კომენტარი

მელიას შეთავაზება და გახარიას დილემა – ინტერვიუ

9 დეკემბერი, 2021 • 6372
მელიას შეთავაზება და გახარიას დილემა – ინტერვიუ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ენმ მზადაა, მხარი დაუჭიროს გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ კანდიდატებს ოპოზიციური საკრებულოების თავმჯდომარის პოსტებზე.

თუმცა ამ თანხმობას ერთი დათქმა აქვს: ეს მხოლოდ იმ პირობით მოხდება, თუკი საკრებულოებში სხვადასხვა თანამდებაზე ოპოზიციონერები დაინიშნებიან და არა „ქართული ოცნების“ წევრები.

როგორ უნდა მოიქცეს ახლა გიორგი გახარია? „ნეტგაზეთი“ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მისი პარტიის არჩევანზე ესაუბრა ირაკლი მელაშვილს, მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითთმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, – ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში.

ირაკლი მელაშვილი. ფოტო: რადიო თავისუფლება

ირაკლი მელაშვილი. ფოტო: რადიო თვისუფლება

ბატონო ირაკლი, ერთი მხრივ, გიორგი გახარიასთვის არსებობს რისკი, – თუკი ენმ-სთან შევა ასეთ ტაქტიკურ შეთანხებაში, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოიხსენიებენ „ენმ-სთან შეკრულად“, ხოლო, მეორე მხრივ, თუ ასე არ მოიქცევა, გააძლიერებს ეჭვებს, რომ რეალურ ოპოზიციას არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა უპასუხოს ნიკა მელიას წინადადებას გიორგი გახარიამ?

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუკი შედგება პაკეტური შეთანხმება და პარტიები მიღებული პროცენტების შესაბამისად გაინაწილებენ პასუხისმგებლობებს საკრებულოში და გაიყოფენ თანამდებობებს, ეს იქნება სწორი ნაბიჯი.

ასე უნდა მოიქცნენ, იმიტომ, რომ ეს მახინჯი, დაპირისპირებაზე მიმართული სისტემა, რომელიც დამკვიდრდა საქართველოში, რომლის პირობებშიც ერთ გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი და არავის არაფერს უნაწილებს, უნდა შეიცვალოს.

როგორც ვიცი, დმანისში ჰქონდა მთელ ოპოზიციას შეთავაზება ხელისუფლებისადმი, რომ ასევე გაყოფა მომხდარიყო ხელისუფლების, მაგრამ ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა და ამჟამად ზეწოლა მიმდინარეობს ოპოზიციის წარმომადგენლებზე, რომ დამატებითი ხმა მოიპოვოს „ქართულმა ოცნებამ“.

ამის ნაცვლად, ნამდვილად ჯობია ის, რომ პარტიებმა დაინაწილონ პასუხისმგებლობა იმ მუნიციპალიტეტების მართვაზე, სადაც შეცვლილია სურათი, რათა კრიზისში არ შეიყვანონ მუნიციპალიტეტი.

რაც შეეხება პოლიტიკურ მოგებას – პოლიტიკური მოგება გახარიას პარტიისთვის და ნებისმიერი სხვისთვის ის იქნება, თუ შექმნიან თანამშრომლობის ახალ პრეცედენტს ქართულ პოლიტიკაში და ამ მახინჯ სისტემას, რაც 2005-2006 წლებში დაამკვიდრეს თავის დროზე დღეს ოპოზიციაში მყოფმა ნაციონალებმა, დღეს ბოლო მოეღება.

ამიტომ ვფიქრობ, რომ გახარია ამით არაფერს წააგებს.

გახარიას ამომრჩეველი დიდი ალბათობით ენმ-ის წინააღმდეგიც არის. ამ გარემოების გათვალისწინებით, ხომ არ არის ეს მისთვის ელექტორალური რისკი?

დიახ, მისი ამომრჩეველი ენმ-ის წინააღმდეგია, მაგრამ გიორგი გახარიას ამომრჩეველი, ვისაც ჭკუა მოეკითხება, ნამდვილად ხვდებოდა, რომ იგი ერთპიროვნულად ვერ გაიმარჯვებდა არჩევნებში. თუ ამომრჩეველი მისგან იმას ითხოვს, რომ ერთპიროვნული მმართველი გახდეს, როგორიც იყო თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ და ახლა „ქართული ოცნება“, მაშინ რა განსხვავებაა?

პოლიტიკური ლიდერები იმისთვის გვჭირდება, რომ ამომრჩეველსაც და საზოგადოებასაც სწორედ ის შესთავაზოს, რაც საზოგადოებას სჭირდება და არა რადიკალურად განწყობილ, თუნდაც მის მომხრე ჯგუფებს, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ თუ ქართულ პოლიტიკაში იქნება მუდმივიდ დაპირისპირების სინდრომი, მაშინ გავაგრძელებთ ამ 30-წლიან დაპირისპირებას, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანას და პოლიტიკურ ცხოვრებას.

ასე რომ, მე არ მგონია, ეს ელექტორალური რისკი იყოს გახარიასთვის. ყველაზე დიდი ელექტორალური რისკი მისთვის არის ის, რომ ის დარჩეს აბსოლუტურად უფუნქციოდ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი