ახალი ამბები

საკრებულოებში ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია კენჭისყრით – გახარიას გუნდის ინიციატივა

13 დეკემბერი, 2021 • 1124
საკრებულოებში ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია კენჭისყრით – გახარიას გუნდის ინიციატივა

გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება მოახდინეს, რომელიც ითვლისწინებს საკრებულოებში ყველა გადაწყვეტილების ღია კენჭისყრით მიღებას. ამის შესახებ პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა დღეს, 13 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ვინაიდან საკრებულოებში თანამდებობის პირთა არჩევა ამ დღეებში მიმდინარეობს, კანონპროექტის ინიციატორები მისი დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, სააშკარაოზე გამოვიდეს „ოცნების“ უკანონობა, ხოლო, მეორე მხრივ, გამოირიცხოს სხვადასხვა პარტიის მიერ სპეკულაციები და გაიზარდოს საკრებულოს წევრთა კეთილსინდისირების და მათი საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია კენჭისყრით, მათ შორის, როდესაც გადაწყვეტილება ეხება პირის თანამდებობაზე არჩევას, თანამდებობიდან გადაყენებას თუ უნდობლობის გამოცხადებას“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პარტიის საკანონმდებლო ინიციატივას წინ უძღოდა იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარის ვერ არჩევა, სადაც „ქართულ ოცბნებას“ საკმარისი რაოდენობის დეპუტატები არ ჰყავს. ერთ-ერთი ასეთი იყო ჩხოროწყუს ოპოზიციური საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები, სადაც “ქართული ოცნების” კანდიდატმა იმაზე მეტი ხმა მიიღო, რამდენი წევრიც ჰყავს “ოცნებას”. ეს იმას ნიშნავს, რომ “ოცნების” კანდიდატს ხმა ოპოზიციიდან მისცეს, თუმცა უცნობია, ვინ გააკეთა ეს. ამასთან, ოპოზიციის ერთი წევრის ბიულეტენი გაფუჭდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხმა ოპოზიციის კანდიდატმა ვერ მიიღო.

ჩხოროწყუს საკრებულო 27 წევრისგან შედგება. არჩევნების შედეგად 12 მანდატი “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, ხოლო ოპოზიციამ ჯამურად – 15. თუმცა ამ დრომდე ოპოზიციური პარტიების არცერთი წევრი არ ადასტურებს, რომ  ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცა.

ჩხოროწყუში “ოცნების” კანდიდატს ოპოზიციიდანაც მისცეს ხმა

მასალების გადაბეჭდვის წესი