ახალი ამბები

იუნისეფის განცხადებით, სახლში ჩაკეტილი ბავშების უფლებები მყისიერად უნდა აღდგეს

29 იანვარი, 2018 • 3026
იუნისეფის განცხადებით, სახლში ჩაკეტილი ბავშების უფლებები მყისიერად უნდა აღდგეს

გაეროს ბავშვთა ფონდი მიიჩნევს, რომ რვა ბავშვი, რომლებიც მამას – ამირან დევნოზაშვილს სახლში ჰყავს ჩაკეტილი, ძალადობის მსხვერპლია. “იუნისეფის” განცხადებითვე, სახელმწიფომ მყისიერად უნდა აღადგინოს სახლში ჩაკეტილი ბავშვების უფლებები.

გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის თქმით, განვითარება, განათლების მიღება და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა ბავშვის ფუნდამენტური უფლებებია.

“ამ საქმის შესწავლისას შეიძლება სხვა უფლებების დარღვევაც გამოვლინდეს. ერთი შეხედვითაც ცალსახაა, რომ ბავშვის უფლებების უგულებელყოფა ხდება და ძალადობის მსხვერპლი არიან ეს ბავშვები, რადგან ამ უფლებების უგულებელყოფა უკვე ძალადობაა. მნიშვნელოვანია, ბავშვებს რაც შეიძლება სწრაფად აღუდგეთ მათი უფლებები. ეს როგორ უნდა მოხდეს, ამაზე სისტემამ, სხვადასხვა უწყებმა უნდა იმსჯელოს, მათ შორის, სამართალდამცავმა ორგანოებმა. ზოგადად ვიტყოდი, რომ სისტემა უნდა ახდენდეს უფრო ეფექტიან და დროულ რეაგირებას ასეთ შემთხვევებზე, თუ ამ კონკრეტულ სისტემამდე მიდის ეს ინფორმაცია. მასზე უნდა რეაგირებდეს მყისიერად სახელმწიფო და უპირატესობა უნდა ენიჭებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებებს. ასეთი ფაქტები ცალსახაა, რომ არ უნდა ხდებოდეს”, – ამბობს მაია ქურციკიძე “ნეტგაზეთთან”.

რა ვიცით დევნოზაშვილების ოჯახზე, სადაც 8 შვილი მამის გადაწყვეტილებით, ბავშვები არც სკოლაში დადიან და გარესამყაროსთან კომუნიკაცია აკრძალული აქვთ:

[checklist]

  • ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი ჰყავს, 3 ბიჭი და 5 გოგო. ყველაზე უფროს შვილი 21 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი, 7 წლის.
  • ოჯახში მუდმივად ცხოვრობს ოჯახის 11 წევრი: მამა, დედა, ბებია და ცოლ-ქმრის 8 შვილი. შვილებიდან 3 უკვე სრულწლოვანია, მეოთხე შვილი წელს ხდება 18 წლის.
  • ბავშვებს სკოლაში არასდროს უვლიათ, ამირან დევნოზაშვილი მიიჩნევს, რომ შვილებს უკეთესად ზრდის, ვიდრე სკოლაში.
  • სახელმწიფომ 2010 წლიდან იცის, რომ ამირან დევნოზაშვილი შვილებს სახლიდან არ უშვებს
  • ოჯახი ჩართულია პრევენციის პროგრამაში და სოციალური მუშაკი დღემდე მუშაობს მათთან.
  • დედას აქვს უმაღლესი პედაგოგიური განათლება და ეხმარება ბავშვებს სწავლის პროცესში.
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, ოჯახთან მუშაობის პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რესურსცენტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სოფლის სკოლის დირექტორი, სოფლის ექიმი და ცაგერ-ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსი, თუმცა მათ აზრი ვერ შეაცვლევინეს
  • 2011 წელს მშობლებს შეზღუდული ჰქონდათ  მშობლის წარმომადგენლობითი  უფლებამოსილება  სასამართლოს მიერ, მაგრამ სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა.
  • სააგენტოს ცნობითვე, ოჯახთან მუშაობის დროს არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, მშობლები შესაძლებლობის ფარგლებში ზრუნავენ შვილებზე.
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს უმოქმედობის ბევრი ნიშანი, რაც დაბალი კომპეტენციით და ბავშვთა დაცვის ძალიან დაბალი სტანდარტითაა გამოწვეული.
  • ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, ამირან დევნოზაშვილმა მას უთხრა, რომ მართლმადიდებელი წმინდანის, ეგნატე ბრიანჩანინოვის სწავლებით მოქმედებს, თუმცა, მიტროპოლიტის თქმით, დევნოზაშვილი ეპისკოპოსის სწავლებებს არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო. მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, გამოძიება დაადგენს, არიან თუ არა ისინი შინაპატიმრობაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი