ახალი ამბები

ჩხოროწყუში “ოცნების” კანდიდატს ოპოზიციიდანაც მისცეს ხმა

9 დეკემბერი, 2021 •
ჩხოროწყუში “ოცნების” კანდიდატს ოპოზიციიდანაც მისცეს ხმა

ჩხოროწყუს ოპოზიციური საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა იმაზე მეტი ხმა მიიღო, რამდენი წევრიც ჰყავს “ოცნებას”. ეს იმას ნიშნავს, რომ “ოცნების” კანდიდატს ხმა ოპოზიციიდან მისცეს, თუმცა უცნობია, ვინ გააკეთა ეს. ამასთან, ოპოზიციის ერთი წევრის ბიულეტენი გაფუჭდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხმა ოპოზიციის კანდიდატმა ვერ მიიღო.

ჩხოროწყუს საკრებულო 27 წევრისგან შედგება. არჩევნების შედეგად 12 მანდატი “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, ხოლო ოპოზიციამ ჯამურად – 15.

  • „ქართული ოცნება“ – 12
  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 7
  • „საქართველოსთვის“ – 7
  • „ლელო“ – 1

საკრებულოს თავმჯდომარის დანიშვნას 14 წევრის ხმა სჭირდება. თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 26-მა დეპუტატმა. აქედან 13-მა ხმა მისცა “ქართული ოცნების” კანდიდატ ჯუმბერ იზორიას, 12-მა — პარტიის “საქართველოსთვის” კანდიდატ შოთა წურწუმიას, ერთი ბიულეტენი კი, რომელშიც ორივე კანდიდატი იყო შემოხაზული, გაბათილდა. სხდომას კოვიდრეგულაციების გამო არ ესწრებოდა ენმ-ის წევრი რამაზ გულუა.

“ნაციონალურ მოძრაობა” არ მიიღებს განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას. ჩვენ 7-ვე კანდიდატში და “ლელოში” ვართ 100%-ით დარწმუნებული. არ ვიცი, გახარიას გუნდში რა მოხდა. ზუსტად ვიცი, ჩვენი გუნდიდან არავის არც ბიულეტენი გაუფუჭებია, არც “ქართული ოცნებისთვის” მიუცია ხმა. გამოდის, რომ ვიღაც გაიყიდა. ხელახალი კენჭისყრაში ვინც [ოპოზიციიდან] მიიღებს მონაწილეობას, ის ავტომატურად გაყიდული იქნება და გადააბიჯებს ჩხოროწყუს მოსახლეობის 68%-ს”, — განაცხადა ენმ-ის წევრმა ოთარ შენგელიამ.

პარტია “საქართველოში” უარყოფენ, რომ “ოცნებას” მათი რიგებიდან დაუჭირეს მხარი.

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვაშიშვლებთ ამ ორივე პარტიას და თქვენ თვითონ განსაჯეთ, ეს ადამიანები თანამშრომლობენ თუ არა ერთმანეთთან და გაიყიდნენ თუ არა. ჩვენ ჩვენივე თავს ხომ ვერ დავაღალატებდით?! იქ იყვნენ წარმოდგენილნი “ნაციონალური მოძრაობიდან” და “ლელოდან”. მაინცდამაინც ხელს ვერავინ დავადებთ, მაგრამ პარტია “შაქართველოსთვის” ეჭვი ერთი წამით არ შეგვაქვს, ერთსულოვანი და მყარი გუნდი ვართ”, — განაცხადა შოთა წურწუმიამ და დასძინა, რომ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

შედეგად, სხდომაზე კვორუმი არ შედგა და განმეორებითი კენჭისყრა, რომელშიც ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატი მიიღებდა მონაწილეობას, არ გაიმართა. საკრებულოს სხდომა გადაიდო.

გუშინ, 8 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გახარიას პარტიას შესთავაზა, რომ მხარს დაუჭერდა მათ კანდიდატებს ოპოზიციური საკრებულოების თავმჯდომარის პოსტებზე, თუკი საკრებულოებში სხვადასხვა თანამდებაზე ოპოზიციონერები დაინიშნებიან და არა „ქართული ოცნების“ წევრები.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი