საზოგადოება

რეაბილიტირებული ვაკის პარკი – რა შეიცვალა?

4 ნოემბერი, 2021 • 3513
რეაბილიტირებული ვაკის პარკი – რა შეიცვალა?

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე, 28 ოქტომბერს, დასრულებულად გამოაცხადა. რეაბილიტაცია ითვალისწინებდა პარკის პირვანდელი სახით აღდგენას.

კალაძის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში 19 ჰექტარზე მოეწყო სხვადასხვა ზონა, მათ შორის, საპიკნიკე ზონები, შეკრების ადგილები, ატრაქციონები, შშმ პირებისთვის ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკები, სავარჯიშო და სარბენი ბილიკი.

ამ ეტაპზე კვლავ გრძელდება პარკში არსებული კასკადისა და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციის პროცესი, რომლის დასრულებაც 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

საინიციატივო ჯგუფის წევრების ნაწილი, ვინც რეაბილიტაციის დაანონსებისას პროექტის განხილვაში იყვნენ ჩართული, საბოლოო შედეგით უკმაყოფილონი არიან და ამბობენ, რომ ეს იმ კონცეფციას ეწინააღმდეგება, რომელზეც თავდაპირველად შეთანხმდნენ.

რა შეიცვალა ვაკის პარკში

ვაკის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში პარკი რამდენიმე თვით დაიკეტა.

თბილისის მერიის ცნობით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევების და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო.

“ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევების და ცვლილებების გარეშე განხორციელდა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში, რომელიც პარკის გახსნის შემდეგ გამოქვეყნდა.

პარკის კონცეფცია ბრიტანულმა კომპანიამ CBA Studios-მ შეიმუშავა.

„პროექტის მიზანია შეიქმნას განახლებული პარკი, რომელიც შეინარჩუნებს ისტორიული ვაკის პარკის შესანიშნავ უნიკალურ ხასიათს, მაგრამ ისე, რომ ის წარმოადგენდეს თანამედროვე ქალაქ თბილისს და პასუხობდეს მისი მოსახლეობის მოთხოვნებს”, – ეწერა კომპანიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტაციაში.


ვაკის პარკის პროექტი/რენდერი

კონცეფციის მიხედვით პროექტის მიზანი იყო:

  • მეოცე საუკუნეში შექმნილი რეგულარული ლანდშაფტის ძირითადი სტრუქტურის და ფორმის აღდგენა;
  • სივრცეების შექმნა სხვადასხვაგვარი დასვენებისა და გართობისთვის, სათამაშოდ, კულტურული აქტივობებისთვის და გამაჯანსაღებლად;
  • არსებული შეუფერებელი და უხარისხო ობიექტების და ინფრასტრუქტურის ჩავანცვლება ახლით;
  • ბუნებასა და თემს შორის კავშირის აღდგენა;
  • ხალხისთვის ქალაქიდან განტვირთვის შესაძლებლობის მიცემა;
  • კლიმატმედეგი პარკის შექმნა ახალი მცენარეებით, რომლებიც გაუძლებს დაავადებებს.
    პარკის ეფექტური და ეკონომიური მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა.

ამასთან, საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ვაკის პარკში ოთხი ზონა უნდა შექმნილიყო. ესენია ისტორიული ცენტრი, მიზნობრივი თამაშების ზონა, ღონისძიებათა სივრცე და ბუნებაში თამაშების ზონა.

კონცეპტუალური პროექტი გულისხმობს, რომ თითოეული ზონისთვის კომპანია მერიას ამა თუ იმ ტერიტორიის განვითარების ვერსიებს სთავაზობს.

საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, კომპანია ვაკის პარკში მასშტაბური ცვლილებების დაგეგმვას არ აპირებდა, თუმცა იგეგმებოდა ინფრასტრუქტურული ობიექტების შეცვლა. მაგალითად, ვაკის პარკში უნდა დარჩენილიყო წითელი საფარი, თუმცა სავალი ნაწილი უნდა მოპირკეთებულიყო და გაუმჯობესებულიყო ველობილიკები.

2021 წლის 28 ოქტომბერს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკის საერაბილიტაციო სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულებულად გამოაცხადა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში განახლდა საპარკე ავეჯი, საფეხმავლო და ველობილიკები, დამატებით მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ბილიკები. მოწყობილია საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის შადრევნები, ცხოველების სასეირნო მოედანი, სარწყავი, სანიაღვრე, წყალარინების და ელექტრობის სისტემები.

ასევე, დედაქალაქის მერიის ცნობით, ცენტრალურ ჩამოსასვლელთან პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი, დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე სრულად განახლდა მცენარეული საფარი – დაირგო სხვადასხვა სახეობის 12 088 ძირი ბუჩქი და 1 342 ძირი ხე. სანიტარიული ჭრის ფარგლებში დაავადებული და ხმობადი ხეები მოიჭრა. გარდა ამისა, იგეგმება დამატებით 7 435 ძირი მწვანე ნარგავის დარგვა და 80 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბალახის ჰიდროთესვის პრინციპით დათესვა.

ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი საერთო თანხაა 29 004 009 ლარი, საიდანაც 17 204 129 ლარი უშუალოდ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდა, კასკადის და შადრევნის რეაბილიტაციისთვის კი 11 799 880 ლარი უნდა დაიხარჯოს.

 

რეაბილიტაციის ალტერნატიული ხედვა

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, არქიტექტორი მარიამ ბაქრაძე პარკის რეაბილიტაციის შემდეგ განსაკუთრებულ პრობლემად ბუნებრივი საფარის ნაკლებობას მიიჩნევს.

“თუ ვიტყვით, რომ ეს სამუშაოები პარკის იერსახის აღდგენა იყო, არ არის ასე. იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი ბეტონის ზედაპირები გაჩნდა და გაჩნდა ისეთი ობიექტებიც, რომელიც ძველი პარკის შესაბამისი არ არის.

გაუარესდა ის, რომ ბეტონის ზედაპირები არ არის წყალგამტარი. მიწაში არ ჩაიჟონება წყალი, რაც პრობლემაა და ძალიან დიდი დანახარჯია ფინანსურად ამხელა ბეტონის ზედაპირების კეთება”, – აცხადებს ბაქრაძე “ნეტგაზეთთან”.


ვაკის პარკი მე-20 საუკუნეში

მისი თქმით, თავდაპირველად კონცეფციის შემუშავებისას საინიციატივო ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული, თუმცა სამუშაოების დაწყების შემდეგ მერიამ მათთან კომუნიკაცია შეწყვიტა.

ბაქრაძე განმარტავს, რომ თავდაპირველი კონცეფციის თანახმად, ვაკის პარკში მინიმალური ოდენობის ხელოვნური საფარი უნდა გამოეყენებინათ, თუმცა საბოლოოდ ასე არ მოხდა:

“თავდაპირველ კონცეფციაში გათვალისწინებული იყო რაც შეიძლება ნაკლები ხელოვნური საფარი, ხელოვნური მასალები ისე, რომ რაც შეიძლება ამოესუნთქა ამ პარკს…

სამოქალაქო ინიციატივის ჩართულობა ამ სამუშაოებში [კონცეფციის შემუშავებისას] იყო საკმაოდ ინტენსიური, მაგრამ რაც ჩვენთან ერთად შეთანხმდა, იმის აბსოლუტურად საწინააღმდეგო მივიღეთ რეაბილიტირებულ ვაკის პარკში”, – განმარტა ბაქრაძემ.

ხელოვნური საფარის გარდა, ბაქრაძე პრობლემურად მიიჩნევს სანიაღვრე არხებს, განათების სიხშირეს, კასკადის პირვანდელი სახით რეაბილიტაციას და სასტუმრო “ბუდაპეშტის” საკითხის ბუნდოვანებას.

ბაქრაძე ფიქრობს, რომ სანიაღვრე არხები ისეთ ადგილებში უნდა გაკეთებულიყო, სადაც ძლიერი წვიმის დროს წყალი გროვდება, თუმცა, მისი თქმით, სანიაღვრე ქსელი პარკში იმაზე მეტგან გაკეთდა, ვიდრე ამის საჭიროება იყო. ბაქრაძის განმარტებით, თბილისის მერიას შეეძლო წვიმის წყლის დასაგროვებლად სპეციალური ავზები გაეკეთებინა, რომლის საშუალებითაც შემდეგში პარკის ნიადაგი მოირწყვებოდა. ამით მერია მორწყვის თანხებს დაზოგავდა.

ამასთან, მისი თქმით, გარკვეულ შემთხვევებში სანიაღვრე არხები მიწის საფარზე მაღლაა, რის გამოც წყალი არხებში რთულად ჩაიღვრება და კონკრეტულ ადგილებზე დაგროვდება.


ვაკის პარკი რეაბილიტაციის დაწყებამდე

რაც შეეხება განათებას, მარიამ ბაქრაძე ფიქრობს, რომ პარკში ბევრი განათების ბოძია, რაც ზრდის როგორც ელექტროენერგიის ხარჯებს, ასევე, პარკში მცხოვრებ ცხოველებსა და ფრინველებს უშლის ხელს.

“ღამის განათება არის ძალიან ცივი და გაბრდღვიალებული, როგორიც ამ პარკში არასდროს ყოფილა. ასეთი ინტენსიური განათება ბევრი რაღაცისთვის არის ცუდი, მათ შორის აქ მცხოვრები ცხოველებისა და ფრინველებისთვის. ასევე, არ ქმნის სიმყუდროვესაც”, – განმარტავს ბაქრაძე.


ფოტო: თბილისის მერია

ფოტო: თბილისის მერია

ის პრობლემას ხედავს პარკში არსებული შადრევნისა და კასკადის პირვანდელი სახით აღდგენაშიც. ბაქრაძე ამბობს, რომ ეს დედაქალაქისთვის დიდი ხარჯი იქნება, განსაკუთრებულ სარგებელს კი არ მოიტანს:

“თბილისს ძალიან ძვირი დაუჯდება შადრევნის და კასკადის “ჯივიპის” წყლით მომარაგება და ამიტომ მერია აპირებს ვერეს მდინარიდან წყლის ამოქაჩვას. ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, პლუს ამ წყალსაქაჩის ელექტრომომარაგებაც ძვირი დაჯდება. საერთო ჯამში, ქალაქს ძალიან ძვირი დაუჯდება ამ კასკადის აღდგენა”, – აცხადებს ის.


კასკადი. ფოტო სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

მერიის განმარტება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე პარკის ძირითადი ნაწილი მოეწყო, ამჟამად კი დამამთავრებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის იგეგმება სანიაღვრე ქსელთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრაც. კერძოდ, მერიის ცნობით, მოხდება ყველა ნიშნულის იმ დონეზე გასწორება, რომ წყლის დინებას ხელი არ შეეშალოს.

რაც შეეხება განათებებს, მერიის ცნობით, პარკის პროექტირებამდე ჩატარდა სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, სოციოლოგიური გამოკითხვა პარკის ვიზიტორებთან, ტოპო- გეოდეზიური კვლევა და დენდროლოგიური კვლევა.

“წინასაპროექტო კვლევებზე დაყრდნობით კონტრაქტორმა კომპანიამ შეიმუშავა პარკის რეაბილიტაციის პროექტი. ამ პროექტის მიხედვით პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ძირეული ჩარევების გარეშე, ისე, რომ მაქსიმალურად აღდგეს პარკის პირვანდელი იერსახე.

განათების ბოძები, რომლებიც იმეორებს ძველი ლამპიონების ფორმებს და ვიზუალს, შესაბამისი მოდელირებული სტანდარტების მიხედვით გაკეთდა და ხელს არ უშლის არსებულ ბიომრავალფეროვნებას”, – განმარტებულია მერიის მიერ “ნეტგაზეთისთვის” წერილობით მიწოდებულ ინფორმაციაში.

კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციის შესახებ კი მერიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილია კასკადის კონსტრუქციის სრულად განახლება ამჟამად არსებული ვიზუალითა და მასალით. ასევე იცვლება წყალმომარაგების სისტემაც და აღდგენის შემდეგ წყალმომარაგება მდინარე ვერეს ხეობიდან, ასევე GWP-ის და გრუნტის წყლებით მოხდება.

“პროექტირებისას მოხდა კასკადის კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლა, ასევე მასალების გამოკვლევა და დაიგეგმა ზუსტად იმავე მასალებით მოპირკეთება. კასკადის პროექტირებისას ჩატარდა ერთი სამუშაო შეხვედრა კასკადის ავტორების შვილებთან და ოჯახის წევრებთან, ხოლო ერთი საჯარო შეხვედრა- ვაკის პარკში მოსახლეობასთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, დაახლოებით რა თანხები დაჯდება თბილისს კასკადისა და შადრევნის წყალმომარაგება, მერიას არ უპასუხია.

მასალების გადაბეჭდვის წესი