სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს გადაწყვეტს, განიხილავს თუ არა სარჩელს ეროვნული ბანკის კანონზე

8 ოქტომბერი, 2015 • 1641
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს გადაწყვეტს, განიხილავს თუ არა სარჩელს ეროვნული ბანკის კანონზე

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის რიგ საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა შედეგადაც შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო“ და მას დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება, რაც სადავო ნორმების ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.

 

“მოსარჩელეთა განმარტებით, სააგენტოსთვის გადაცემულ იქნა ის უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მიხედვით,  მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციას მიეკუთვნება.

 

მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ  საქართველოს კონსტიტუციის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რომლებიც ადგენს ეროვნული ბანკის საბჭოს არჩევის წესს, რომლის მიხედვითაც ამ პროცესში მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია აუცილებლად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობას საფინანსო სექტორის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოს ფორმირების პროცესში. იმის გათვალისწინებით, რომ კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს სააგენტოს საბჭოს წევრების არჩევაში, მოსარჩელე აკეთებს დასკვნას, რომ სადავო ნორმები ასევე არღვევს საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას,”– ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო


კანონი, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახური გამოიყოფა, პარლამენტმა მიიღო, თუმცა პრეზიდენტმა მას ხელი არ მოაწერა და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა. პარლამენტმა უმრავლესობით არ გაითვალისწინა პრეზიდენტის შენიშვნები და დაძლია ვეტო. ვეტოდაძლეულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, თუმცა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი კვლავ არ ეთანხმებოდა აღნიშნულ კანონს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი