ახალი ამბები

რამაზანოვი დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

10 დეკემბერი, 2021 •
რამაზანოვი დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

რამიზ რამაზანოვი, დმანისის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი, რომელიც ენმ-ს წარმოადგენდა მაჟორიტარულ ოლქში, დღეს საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს.

იგი დამოუკიდებელი წევრის სტატუსით მივიდა და ენმ-ის ბოიკოტს არ შეუერთდა.

„არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. ასე გადავწყვიტე მე პირადად… მე გადავწყვიტე, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი გავხდე“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

კითხვაზე, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, უპასუხა:

„იმიტომ, რომ საჭიროა ეს ჩემი ხალხისთვის. 1000-მა კაცმა რომ ხმა მომცა, ამ ხალხის წინაშე ვალდებული ვარ“.

დამატებითი კითხვაზე, – წინა სხდომაზე ასე არ ფიქრობდა და დღეს რატომ გაემიჯნა ოპოზიციის ბოიკოტს, განაცხადა:

„ასეა საჭირო… ადამიანი ხომ რაღაცას ფიქრობს, ბოლო გადაწყვეტილება ასეთი მივიღე“.

კონტექსტი

რამიზ რამაზანოვი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დმანისის #9 მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს. მან პირველივე ტურში დაამარცხა კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ და ოფიციალური მონაცემებით, ხმათა 60.546% მოიპოვა.

დმანისის საკრებულოში სულ 30 ადგილია. მანდატების რაოდენობა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის თანაბრად ნაწილდება.

მმართველ პარტიას 15 მანდატი აქვს, „ნაციონალური მოძრაობას“ — 13, პარტია „პროგრესს“ — 1, საკრებულოს კიდევ ერთი ახლად არჩეული წევრი კი დამოუკიდებელი დეპუტატია.

იმისათვის, რომ ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნილიყო, საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი იყო საჭირო.

10 დეკემბერს სხდომაზე რამაზაონვის მისვლით საკრებულო შეიკრიბა.

საკრებულოს სხდომაზე იგი საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს.


9 დეკემბერს ოპოზიციის წევრები აცხადებდნენ, რომ რამაზანოვზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი და მას ვერ პოულობდნენ.

ენმ-ის წარმომადგენელი ლევან მოსეშვილი ამბობდა, რომ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე რამაზანოვი „კონტაქტზე არ გამოდიოდა აღარც მეგობრებთან, აღარც ნათესავებთან“.

„გავიგე, რომ სახლთან ყარაულობდნენ, დარაჯობდნენ სუსი და ე.წ. ქუჩის ბიჭები, რომ ჩვენამდე არ მოსულიყო. სავარაუდოდ, ტელეფონი წართმეული ჰქონდა, როგორც დავადგინე მერე. სამსახურში დილით რომ წავიდოდა, სულ ყველა მიჰყვებოდა, მერე სამსახურთან ელოდებოდნენ და მერე, რომ მორჩებოდა, ისევ სახლამდე [აცილებდნენ] და მთელი ღამე ყარაულობდნენ“, — გვითხრა მოსეშვილმა.

მოსეშვილის თქმით, მასთან პირად საუბარში, სკოლის ეზოში, რამაზანოვმა მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე ილაპარაკა: „გუბერნიაში ჩემი ნების საწინააღმდეგოდ წამიყვანესო, შემაშინესო, მეუბნებოდნენ, რომ ივანიშვილამდეა შენი საქმე მისული, გუბერნატორის მოადგილეც იქ იყოო. მაშინებდნენ, დაგიჭერთ, თუ არ მიხვალ სხდომაზეო“.

ამ საუბრის შემდეგ, მოსეშვილის მტკიცებით, ადგილზე უცნობი პირები მივიდნენ, რამაზანოვს „ხელი მოჰკიდეს და წაიყვანეს“.

ლევან მოსეშვილთან საუბრის შემდეგ „ნეტგაზეთმა“ რამიზ რამაზანოვთან დაკავშირება მოახერხა. იგი  სატელეფონო საუბრში ამბობს, რომ მასზე ზეწოლა არ ყოფილა.

მართალია, ადასტურებს, რომ ლევან მოსეშვილმა სკოლაში მიაკითხა და ისაუბრეს, თუმცა უარყოფს, რომ ადგილიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს უცნობმა პირებმა.

  • „ანუ ვიღაც კაცები თქვენს სკოლაში არ მოსულან?“ — ვკითხეთ რამაზანოვს, რაზეც გვიპასუხა:
  • „არა. იყვნენ, მაგრამ ეგეთი რამე არ არსებობს…“

ამასთან, „ნეტგაზეთთან“ საუბარში 9 დეკემბერს ის ამბობდა: „მე ვარ ნაციონალური მოძრაობიდან არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი. ხვალ იქნება თუ ზეგ იქნება ჩვენი სხდომა, თუ ნდობის [გამოცხადება] იქნება, იმის მერე ვიქნები საკრებულოს წევრი იქიდან, საიდანაც ვარ არჩეული“.

რამიზ რამაზანოვზე ზეწოლას სუს-ში უარყოფენ. უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ კომენტარს არ აკეთებენ „დაუსაბუთებელ ბრალდებებზე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი