სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის თქმით, როდესაც თქვა ფრაზა “მაგას დავამთავრებ და დავასამარებ”, თამთა თოდაძეს არ გულისხმობდა. ამის შესახებ კუბლაშვილი მას შემდეგ წერს, რაც მის განცხადებას კრიტიკა მოჰყვა.
“პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში კუბლაშვილი ამბობს: ქალი ნაცემი არ არის, ხელებზე აქვს ნაჩხაპნები, ვერ გაურკვევია სად მიიღო ეს ნაჩხაპნები. ამ ქალის მანიპულაციის გამო ამ კაცის წარსული და ღირსება გაანადგურა. ჯიშკარიანისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხალხია, ვინც მისი სახელი და გვარი შემოხაზა არჩევნებში. უნდა, რომ ამ ხალხს გააგებინოს სიმართლე. კაცია და ვერ იჭორავებს. არ გამოსდის ამ კაცს ქალივით ჭორაობა, ნერვიულობს. მე ქალი ვარ და აი, მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ”.
როგორც Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კუბლაშვილი წერს, ბოლო ფრაზაში იმ ადამიანებს გულისხმობდა, რომლებიც მისი მტკიცებით, უსამართლოდ აკრიტიკებდნენ.
“მაგას დავამთავრებ და დავასამარებ, სახელი არც მიხსენებია, აქ ვსაუბრობდი მრავლობით ფორმაში და ვგულისხმობდი ყველა ადამიანს, რომლებიც უსამართლოდ მაკრიტიკებენ და უკიდურეს შეურაცხყოფას მაყენებენ. მომისმინეთ მე და მერწმუნეთ, ვარ დარწმუნებული, რასაც ვაკეთებ, მჯერა და მწამს ჩემი სიმართლის, ჩემი კლიენტის სიმართლის და ნუ დამსჯით, მომიტევეთ, მე ხან ემოციური, ხან ზედმეტად პირდაპირი ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რასაც ვაკეთებ. ნუ ჩქარობთ, დამელოდეეთ!” – წერს კუბლაშვილი.
15 ოქტომბერს კუბლაშვილმა თამთა თოდაძე საეთერო დებატებში გამოიწვია, რაზეც უარი მიიღო.
“ცირკად უნდათ აქციონ ეს სერიოზული საქმე,” – ასე შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ ჯიშკარიანის ადვოკატის ეს შეთავაზება. დაზარალებული თამთა თოდაძის ინტერესებს სწორედ საფარი იცავს.
თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 8 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა თანამშრომელზე, თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმეზე. დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს.
პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ მოუთხოვია და მხოლოდ 10 000-ლარიან გირაოს დასჯერდა. სასამართლო 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა.
სასამართლო პროცესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯიშკარიანს ასევე შეეზღუდა მოწმეებთან კომუნიკაცია.
თამთა თოდაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ “ოცნების“ დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სამსახურში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი მას ფიზიკურად გაუსწორდა.