საზოგადოება

დაუგეგმავი ორსულობები შემცირდა

18 ოქტომბერი, 2011 • 1928
დაუგეგმავი ორსულობები შემცირდა

საქართველოში დაუგეგმავი ორსულობების რიცხვი პირველად შემცირდა.

დაუგეგმავი ორსულობები, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, ჯანდაცვითი  ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, კვლავაც აქტუალურია, თუმცა საქართველოში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში დაუგეგმავი ორსულობების რიცხვმა, ისევე როგორც ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუარესების გამომწვევმა სხვადასხვა რისკ–ფაქტორებმა, საგრძნობლად იკლო.

ამას ადასტურებს საქართველოში ჩატარებული უკანასკნელი კვლევა (2010) ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე,  რომლის ჩატარების დროსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 15–44 ასაკის 6.292  ქალი გამოიკითხა.

ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ყველაზე მაშტაბურ კვლევას საქართველოში 1999 წლიდან ხუთ წელიწადში ერთხელ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის აშშ–ს (DRH/CDC) ცენტრები, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრი, გაეროს (UNFPA) და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ატარებენ.

შედეგები კი, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემთა ანალიზისა და წარდგენის ცენტრის განყოფილების უფროსი, მარინა შახნაზაროვა ამბობს, საქართველოში ყოველწლიურად უმჯობესდება.

„2005 წლის კვლევის შედეგებსა და 2010 წლის შედეგებს თუ შევადარებთ, მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია“, –ამბობს მარინა შახნაზაროვა.

მაგალითად, თუ დაუგეგმავი ორსულობათა რიცხვი საქართველოში 1999 წელს 59 %–ს შეადგენდა, 2005 წლისთვის 51 % მდე შემცირდა. უკნასკნელი კვლევის შესაბამისად კი, დაუგეგმავი ორსულობების რიცხვმა 36 % შეადგინა.

ექიმი–გინეკოლოგი მამუკა აბულაძე საკუთარი დაკვირვების შედეგად ამბობს, რომ დაუგეგმავი ორსულობების რიცხვი მართლაც შემცირდა.

„მიმაჩნია, რომ ამაში წვლილი სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულმა კონტრაცეფციის პოპულარიზაციისაკენ მიმართულმა პროგრამებმა შეიტანა. გარდა ამისა, მეან–გინეკოლოგები ოჯახის დაგეგმვის თაობაზე ინფორმაციას საკონსულტაციოდ მოსულ წყვილებს ჯერ კიდევ ორსულობამდე ვაძლევთ, ან, თუ ორსულობამდე არ მოგვმართეს, მშობიარობის შემდეგ“–ამბობს გინეკოლოგი.

სწორედ კონტრაცეფციულ საშუალებებზე ინფორმაციის მიღების ზრდამ გამოიწვია ისიც, რომ 2010 წლის კვლევის შედეგადკონტრაცეფციის გამოყენება ორჯერ აღემატება იგივე მაჩვენებელს, რაც წინა კვლევების დროს დაფიქსირდა.

გინეკოლოგთა მოსაზრებით, დაუგეგმავი ორსულობის პრევენციისთვის კონტრაცეპტივების ფართოდ გამოყენებამ ხელოვნური აბორტების რიცხვიც შეამცირა.

ის, რომ დაუგეგმავი ორსულობის პარალელურად ხელოვნური აბორტების რიცხვიც შემცირდა, 10 წლის მანძილზე ჩატარებული კვლევების შედეგებიც ადასტურებს.

თუ 1999 წელს ერთ ქალზე საშუალოდ 3.7 აბორტი ფიქსირდებოდა, 2005–2010 წლებში ამ ციფრმა 1.6 შეადგინა.

საქართველოში არასასურველი ორსულობის 36 %–მდე შემცირება, გინეკოლოგთა და ოჯახის დაგეგმვის სამსახურების წარმომადგენელთა თქმით, მაინც არ იძლევა დამშვიდების საბაბს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციები კი არასასურველი ორსულობის მიზეზებზე  საუბრობენ.

დაუგეგმავი ორსულობის ძირითად მიზეზებად არასრულყოფილი სქესობრივი განათლება, კონტრაცეფციული საშუალებების ხელმისაწვდომობა, ან მათი არაეფექტურობა, პარტიონრებს შორის ცუდი დამოკიდებულება და სქესობრივი ძალადობა სახელდება.

„დაუგეგმავი ორსულობა შეიძლება შეამციროს სკოლებში ჯანმრთელობის ჰიგიენის კურსის შემოღებამ, სადაც სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენის საკითხებიც იქნება, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში “სექსის სწავლებად და ბავშვების გარყვნად” აღიქმება, შედეგად კი, მრავალი უშვილო წყვილი გვყავს, სქესობრივი გზით გადამდები ქრონიკული ინფექციების, აბორტისშემდგომი ქრონიკული ენდომეტრიტების და სხვა მიზეზების გამო“,–ამბობს გინეკოლოგი მამუკა აბულაძე.

სხვადასხვა პრევენციული გზით არასასურველი ორსულობის რიცხვის შემცირება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციის მიხედვით, ქალის ჯანმრთელობასაც ხელს შეუწყობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგაზანიზაცია ამ დადებით ფაქტორებზე საუბრობს:

  • დაგეგმილი ორსულობა არის საშუალება, დაგეგმო ფეხმძიმობის ინტერვალები, რაც უშუალო კავშირშია ქალის ჯანმრთელობასთან;
  • დაგეგმილი ორსულობა ხელს უწყობს ნაადრევი მშობიარობის თავიდან აცილებას, რომელიც საბოლოო ჯამში დედათა სიკვდილიანობას შეამცირებს;
  • უდროო და ხშირი ორსულობებები და მშობიარობები კავშირშია ბავშვთა სიკვდილიანობასთან (ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, დაუგეგმავი ორსულობების მქონე ქალების 36 %– დან 26 %–ს სწორედ უდროო ორსულობა ჰქონდა).
  • ბავშვები, რომელთა დედები უშუალოდ მშობიარობის დროს დაიღუპნენ, ასევე იმყოფებიან გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკის ქვეშ;
  • დაგეგმვა შიდსით დაავადებული ქალების დაორსულების რისკს ამცირებს, რაც შიდსით დაინფიცირებული ბავშვების დაბადებასაც ამცირებს.
  • ხელს უწყობს არასასურველი ბავშვების თავიდან აცილების რიცხვის შემცირებას (აბორტებს), რომლის დროსაც მთელ მსოფლიოში დედების 13 % იღუპება.
  • მოზარდობის პერიოდში დაორსულებულ გოგონებს ნაადრევი მშობიარობა აქვთ, ან მათი შვილები სხეულის მცირე მასით გამოირჩევიან. მაღალია რისკი მკვდრად შობილთა დაბადების;
  • უამრავი გოგონა დაუგეგმავი ორსულობის გამო იძულებულია, სკოლაში შეწყვიტოს სწავლა, რაც მათ შემდგომ ცხოვრებაში უდიდეს გავლენას ახდენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი