკვე დაიწყეს მოქმედება რუსულმა, სომხურმა, ბელარუსულმა, ტაჯიკურმა და ყირგიზულმა ძალებმა, რომლებიც ქვეყანაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ეგიდით მოხვდნენ.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ამჟამინდელი თავმჯდომარის, სომხეთის პრეზიდენტ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ორგანიზაციამ იხელმძღვანელა წესდების მე-4 მუხლით, რაც „წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში, ყველა სხვა წევრ სახელმწიფოს ავალდებულებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ საჭირო დახმარება, მათ შორის სამხედრო კუთხითაც“.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მიერ დომინირებულმა ორგანიზაციამ,  საკუთარი მანდატის ფარგლებში, ერთ-ერთი წევრის მიმართვის საფუძველზე სამხედრო ინტერვენციას მიმართა, თუმცა ამჯერად, გარდა ყაზახეთის მთავრობის განცხადებისა, სხვა ტიპის მტკიცებულება არ არსებობს, რომ ქვეყანაზე საგარეო თავდასხმა მოხდა.

ორგანიზაციის თანახმად, უცხოელი სამხედროები არ ჩაერთვებიან ანტიტერორისტულ ოპერაციაში ან დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში. ისინი ყაზახეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეზღუდული დროით არიან მივლენილი.

Eurasianet-ის თანახმად, რუსული ჯარების მოწვევა, შესაძლოა, თოყაევის მიერ საკუთარი პოზიციების გაძლიერებით აიხსნებოდეს.

ყაზახეთში შესვლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია პოსტსაბჭოთა 15 რესპუბლიკიდან უკვე 10-ში საკუთარი სამხედრო ძალებითაა წარმოდგენილი.

რუსეთს სამშვიდობო ძალები ჰყავს მოლდოვაში, აზერბაიჯანში და ახლა უკვე ყაზახეთშიც, ასევე აქვს სამხედრო ბაზები სომხეთში, ტაჯიკეთში, ბელარუსსა და ყირგიზეთში. რუსეთი აკონტროლებს უკანონო სამხედრო ბაზებს საქართველოსა და უკრაინაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი