საზოგადოებასამართალი

რას ჰყვებიან სკოლის დირექტორი და სოცმუშაკი სახლში გამოკეტილ ბავშვებზე

1 თებერვალი, 2018 • 5159
რას ჰყვებიან სკოლის დირექტორი და სოცმუშაკი სახლში გამოკეტილ ბავშვებზე

უკვე რამდენიმე დღეა გამომძიებლები ლენტეხში, იმ ოჯახს აკითხავენ, სადაც მამას რვა შვილი სახლში ჰყავს გამოკეტილი. პოლიციამ ასევე გამოჰკითხა მეზობლები და სკოლის მასწავლებლები. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი მედიაში გავრცელდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო იძულების მუხლით. მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, გამოძიება დაადგენს, არიან თუ არა ბავშვები შინაპატიმრობაში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურში ამირან დევნოზაშვილს შვილები გარესამყაროდან არიან იზოლირებული, რადგან მამას სახლში ჰყავს გამოკეტილი. როგორც ოჯახის ახლობლები, სოფლის მოსახლეობა და სოცმუშაკი ამბობს, ამ შეხედულებებს იზიარებს მისი ცოლიც, ნატო ტვილდიანი, რომელსაც თავად პედაგოგიური განათლება აქვს მიღებული.

ისინი შვილებს ყოველგვარ კომუნიკაციას უზღუდავენ და მიიჩნევენ, რომ უკეთესად ზრდიან, ვიდრე სკოლაში. ბავშვებს ასევე ეზღუდებათ განათლების უფლება. ეს ამბავი სახელმწიფომ, სულ მცირე, 2010 წლიდან მოყოლებული იცის, თუმცა ბავშვების უფლებების დასაცავად ამ დრომდე ვერაფერი გააკეთა.

ნეტგაზეთმა ამირან დევნოზაშვილის ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიება დამოუკიდებლად სცადა. ოჯახის ახლობლები, რცხმელურის სკოლის დირექტორი და სოცმუშაკი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამირან დევნოზაშვილის ოჯახთან, თითქმის მსგავს ინფორმაციას გვაწვდიან მათ შესახებ.

ხათუნა ტვილდიანი

სკოლის დირექტორი, ხათუნა ტვლიდიანი ოჯახის ახლობელი და მეზობელია. მისი თქმით, ამირან დევნოზაშვილის ოჯახიდან არასდროს გამოსულა ჩხუბის ხმა, ხოლო ბავშვებისა და დედის ჟრიამული ხშირად ესმის. როგორც ხათუნა ტვილდიანი ამბობს, არაერთი მცდელობა ჰქონდათ, მამას შეეცვალა გადაწყვეტილება ბავშვების სახლში გამოკეტვასთან დაკავშირებით, მაგრამ ამირან დევნოზაშვილი ამას არაფრის ფასად არ აპირებს.

“ეს ოჯახი 2008-2009 წლიდან ცხოვრობს ამ სოფელში. მანამდე რუსთავშიც ცხოვრობდნენ. თავის დროზე თვითონ შემოვლილი აქვთ ბევრი ქვეყანა. ნატოს ნამდვილად აქვს და, მგონი, ამირანსაც. ამირანი დმანისიდან არის წარმოშობით, როგორც ვიცი. ამირანის ცოლი, ნატო ტვილდიანი ჩემი ნათესავია და მამაპაპისეულ სახლ-კარზეა ახლა”, – უთხრა ხათუნა ტვილდიანმა ნეტგაზეთს.

როგორც ხათუნა ტვილდიანი ამბობს, სახლში გამოკეტილი ბავშვების დედა ძმასთან ერთად მდიდარ ოჯახში, ფუფუნებაში იზრდებოდა. მისი მამა, ბორის ტვილდიანი, კომუნისტების მმართველობისას მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.

“იმ პერიოდში ნატო ცხოვრობდა ისე, როგორც ახლა ყველაზე თამამი თინეიჯერი”, – ამბობს სკოლის დირექტორი. მისი აზრით, ძალადობაა ბავშვების სახლში გამოკეტვა და განათლების უფლების შეზღუდვა, მიუხედავად იმისა, რომ  მათი სახლიდან “სულ სიცილი, კისკისი და ჟრიამული” ისმის.

როგორც რცხმელურის სკოლის დირექტორი გვიყვება, ოჯახს არ აქვს ცუდი ურთიერთობა მეზობლებთან, თუმცა 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც პირველი სიუჟეტი მომზადდა P.S.-ში მათ ოჯახზე და სოცმუშაკი გამოჩნდა, ამირანი თანასოფლელებს გაუნაწყენდა. ხათუნა ტვილდიანის თქმით, ამირანს ეგონა, რომ სოფელი გვერდში დაუდგებოდა, თუმცა ბავშვების სახლში გამოკეტვის საკითხში მას არავინ დაეთანხმა.

სოცმუშაკი მაია ხაბულიანი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ბავშვებს არ სურთ ოჯახის დატოვება, რის გამოც სასამართლოს განჩინების აღსრულება ვერ ხერხდება. მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში დამოუკიდებლად არ უსაუბრიათ ბავშვებთან, რადგან ამირან დევნოზაშვილი ამის უფლებას არ აძლევს. შესაბამისად, რამდენად გულწრფელად საუბრობენ ბავშვები მამის თანდასწრებით თავიანთი მდგომარეობის შესახებ, უცნობია.

როგორც მაია ხაბულიანი აღნიშნავს, უცხო ადამიანის შიში ბავშვებს არ აქვთ და არც მეტყველება უჭირთ, ასევე, იციან წერა-კითხვა. სოცმუშაკის თქმით, ოჯახის საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, სახლში ორი ტელევიზორი და სატელიტური ანტენაც აქვთ, თუმცა ბავშვებს არასდროს ჰქონიათ ინტერნეტთან წვდომა. მობილურ ტელეფონებს ბავშვები მხოლოდ მშობლებთან და ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის იყენებენ.

როგორც მაია ხაბულიანი ამბობს, მამა სრულწლოვან შვილებს დამოუკიდებლად გარეთ გასვლას არ უშლის, თუმცა ისინი არ არიან დაინტერესებული იმით, რაც მათი სახლის გარეთ ხდება.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოზარდები მხოლოდ ორ შემთხვევაში გაჰყავთ მშობლებს გარეთ: როდესაც მკურნალობა სჭირდებათ, ან მაღაზიაში მიდიან. ორივე შემთხვევაში ბავშვები მშობლების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. ხათუნა ტვილდიანი თავის მოადგილესთან ერთად გარკვეული პერიოდი დადიოდა ბავშვებთან, თუმცა შემდეგ ამირან დევნოზაშვილმა აღარ ისურვა პედაგოგების სტუმრობა ოჯახში.

“ვეუბნებოდი ამირანს, რომ ეს არ არის სწორი, მაგრამ ყველაფერზე ჰქონდა პასუხი. ვამბობდი, რომ ადამიანების უმეტესობა ღრმა სიბერემდე ვერ მიდის. დავუშვათ, გადაბრუნდი და მოკვდი, მერე რას შვრები? სად უნდა წავიდნენ შენი შვილები? ამაზე არ ფიქრობს საერთოდ და ჰგონია, რომ არ შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს”, – იხსენებს ხათუნა ტვილდიანი. როგორც ის ამბობს, ეცადა, ამირან დევნოზაშვილი დაერწმუნებინა ბავშვების სკოლაში გაშვების აუცილებლობაში, თუმცა ვერ შეძლო.

სოფელ რცხმელაურის სკოლაში 28 ბავშვი სწავლობს და ისინი, ფაქტობრივად, ერთმანეთის ნათესავები არიან. მიუხედავად ამისა, დევნოზაშვილს მიაჩნია, რომ გარეთ ბევრი სიბინძურეა, რის გამოც ურჩევნია, ბავშვები სახლში გამოკეტილი ჰყავდეს. ამის შესახებ საუბარი სკოლის დირექტორს საერთოდ აუკრძალა.

სოცმუშაკი მაია ხაბულიანი ამბობს, რომ რაც შეეძლოთ, ყველაფერი სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. მისი თქმით, ახლაც ფიქრობენ, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს. კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა სასამართლოს განჩინების აღსრულება, გვპასუხობს, რომ შესაძლოა, ამით გაცილებით ცუდი შედეგი დამდგარიყო, რადგან არცერთ ბავშვს სურს ოჯახის დატოვება.

სოციალური მომსახურების სააგენტომ საქმეში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანეც ჩართო, თუმცა ვერც სასულიერო პირმა მოახერხა ამირან დევნოზაშვილისთვის აზრის შეცვლა. როგორც მიტროპოლიტი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, დევნოზაშვილმა მას უთხრა, რომ მართლმადიდებელი წმინდანის, ეგნატე ბრიანჩანინოვის სწავლებით მოქმედებს, თუმცა, მიტროპოლიტის თქმით, დევნოზაშვილი ეპისკოპოსის სწავლებებს არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს.

ეკა სხილაძე

ამირან დევნოზაშვილის ოჯახის ამბავი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა  გასულ კვირას P.S.-ში მომზადებული სიუჟეტის შემდეგ გაიგო და დაიწყო შესწავლა. როგორც ომბუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე ამბობს, საქმის კურსშია მათი რეგიონული წარმომადგენლობაც სვანეთში. სახალხო დამცველის აპარატი ამ ეტაპზე შესაბამისი უწყებებიდან ელოდება წერილობით კორესპონდენციას მათ მიერ გატარებული რეაგირების შესახებ.

სხილაძის თქმით, პირველ რიგში, შესაფასებელია, რამდენად ეფექტიანი იყო სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კოორდინაცია და რეაგირება სახლში გამოკეტილი ბავშვების საკითხზე. სწორედ ამის შემდეგ შეიმუშავებს ომბუდსმენი რეკომენდაციას.

ომბუდსმენის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია როგორც ბავშვთა განათლების უფლების დაცვა, ისე – საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამისთვის კი სახელმწიფოს შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაედგა, რასაც ომბუდსმენის ოფისი შეისწავლის და დასკვნასაც ამის შემდეგ დადებს. როგორც სხილაძე ამბობს, სხვადასხვა უწყებისგან ელოდებიან კონკრეტულ ინფორმაციას:

“ფაქტია, რომ პრობლემა ვერ აღმოიფხვრა და რატომ ვერ აღმოიფხვრა, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი უახლოეს პერიოდში გააკეთებს დასკვნას.”

ბავშვთა უფლებადამცველი, ანა არგანაშვილი კი აცხადებს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს უმოქმედობის ბევრი ნიშანი, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად გამოწვეულია დაბალი კომპეტენციით და იმ გარემოებით, რომ სააგენტო ბავშვთა დაცვის მიმართულებით ძალიან დაბალი სტანდარტით მუშაობს.

ანა არგანაშვილი

ანა არგანაშვილის შეფასებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ძალიან სერიოზული ხარვეზები ბავშვთა უფლებების კუთხით.

არგანაშვილის თქმით, განცხადებაში სააგენტო აქცენტს აკეთებს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობაზე და ავიწყდება სხვა უამრავი სახის ძალადობა, მათ შორის, ფსიქოლოგიური, ემოციური, ეკონომიკური და ა.შ. მისივე განცხადებით, საქართველოში ბავშვთა დაცვის სტანდარტი დაბალია, რისი ილუსტრაციაც სწორედ ამირან დევნოზაშვილის ოჯახთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების უმოქმედობაა.

ანა არგანაშვილის მოსაზრებით, სახელმწიფო თავს იმართლებს, როდესაც იმ სოციალური პროგრამების შესახებ საუბრობს, რაშიც სახლში გამოკეტილი ბავშვები არიან ჩართული. რეალურად კი, სახელმწიფო სტრუქტურები იმ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასაც კი ვერ ახერხებენ, რომლითაც ბავშვები ოჯახიდან უნდა გამოეყვანათ.

გაეროს ბავშვთა ფონდი მიიჩნევს, რომ რვა ბავშვი, რომლებიც მამას – ამირან დევნოზაშვილს სახლში ჰყავს ჩაკეტილი, ძალადობის მსხვერპლია. “იუნისეფის” განცხადებითვე, სახელმწიფომ მყისიერად უნდა აღადგინოს სახლში ჩაკეტილი ბავშვების უფლებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი