საზოგადოება

ბათუმის საკრებულოს არჩეულმა წევრმა გახარიას პარტია დატოვა

29 ოქტომბერი, 2021 •
ბათუმის საკრებულოს არჩეულმა წევრმა გახარიას პარტია დატოვა

„ჩემთვის, ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან [ლელოს ჩათვლით] ნებისმიერი სახით თანამშრომლობა… ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში“ ,– წერს ფეისბუქგვერდზე ირაკლი თავდგირიძე. ის ბათუმის საკრებულოს წევრია გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“ და ამავე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ირაკლი თავდგირიძემ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა. ცნობილია, რომ ბათუმის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრების არჩევანს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ „ლელოსთან“ ერთად – 16. გახარიას პარტიას საკრებულოში 3 წევრი ჰყავდა.

ფეისბუქპოსტში ირაკლი თავდგირიძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია. „მით უმეტეს, მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ!“, – წერს ირაკლი თავდგირიძე.

ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ლიდერების ანონსს იმაზე, რომ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ექნებოდათ და ირაკლი თავდგირიძე რეალურად დამოუკიდებელი კი არა, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიიღებს გადაწყევტილებას? – ირაკლი თავდგირიძეს მობილური ტეელფონი გამორთული აქვს.

კითხვებს ამ ეტაპზე არ პასუხობს ბათუმის საკრებულოში გახარიას პოლიტიკური პარტიის კიდევ ორი წევრი. აკაკი გვიანიძემ გვითხრა, რომ დღის განმავლობაში ამ თემაზე ბრიფინგს მოაწყობენ.

თუ “ქართული ოცნება” გახარიას პარტიის 3 წევრიდან (უკვე 2) მინიმუმ 2-ის გადაბირებას მოახერხებს, ის საკრებულოში უმრავლესობას გააკონტროლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი