ნეტგაზეთი | ხელისუფლების დუმილი პატიმრების შელახულ ღირსებაზე ხელისუფლების დუმილი პატიმრების შელახულ ღირსებაზე – Netgazeti
Batumelebi | RU

ხელისუფლების დუმილი პატიმრების შელახულ ღირსებაზე

გაზეთ “ქრონიკა+”-ის მიერ ციხის კადრების გავრცელებიდან სამი დღე გავიდა, თუმცა საქართველოს მთავარი პროკურატურა არ პასუხობს შეკითხვას, დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულ მასალასთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რომ გამოქვეყნებულ კადრებში ასახული პირების სრულად იდენტიფიცირება შესაძლებელია, არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გვპასუხობენ შეკითხვაზე, რატომ არ იღებს ზომებს სუს-ი კადრების დაბლოკვის შესახებ. გავრცელებული ვიდეომასალა ამ დრომდე ხელმისაწვდომია იუთუბზე.

“ქარონიკა+”-ის ვებ- გვერდზე ვიდომასალა კვირას, 14 აგვისტოს საღამოს რამდენიმე ნაწილად გამოქვეყნდა. გაზეთის რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, კადრები აჩვენებს, რომ 2012 წლის წინასაარჩევნოდ გავრცელებული ციხის კადრები, კონკრეტულად კი ე.წ. “ცოცხის ეპიზოდი”, დადგმულია.

“რა თქმა უნდა, არავის აქვს იმის ილუზია, რომ ციხეებში წამება არ ხდებოდა. სისტემური დანაშაულის მაჩვენებელი არის კარანტინის დაშლის კადრები”,- ამბობს კილაძე.

ელისო კილაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ კადრები მას შემდეგ მიაწოდეს, რაც ლადო ბედუკაძემ პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო. მისივე მტკიცებით, კადრები სწორედ ლადო ბედუკაძის მიერაა გადაღებული. ბედუკაძე ამჟამად პრორუსული პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” ერთ-ერთი ლიდერია. მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პატიმრების წამების ამსახველი ვიდეობი გაავრცელა. ის თავადაც მონაწლეობდა გადაღებაში. “ნეტგაზეთი” ლადო ბედუკაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ “ქრონიკა+”-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა არ უნახავს და ამ საკითხზე საუბარი არ სურს.

“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, აღნიშნული ვიდეობის გავრცელებამდე, მონაწილეობდა ეკა კვესიტაძის გადაცემაში “აქცენტები”, რომლის ერთ-ერთი გამოშვება სწორედ ციხის კადრებს მიეძღვნა. ამ გადაცემაშიც კილაძე ამბობს, რომ “ცოცხის ეპიზოდის” ნახვის შემდეგ მისთვის ნათელი გახდა, რომ ეს ეპიზოდი დადგმული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეკა კვესიტაძის გადაცემაში გასული კადრების ნაწილი და ელისო კილაძის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის ნაწილი ერთმანეთს ემთხვევა, კილაძე ამბობს, რომ ციხის კადრების სრული ვერსია, რაც 3 დღის წინ გამოაქვეყნა, იმ დროს, როცა “აქცენტები” ეთერში გავიდა, 2015 წლის 25 ოქტომბერს, არ ჰქონდა. შესაბამისად, არც თავად მიუწოდებია რაიმე ვიზუალური მასალა “აქცენტებისთვის”:

“არ დამიმალავს, პირდაპირ შეგიძლიათ მკითხოთ, არ მქონია ეს კადრები შენახული, არ დამიმალავს, როგორც კი ვიღებთ ჩვენ მასალებს , იმ მომენტშივე ვასაჯაროებთ”- აცხადებს კილაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

ციხის კადრებთან დაკავშირებით  არსებული ერთ-ერთი დისკურსი ამტკიცებს, რომ კადრები, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გავრცელდა, დადგმული იყო, მხოლოდ ე.წ “ცოცხის ეპიზოდზე” აქცენტირებს, ციხეში სისტემური დანაშაული არსებობას ისინი არ უარყოფენ და ამის დასტურად ე.წ. “კარანტინის დაშლის” კადრებს იშველიებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ “ცოცხების ეპიზოდმა” გადაწყვიტა 2012 წლის არჩევნების ბედი და ეს ნაწილი დადგმული იყო.

ციხეში წამებისა და არაადამინური მოპყრობის სისტემურობას აჩვენებს კვლევაც, რომელიც ფონდ “ღია საზოგადოება საქართელოს” დაფინანსებით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 1199 იმდროინდელი და ყოფილი პატიმარი გამოკითხეს. რესპოდენტთა 75.4% აცხადებს, რომ მათ ფიზიკურად აწამებდნენ, ხოლო 84.2% მიუთითებს, რომ ისინი იყვნენ ფსიქიკური წამების მსხვერპლნი.

Screen Shot 2016-08-17 at 10.42.25 AM

სქრინშოტი ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” კვლევიდან

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სწორედ აღნიშნული კვლევა აჩვენებს, რომ წამებას ჰქონდა სისტემური, ყოველდღიური და ხშირად მიზანმიმართული სახე.

“ბუნებრივია, თუ ესა თუ ის კადრი არ არის ნამდვილი და ამა თუ იმ მიზეზით მოხდა მისი ფაბრიკაცია, ეს არის საზოგადოებრივი ინტერესის საგანი და ლეგიტიმური კითხვები შეიძლება გაუჩნდეს საზოგადოებას და ამას  უნდა გაეცეს დამაჯერებელი და სრულყოფილი პასუხები, მაგრამ არასწორია იმის მტკიცება, რომ წამება საქართველოს ციხეებში არ იყო ისეთი მასშტაბური და მძიმე, როგორიც ის სინამდვილეში  იყო. ამ არგუმენტზე აქცენტირება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ წამებაში  მონაწილე ადამიანები და ამ სისტემის შემოქმედები დარჩნენ დაუსჯელები”,- ამბობს ნაცვლიშვილი.

წამების და სექსუალური ძალადობის კადრები ფიგურირებს ე.წ. “კასრების საქმეშიც”, რომლის დროსაც, პროკურატურის ცნობით, ორი პირი ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებისთვის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ჯერ სცემეს და აწამეს, შემდეგ კი მათზე სექუალური ძალადობა განხორცეილდა. ძალადობის ამსახველი ფირები მტკიცებულების სახით სისხლის სამართლის საქმეს დაერთო, რომელზეც 2015 წლის ოქტომბერში საქალაქო სასამართლომ 11 პირი დამნაშავედ სცნო.

კადრებში ასახული პირების შელახული ღირსება და დარღვეული უფლებები

“ქრონიკა +”-ის მიერ გავრცელებული მასალის ქრონომეტრაჟი, ჯამში, 50 წუთამდეა. ვიდეოკადრებში არაერთი პირია აღბეჭდილი და ახლო ხედით ჩანს უმეტესობის სახეები, ზოგიერთ შემთხვევაში ისმის მათი სახელებიც.

გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ამბობს, რომ ვიდეოების გავრცელებაზე დიდხანს ფიქრობდა, თუმცა მასალა, რომ დაემონტაჟებინა, ან სახეები დაეფარა, მისი სანდოობა ეჭვქვეშ დადგებოდა:

“მე სრულად ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას, ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში, ვინც კადრებში მონაწილეობს . ეს გადაწყვეტილება მივიღე მხოლოდ იმის გამო,  რომ ეს არის რეალობა, რომელმაც თავის დროზე, 2012 წელს, შეცვალა მათ შორის პოლიტიკური სიტუაციაც, და მე იმ შემთხვევაში, თუ ამ სახეებს დავფარავდი, ძალიან რთული იქნებოდა ჩემთვის იმის მტკიცება, რომ ერთსა და იმავე ადამიანებზეა საუბარი.  ეს ადამიანები ყველა იდენტიფიცირებულია,  ყველა მათგანს ჩვენებები აქვს მიცემული, უმეტესობა დევს სისხლის სამართლის საქმეში, სასამართლო  პროცესებზე გამოვიდნენ. ეს არ არის  გაუპატიურების სცენები და არ არის ისეთი სცენები,  რომელიც არის ინტიმურ და პირად საიდუმლოსთან დაკავშირებული. მე მგონია, რომ მთლად ქვეყანა არ დამიქცევია, მე მინდოდა, რომ ადამიანებს რეალურად დაენახათ ის, რაც ვნახე ამ კადრებში”,- გვეუბნება კილაძე.

პატიმრების კადრების გავრცელებას გამოეხმაურა უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის პერონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი, რომელიც აღნიშნავს, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახული პირების სრულად იდენტიფიცირება ხელყოფს მათ პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ზიანს აყენებს მათი და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ინსპექტორის მანდატი არ ვრცელდება მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქმიანობის პროცესზე, მედია ვალდებულია დაიცვას ბალანსი საზოგადოების ინფორმირებასა და მოქალაქეთა პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობას შორის. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთ მსხვერპლს და გავრცელების ფორმა იძლევა მასზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის საშუალებას”, – აცხადებს, პერსონალურ მონაცემთდა დაცვის ინსპექტორი.

ინსპექტორის გარდა, სახალხო დამცველსაც მიაჩნია, რომ ვიდეობის ამ ფორმით გავრცელება არღვევს ამ ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ხელყოფს მათ პატივსა და ღირსებას. სახალხო დამცველი თვლის, რომ “ქრონიკა +”-მა  დაუყოვნებლივ უნდა წაშალოს ვიდეომასალა, ხოლო მთავარმა პროკურატურამ უმოკლეს ვადაში დაიწყოს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის დარღვევის საკითხის შესაფასებლად, რომელიც გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა მთავარ პროკურატურას, რომელიც უკვე 2 დღე არ გვცემს შეკითხვაზე პასუხს, დაიწყო თუ არა კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილიც თვლის, რომ ამ შემთხვევაში საუკეთესო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან კადრების დაბლოკვა, მათზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და კადრების წარმომავლობა/გავრცელების შესახებ გამოძიების დაწყებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდოების გამოქვეყნებიდან თითქმი 48 საათი გავიდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე არ უზრუნია. ვიდოები ამჟამადაც ხელმისაწვდომია იუთუბზე. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სუს-ის პრესამსახურს, აპირებს თუ არა უწყება მიიღოს ზომები იმისათვის, რომ ვიდეობი იუთუბზე იოლად ხელმისაწვდომი არ  იყოს, პრესსამსახური დაგვპირდა, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაარკვევდა, თუმცა დღის განმავლობაში “ნეტგაზეთის” ზარებს არ უპასუხა.

ციხის კადრებით მანიპულირება მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების წინ

წინასაარჩვენოდ უკვე მეორედ ხდება ციხის ამსახველი კადრების გავრცელება. განსხვავება ის არის, რომ თუ 2012 წელს ციხის კადრების გავრცელება წინა ხელისუფლების მიერ წამების და არაადამიანური მოპყრობის სისტემურობის ჩვენებას ემსახურებოდა, ახლა კადრების ე.წ. სრული ვერსიების გავრცელებით იმაზე კეთდება მინიშნება, რომ ციხის კადრების ნაწილი მაინც დადგმული და იმიტირებული იყო, ე.წ. “კარანტინის დაშლის” კადრების გარდა.  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ რადგან წამებისა და არაადამიანურ მოპყრობას სამართლებრივი შეფასება არ მიეცა და ადეკვატური სახელი არ დაერქვა, ეს თემა  მუდმივად წარმოადგენს მანიპულაციის საგანს ხელისუფლების და ოპოზიციის ხელში:

“გამოსავალი, რომ დამთავრდეს ადამიანის უფლებების განმეორებით შელახვა, არის ის, რომ ამ საკითხს მიეცეს სამართლებრივი შეფასება, დაერქვას მას თავისი სახელი და დამთავრდეს ამ თემის გამოყენება სხვა მიზნებისთვის. ეს დაუშვებელია, დაუშვებელია ადამიანების ტრაგედიებით მანიპულირებდეს ან პოლიტიკური ძალა, ან სხვა აქტორი”, – გვეუბნება ნაცვლიშვილი.

რას გულისხმობენ უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები, როცა წამებისა და არაადამინური მოპყრობის მიმართ სახელმწიფოს რეაგირების არასათანადო დამოკიდებულებაზე საუბრობენ? პირველ რიგში, წამებაში მონაწილე პირების დაუსჯელობას, ან მათ მიმართ ძალიან მსუბუქი სასჯელების გამოყენებას.

ციხის კადრები პირველად 2012 წლის სექტემბერში, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ლადო ბედუკაძემ გაავრცელა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში 2001 წლიდან მუშაობდა. მისივე თქმით, პატიმრების წამებამ საპყრობილეებში სისტემური ხასიათი 2006–2007 წლებში მიიღო, როცა სასჯელაღსრულების სისტემას ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. ბედუკაძე ამბობდა, რომ 2010 წლიდან ციხის თანამშრომლებს კამერები დაურიგდათ და წამების პროცესის ფირზე აღბეჭდვა დაევალათ. ამ დროს სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტს ხათუნა კალმახელიძე იკავებდა. ბედუკაძის ინფორმაციითვე, პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში საპყრობილეების 5000 თანამშრომელი მონაწილეობდა, რადგან ბრძანებას ყველა ასრულებდა. თუმცა საკუთარ თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისივე თქმით, “ანგელოზი არავინ არის”, მათ შორის არც ის.

მართალია, ბედუკაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, მაგრამ სასამართლომ მის მიმართ 2013 წელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ხოლო მაშინდელ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს ბედუკაძისთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის განმარტებების გაკეთება მოუწია.

ლადო ბედუკაძეს ბრალი შვიდი ეპიზოდით ჰქონდა წარდგენილი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით, რაც, ჯამში, 30 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მასთან საპროცესო შეთანხმება დადო და ლადო ბედუკაძე, მიუხედავად გამამტყუნებელი განაჩენისა, სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. არჩილ კბილაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სხვა მიზეზებთან ერთად იმ სიკეთის გამო მიიღო, რომელიც აღნიშნული კადრების გავრცელებით საზოგადოებას მიადგა.

ლადო ბედუკაძის გარდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით 2013 წელს 15 პირი გაასამართლეს, თუმცა არც ერთ მათგანს სასჯელის ზომად 7 წელზე მეტი არ განსაზღვრია, უმეტესობის შემთხვევაში კი სასჯელის ვადა 2 წლამდე მერყეობდა.

ანა ნაცვლიშვილი გვიხსნის, რომ ზოგადად სისტემური დანაშუალის გამოძიების და შემდეგ მასზე რეაგირების მიზანი 3 მიმართულებად იყოფა. პირველ რიგში, დამნაშავე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, მეორე, სახელმწიფომ მსხვერპლის რეაბილიტაციაზე უნდა იზრუნოს, რადგან წამება არის იმ ტიპის დანაშაული, რომელიც ადამიანს მთლიანად აგდებს კალაპოტიდან, და მესამე, რაც გამოძიებამ უნდა მოიტანოს, გულისხმობს საზოგადოების მხრიდან იმის გააზრებას, თუ რამ შეუწყო ხელი სისტემური დანაშაულის წარმოშობას, რა სახელმწიფო ინსტიტუტები იყო სუსტი და რა სტრატეგია, კანონი უნდა შეიმუშაოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ მომხდარი აღარ განმეორდეს.

“დღევანდელი მდგომარეობით ვერც ერთი მიმართულებით ვერ ვიტყვით, რომ ადეკვატური ნაბიჯებია გადადგმული”,- ამბობს ანა. 

P.S. მასალის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურ “ნეტგაზეთს” დაუკავშირდა და განმარტა, რომ გავრცელებული ვიდეომასალების დაბლოკვისთვის სუს-ს სასამართლოს გადაწყვეტილება ესაჭიროება, ხოლო გამოძიების დაწყება პროკურატურის პრეროგატივაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com