ახალი ამბები

ჯიშკარიანი: მე განაჩენი გამომიტანეს ფემინისტებმა, რადიკალებმა, ლიბერალებმა

11 ოქტომბერი, 2019 •
ჯიშკარიანი: მე განაჩენი გამომიტანეს ფემინისტებმა, რადიკალებმა, ლიბერალებმა

“მე განაჩენი გამომიტანეს ფემინისტებმა, რადიკალებმა, ლიბერალებმა”, – ამბობს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი. დეპუტატი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში მომხდარის საკუთარ ვერსიას საავადმყოფოდან ჰყვება.

დეპუტატი ძალადობაზე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ არ იცის, როდის და რა ვითარებაში მიიღო თამთა თოდაძემ სხეულზე დაზიანებები. ილია ჯიშკარიანის თქმით, თანამშრომლისთვის ხელი არ დაუკარებია და ინვენტარის დაზიანებაში თოდაძეს ადანაშაულებს.

როგორც ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ჯიშკარიანი და მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებენ, თამთა თოდაძე ნასვამ მდგომარეობაში იყო და ჯიშკარიანთან კამათი მერიაში მაღალანაზღაურებადი თანამდებობის დაკავების სურვილით იყო განპირობებული.

საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, რომ თოდაძეს სურდა თანამდებობრივი დაწინაურება და ამაში ჯიშკარიანის დახმარების იმედი ჰქონდა და როდესაც სასურველი პოზიცია ვერ მიიღო, დეპუტატის კაბინეტში ნივთები დააზიანა, შემდგომ კი ის ძალადობაში დაადანაშაულა.

როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ მიმართა ჯიშკარიანმა პოლიციას, თუ თანამშრომელმა საკრებულოს ინვენტარი დაზიანა, ჯიშკარიანი ამბობს, რომ თოდაძე სამსახურში ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების რეკომენდაციით აიყვანა და იმედი ჰქონდა, მეორე დღეს თოდაძე სამსახურში ბოდიშით დაბრუნდებოდა:

“მაგას როგორ ვიფიქრებდი, რომ ძალადობაზე მიჩივლებდა მე მაგ პატარა გოგო, შვილისტოლა გოგო. მე მეუღლეს ველოდებოდი, ბავშვთან უნდა წავსულიყავი, მე ყოველ წამს მეუღლეს ველოდები და უნდათ დაამტკიცონ, რომ ასეთი ბინძური ვარ? მამაოები მირეკავენ, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მონაწილეობა მაქვს მიღებული და ასეთი ბინძური საქმეები ვაკეთო პარალელურად?”, – ამბობს ჯიშკარიანი.


თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და ცემას ედავებიან (სსსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით).

როგორც თამთა თოდაძე ჰყვება, ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

დეპუტატს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი