ახალი ამბები

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველომ რამდენიმე შეთანხმება გააფორმა

27 ოქტომბერი, 2023 • 1496
აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველომ რამდენიმე შეთანხმება გააფორმა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველომ შეთანხმებები გააფორმა შუა დერეფნის განვითარებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების კვალიფიკაციის აღიარების საკითხებზე.

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის ცნობით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი კომპანიის შექმნას, რომელიც ჩინურ ტვირთებს მოემსახურება.

„გაცხადებული გვქონდა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდებოდა ერთობლივი კომპანია, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნდებოდა და მოემსახურებოდა ჩინეთიდან მომავალ კონტეინიზირებულ ტვირთებს. დღეს, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ხელი მოეწერა აღნიშნული კომპანიის დაფუძნებას, რაც მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგია შუა დერეფანში კოორდინაციისა და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე გამოყო საქართველო-კატარის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ. ლევან დავითაშვილის თქმით, ეს საშუალებას მისცემს ქართველ მეზღვაურებს, მათი კვალიფიკაცია აღიარებული იყოს კატარის სახელმწიფოს მხრიდან და ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას.

საქართველოს მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარებასთან დაკავშირებით მემორანდუმები გაფორმებული აქვს მსოფლიოს 73 ქვეყანასთან.

გარდა ამისა, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა დამატებებს 2022 წლის 25 ნოემრის შეთანხმებაში, რომელიც 2022-2027 წლებში შუა დერეფნის განვითარების საგზაო რუკას შეეხება.

აღნიშნული დოკუმენტით განისაზღვრა ახალი ღონისძიებები ინფრასტრუქტურის განვითარების და სატრანსპორტო გადაზიდვების ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით.

„საგზაო რუკას“ 2022-27 წლებისთვის 2022 წლის 25 ნოემბერს ხელი მოეწერა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის შეხვედრაზე, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიზნით გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი