ახალი ამბები

ადვოკატი: თამთა თოდაძის ჩვენება სამედიცინო ექსპერტიზასთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია

10 ოქტომბერი, 2019 • 2678
ადვოკატი: თამთა თოდაძის ჩვენება სამედიცინო ექსპერტიზასთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია

თამთა თოდაძის ადვოკატი თამუნა ლუკავა “ნეტგაზეთთან” საუბარში უარყოფს ჯიშკარიანის ბრალდებას, რომ თოდაძის ჩვენება და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ერთმანეთს არ ემთხვევა.

აღნიშნული განცხადება “იმედთან” სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა გააკეთა. როგორც მედიასაშუალება წერს, კუბლაშვილმა განაცხადა, რომ თამთა თოდაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები ერთმანეთს არ ემთხვევა.

საპასუხოდ, დაზარალებული თოდაძის ადვოკატი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, ქალის სხეულზე არსებული დაზიანებები ზუსტად იმ პერიოდშია მიყენებული, როგორც ამას თოდაძე ჩვენებაში უთითებს, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას კი ამ დრომდე ელოდებიან:

“საქმეში დევს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც არის მითითბული, რომ დაზიანებები მიყენებულია ზუსტად იმ პერიოდში, როცა თამთა თოდაძე უთითებს ფაქტის შესახებ ინფორმაციას, ასევე, დეტალურადაა აღწერილი დაზიანებები, რომლებიც სხეულზე ჰქონდა თამთას. არა ერთი დაზიანება, არამედ რამდენიმე დაზინაებაა დეტალურად აღწერილი.

ასევე, ფსიქოლოგიური ექსპერტიზაა დანიშნული თამთაზე, რომლის პასუხებსაც ჯერჯერობით ისევ ველოდებით. ის, რომ თამთას ჩვენება არ შეესაბამება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ამ შეფასებას რაზე დაყრდნობით აკეთებს ჯიშკარიანი, ვერ გეტყვით იმიტომ, რომ აბსოლუტურად შეესაბამება სამედიცინო ექსპერტიზას თოდაძის მიერ მიცემული ჩვენება”, – ამბობს ლუკავა.

თამთა თოდაძის ადვოკატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჯიშკარიანი სიამრთლეს ამბობს და საკრებულოს ინვენტარი მართლაც თოდაძემ დააზიანა, მას პოლიციისთვის უნდა მიემართა, რაც არ გაუკეთებია:

“მე მიანტერესებს, თუ უარყოფს ამ ფაქტს და თითს იშვერს თამთასკენ, თუ ასე ამბობს საჯაროდ, რომ თამთამ დააზიანა ნივთები და გააფუჭა ყველაფერი, რატომ არ გამოიძახა პოლიცია, რატომ არ დააფიქსირა ეს ფაქტი იმწამსვე, მაშინ, როდესაც საკრეუბლოს ინვენტარს ეხებოდა საქმე და რატომ დაალაგა ოფისი. ამის მტკიცებულება საქმეში არსებობს, რომ ოფისი დაალაგეს” ,- ამბობს ადვოკატი.

დეპუტატს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი