ახალი ამბები

წალენჯიხის საკრებულოს წევრმა გახარიას პარტია დატოვა

24 ოქტომბერი, 2021 • 8753
წალენჯიხის საკრებულოს წევრმა გახარიას პარტია დატოვა

პარტია „საქართველოსთვის“ სიით წალენჯიხის საკრებულოს არჩეულმა წევრმა ნანა ლემონჯავამ გიორგი გახარიას პარტია დატოვა. ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატი განცხადებას პირად „ფეიბუკ“ გვერდზე ავრცელებს.

ნანა ლემონჯავას თქმით, გახარიას პარტიაში გაწევრიანების მიზანი და მიზეზი იყო მის თანამოაზრეებთან ერთად დაესრულებინა პორალიზებული პოლიტიკური გარემო:

“გიორგი გახარიას პარტიაში ბევრი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანია გაერთიანებული, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომლებსაც გულანთებულად უყვართ თავიანთი სოფელი, ქალაქი და სამშობლო, მაგრამ არსებობს თემები და წითელი ხაზები, რომლებიც ყველას ერთად გვაერთიანებს. ერთ-ერთი ასეთი წითელი ხაზი, როგორც ყოფილი პრემიერი სწორად შენიშნავს ხოლმე, არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია, თანამშრომლობა.

პრემიერის ამ პოზიციას ვიზიარებ და ვუერთგულებ ბოლომდე, თუმცა ვხედავ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წალენჯიხის შტაბი ღალატობს იდეას, პარტიას და პარტიის ლიდერს. მათ აშკარად აირჩიეს პარტიისთვის და ჩემთვის მიუღებელი გზა. მაქვს ყველა ნიშანი თუ ინდიკატორი, რომელიც აღნიშნულს ადასტურებს. მე ღიად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია იქ და იმ ხალხთან, სადაც საჭირო იყო. დღეს კი მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ” – ამბობს ლემონჯავა.

მისი თქმით, ის დარჩება წალენჯიხის საკრებულოში და საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს:

„მე ვიღებ ხალხისგან მონიჭებულ მანდატს, მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, მე მზად ვარ ვიმუშაო ჩემი ქალაქისა და ხალხისთვის, მაგრამ მე ვტოვებ პარტიას „საქართველოსთვის“ სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებთან ადგილობრივ დონეზე ვერ ვხედავ საბოლოო მიზნის მიღწევის შესაძლებლობებს. და ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ, როგორ დამოუკიდებელი დეპუტატი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში“ – ამბობს ლემონჯავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი