საზოგადოება

რამაზანოვი ზეწოლას უარყოფს, თუმცა დმანისში ოპოზიციის ბოიკოტს ეთიშება

9 დეკემბერი, 2021 • 1073
რამაზანოვი ზეწოლას უარყოფს, თუმცა დმანისში ოპოზიციის ბოიკოტს ეთიშება

დმანისის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი ენმ-დან, რამიზ რამაზანოვი, “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ საკრებულოს სხდომაზე მისვლას გეგმავს.

მისი თანაგუნდელები ამბობენ, რომ სახელმწიფო ზეწოლას ახდენდა რამაზანოვზე, რათა ოპოზიციის ბოიკოტისთვის გამოეთიშა და სხდომაზე იძულებით მიეყვანა. რამაზანოვი ზეწოლის ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ სხდომაზე გამოცხადდება.

რა ხდება?

რამიზ რამაზანოვი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დმანისის #9 მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს. მან პირველივე ტურში დაამარცხა კონკურენტი “ქართული ოცნებიდან” და ოფიციალური მონაცემებით, ხმათა 60.546% მოიპოვა.

რამაზანოვი წლების მანძილზე სოფელ ზემო ორუზმანის საჯარო სკოლის დირექტორი იყო, თუმცა 2 კვირის წინ მოულოდნელად დატოვა თანამდებობა.

“ჩვენ მიერ ადგილობრივებისგან მოპოვებული ინფორმაციით, რამიზი საქმეს კარგად უძღვებოდა. თუმცა 2 კვირის წინ, საგანგებო, განმეორებითი ინსპექტირების შემდეგ მოულოდნელად, საკუთარი განცხადებით დატოვა სამსახური”, — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

რამიზ რამაზანოვის თანაგუნდელები ამბობენ, რომ სახელმწიფო წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მათ შორის, რამაზანოვზე ზეწოლას ახდენდა და ერთ-ერთ ბერკეტად მის თანამდებობას იყენებდა.

“პირველად მაშინ შეუშვეს აუდიტი აღნიშნულ პიროვნებასთან და ეუბნებოდნენ, ძალიან ცუდ დასკვნას დავაწერინებთ, თუ ჩვენკენ არ გადმოხვალ და ა.შ.”, — ამბობს ლევან მოსეშვილი, დმანისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი “ნაციონალური მოძრაობიდან”.

მისი სიტყვებით, წინასაარჩევნოდ მისმა თანაგუნდელმა ზეწოლას “გაუძლო”, დეპუტატად არჩევის შემდეგ კი სკოლაში ხელახლა შევიდა აუდიტი, რამაზანოვი დირექტორის თანამდებობიდან მოხსნეს და მხოლოდ მასწავლებლად დატოვეს.

დმანისის საკრებულოში სულ 30 ადგილია. მანდატების რაოდენობა “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის თანაბრად ნაწილდება. მმართველ პარტიას 15 მანდატი აქვს, “ნაციონალური მოძრაობას” — 13, პარტია “პროგრესს” — 1, საკრებულოს კიდევ ერთი ახლად არჩეული წევრი კი დამოუკიდებელი დეპუტატია.

იმისათვის, რომ ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნას, მას საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი უნდა ესწრებოდეს. დმანისში ეს ვერ მოხდა, ვინაიდან ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია.

მოსეშვილის თანახმად, არჩევნების შემდეგ სახელმწიფოს რამაზანოვზე ზეწოლა იმისთვის დასჭირდა, რომ ოპოზიციის ბოიკოტისთვის ჩამოეშორებნა, საკრებულოს სხდომაზე მისვლაზე დაეთანხმებინა, კვორუმი შემდგარიყო და თავიდან აცილებულიყო ხელახალი არჩევნების შესაძლებლობა.

“თუ საკრებულოს [მეორე] სხდომაც არ შედგება, ინიშნება ხელახალი არჩევნები.

ხელახალი არჩევნები, რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებას” არ უნდა… უნდათ [რამაზანოვის] გადაბირება პირველ რიგში [იმისთვის], რომ საკრებულოს სხდომა შედგეს, რომ ახალი არჩევნები არ დაინიშნოს.

შემდგომ საკრებულოში რომ თავმჯდომარე აირჩიონ, ამავდროულად, ამისთვისაც უნდათ”, — დასძენს ლევან მოსეშვილი.

“იზოლაციაში ჰყავთ მისი ნების საწინააღმდეგოდ”

მოსეშვილის თანახმად, მას შემდეგ, რაც რამაზანოვი 3 დეკემბერს საკრებულოს პირველ სხდომაზე არ გამოცხადდა, მასზე ზეწოლა გაძლიერდა და იმისათვის, რომ მეორე სხდომაზე მისვლაზე დაითანხმონ, სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. მათ შორისაა მუქარა და იზოლაცია.

ოპოზიციის ცნობით, დმანისის საკრებულოს მეორე სხდომა მიმდინარე კვირაშია ჩანიშნული. მოსეშვილი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე რამაზანოვი “კონტაქტზე არ გამოდიოდა, “აღარც მეგობრებთან, აღარც ნათესავებთან”.

“გავიგე, რომ სახლთან ყარაულობდნენ, დარაჯობდნენ სუსი და ე.წ. ქუჩის ბიჭები, რომ ჩვენამდე არ მოსულიყო. სავარაუდოდ, ტელეფონი წართმეული ჰქონდა, როგორც დავადგინე მერე.

სამსახურში დილით რომ წავიდოდა, სულ ყველა მიჰყვებოდა, მერე სამსახურთან ელოდებოდნენ და მერე, რომ მორჩებოდა, ისევ სახლამდე [აცილებდნენ] და მთელი ღამე ყარაულობდნენ”, — აღნიშნავს მოსეშვილი.

მისი სიტყვებით, იმისათვის, რომ ვითარება გაერკვია, რამიზ რამაზანოვს 8 დეკემბერს სამსახურში (სკოლაში) მიაკითხა. მოსეშვილი ამტკიცებს, რომ სკოლის ეზოში საუბარი ცოტა ხნით მოასწრეს, რა დროსაც რამაზანოვმა მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე ილაპარაკა:

“გუბერნიაში ჩემი ნების საწინააღმდეგოდ წამიყვანესო, შემაშინესო, მეუბნებოდნენ, რომ ივანიშვილამდეა შენი საქმე მისული, გუბერნატორის მოადგილეც იქ იყოო. მაშინებდნენ, დაგიჭერთ, თუ არ მიხვალ სხდომაზეო”.

ამ საუბრის შემდეგ, მოსეშვილის მტკიცებით, ადგილზე უცნობი პირები მივიდნენ, რამაზანოვს “ხელი მოჰკიდეს და წაიყვანეს”.

“გატაცებაში კი არაა საქმე, იზოლაციაში ჰყავთ მისი ნების საწინააღმდეგოდ, რომ ჩვენთან კონტაქტზე არ გამოვიდეს”, — ამბობს საკრებულოს დეპუტატი.

ლევან მოსეშვილი დასძენს, რომ პირები, რომელთაც რამაზანოვი წაიყვანეს, ადგილზე “3-4 მანქანით” მივიდნენ. მისივე თქმით, მანამდე სკოლასთან “ბოლნის-დმანისის სუს-ის უფროსის მანქანა” იდგა.

არასამთავრობოების გამოხმაურება

რამაზანოვთან დაკავშირებით განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, მიიღოს ყველა ზომა მისი უსაფრთხოების და ღირსების დასაცავად.

“რამიზ რამაზანოვი უკვე 2 დღეა სახლში არ იმყოფება. მისი სახლის გარშემო პოლიციაა მობილიზებული. ოჯახის წევრების განმარტებით, რამიზ რამაზანოვი მათთან კონტაქტზეა, თუმცა მისი ადგილსამყოფელი და ზუსტად რა ხდება მასთან, არ იციან.

ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სხვა უწყებას ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია”, — დასძენენ ისინი.

რამაზანოვის თანაგუნდელების მონაყოლიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები საუბრობენ ეჭვებზე, რომლებიც საკრებულოს ახლად არჩეული წევრის შევიწროებასთან დაკავშირებით ჩნდება.

“დმანისის საკრებულოში ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის ხმები თანაბრადაა გაყოფილი, რის გამოც „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარედ საკუთარი წარმომადგენლის არჩევას ვერ ახერხებს.

ამ ფონზე ჩნდება ეჭვი, რომ რამიზ რამაზანოვის გარშემო მიმდინარე პროცესები მმართველი გუნდის მხრიდან მისი მხარდაჭერის მოპოვების და ამისთვის მისი პოლიტიკური შევიწროების მიზანს ატარებს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციების თქმით, “ადგილობრივ დონეზე ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის ხელისუფლების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები მიუღებელია”.

რამაზანოვი უარყოფს ზეწოლას და საკრებულოში მისვლას აპირებს

ლევან მოსეშვილთან საუბრის შემდეგ “ნეტგაზეთი” რამიზ რამაზანოვს დაუკავშირდა. ვკითხეთ, ადასტურებდა თუ არა თანაგუნდელის მონაყოლს.

რამაზანოვი სატელეფონო საუბრში ამბობს, რომ მასზე ზეწოლა არ ყოფილა. კითხვას, რატომ ამტკიცებენ მისი თანაგუნდელები საპირისპიროს, საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრმა ასე უპასუხა:

“არა. არც ზეწოლა, არც არაფერი”.

ის ადასტურებს, რომ ლევან მოსეშვილმა სკოლაში მიაკითხა და ისაუბრეს, თუმცა უარყოფს, რომ ადგილიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს უცნობმა პირებმა.

“არ წავუყვანივარ. ამხელა კაცს ვინ წამიყვანდა? ჩემი მანქანით გაკვეთილის მერე წამოვედი დმანისში, ჩემს სახლში. იმის მერე საქმე მქონდა და სხვა ადგილზე წავედი”.

“ანუ ვიღაც კაცები თქვენს სკოლაში არ მოსულან?” — ვკითხეთ რამაზანოვს, რაზეც გვიპასუხა:

“არა, იყვნენ, მაგრამ ეგეთი რამე არ არსებობს…”

მან არ დააკონკრეტა, ვინ იყვნენ ზემოხსენებული პირები.

რაც შეეხება ბოლო დღეებში თანაგუნდელებთან და სხვებთან კონტაქტის გაწყვეტის ფაქტს, რამაზანოვი ამბობს, რომ გუშინ ელექტროენერგია არ ჰქონდა და შეიძლება, ამიტომ ვერ გავიდნენ მასთან კონტაქტზე.

რამაზანოვი ამბობს, რომ საკრებულოს მეორე სხდომაზე მისვლას გეგმავს, თუმცა ოპოზიციაში რჩება.

“მე ვარ ნაციონალური მოძრაობიდან არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი. ხვალ იქნება თუ ზეგ იქნება ჩვენი სხდომა, თუ ნდობის [გამოცხადება] იქნება, იმის მერე ვიქნები საკრებულოს წევრი იქიდან, საიდანაც ვარ არჩეული”, — დასძინა მან.

რამიზ რამაზანოვი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო, ზეწოლის გარეშე.

“ყველას თავისი პოლიტიკური შეხედულება აქვს. ჩემი გადაწყვეტილება ასეა”, — აღნიშნავს ის.

საკრებულოს წევრს ვკითხეთ, თუ ოპოზიციის ბოიკოტს არ ემხრობა, რატომ არ გამოცხადდა პირველ სხდომაზე და რატომ შეიცვალა აზრი ახლა.

“ასე იყო ჯერ, მერე გადავწყვიტე ახლა [რომ] საჭირო არის…

აბა, რისთვის ვართ არჩეული… აბა, ახალი არჩევნები უნდა ჩავატარო მე?” — გვიპასუხა მან.

რამიზ რამაზანოვზე ზეწოლას სუს-ში უარყოფენ. უწყების პრესსამსახური ამბობს, რომ კომენტარს არ აკეთებს “დაუსაბუთებელ ბრალდებებზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი