ახალი ამბები

კბილაშვილის არგუმენტები ბედუკაძის გათავისუფლების შესახებ

9 ივლისი, 2013 • • 1263
კბილაშვილის არგუმენტები ბედუკაძის გათავისუფლების შესახებ

“საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ სასამართლოში მიმდინარეობდა სექტემბერში გავრცელებულ ვიდეოკადრებში პატიმართა წამების საქმის განხილვა. ეს სასამართლო დავა დასრულდა და ერთ–ერთ პირთან ვლადიმერ ბედუკაძესთან გაფრორმდა საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თაამშრომლობის შესახებ და ის გათავისუფლდა ყველა პასუხისმგებლობისაგან,” – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.  

 

მისი თქმით, მისი გადაწყვეტილება ორი ფაქტორით – სამართლებრივი და შინაარსობრივი ასპექტით აიხსნება: 

 

“ფორმალურად საკითხი მოწესრიგებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით. კერძოდ, ამ მუხლის  პირველი ნაწილი მთავარ პროკურორს ანიჭებს უფლებას ნებისმიერ დანაშაულზე გამოიყენოს უფლებამოსილება და პირი გაათავისუფლოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, სასჯელისაგან ან საქმეს გადახედოს. ეს პირი შეიძლება იყოს ბრალდებული ან მსჯავრდებული, ასეთ უფლებამოსილებას კანონი ითვალისწინებს”.  

 

რაც შეეხება შინაარსობრივ ასპექტს, რა გარემოებები გახდა იმის საფუძველი, რომ ამ უფლებით კბილაშვილს ესარგებლა: “იმ დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოვაწერე, არის ჩამოთვლილი დანაშაულებრივი ეპიზოდები, რაც ბედუკაძემ ჩაიდინა. ამის იქეთ ჩვენ იმ დოკუმენტში აღვწერეთ ის გარემოებები, რამაც გადამაწყვეტინა მისი გათავისუფლება.” 

 

კბილაშვილის განცხადებით, ქართულმა საზოგადობამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს სარგებელი ამ ვიდეომასალების გავრცლებით:

 

“რაც ეს მასალები გამოქვეყნდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში შეწყდა პატიმართა წამება. ეს ყველაზე მეტი დამსახურებაა, რაც ამ ვიდეომასალებმა წარმოშვეს. ჩვენ ამ  ვიდეომასალებზე დაყრდნობით დავიწყეთ გამოძიება, 18 დაწესებულებიდან დავკითხეთ 2300 პატიმარი, რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი. დასკვნა გავაკეთეთ 2300 პატიმრის ჩვენენბეზე დაყრდნობით.”

 

კბილაშვილმა ისაუბრა წამებისა და არადამიანური მოპყრობის მეთოდებზე, რაც გამოძიებისთვის ცნობილი გახდა 2300 პატიმრის ჩვენებების შედეგად, მაგალითად, წყლით სავსე ჭურჭელში თავის ჩაყოფა, სილის ჭამა, ხელფეხშეკრულის სავარჯიშო ძელზე დაკიდება, პატიმართა მასობრივი დასჯა, სამედიცინო დახმარების, წამლის მოთხოვნის გამო პატიმრების სასტიკად ცემა, კბილების ჩამტვრევა, ნეკნების დაზიანება. კბილაშვილის თქმით, ხშირად იკეტებოდა წყალი, რაც იწვევდა ანტისანიტარიას, ბანაობის დროს წყალს უწყვეტდნენ სისტემატიურად პატიმრებს, მხოლოდ ცივ ან ცხელ წყალს უშვებდნენ, აიძულებდნენ ცხელი საჭმელი ეჭამათ რამდენიმე წუთში და თუ ვერ შეჭამდნენ, ღვრიდნენ საჭმელს; იყო გაუპატიურების და გაუპატიურების მუქარის ფაქტები, კარანტინის დაშლის დროს არაჰუმანური მოპყრობა – ე.წ. წითელი პარასკევის მოწყობა და ა.შ.

 

“ამ კადრების გამოქვეყნების გამო მსგავს პირობებში აღარ იქნება პატიმრები; მეორე არგუმენტი – ლადო ბედუკაძემ ეს ვიდეომასალა, სადაც წამებაა ასახული, გადასცა 2011 წლის სექტემბერში გასავრცელებლად”, – განაცხადა კბილაშვილმა. მოგვიანებით მან “ნეტგაზეთთან” საუბარში დააზუსტა, რომ  ბედუკაძემ ეს კადრები ზემოხსენებულ პერიოდში გიორგი ლომიას გადასცა, რომლისგანაც მოხდა მისი გავრცელება.

 

საზოგადოებისთვის ეს ვიდეომასალა ცნობილი გახდა 2012 წლის სექტემბერში, თუმცა, მთავარი პროკურორის თქმით, ეს ვიდეოამასალა ბედუკაძემ ერთი წლით ადრე გადასცა გასავრცელებლად, როდესაც მას პოლიტიკურ შეღავათზე არ შეიძლებოდა ჰქონოდა რაიმე მოლოდინი.

 

“მესამე არგუმენტი – ჩვენ ლადო ბედუკაძის ქმედების შესახებ ყველა ეპიზოდი მოვიპოვეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის წარმოადგინა ლადო ბედუკაძემ, შვიდი ეპიზოდი, რომელშიც ჩვენ მას ბრალი დავდეთ, შვიდივე ეპიზოდი არის მის მიერ წარმოდგენილი მასალა, შაჰიდის ქამარი შემოიჭირა საკუთარი თავის აფეთქების ჩათვლით, მას არაფერი არ რჯიდა, რომ ეს გაეკეთებინა”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

მთავარი პროკურორის თქმით, საკუთარი თავის მხილებასთან ერთად ბედუკაძემ ამხილა სისტემა. კბილაშვილის თქმით, სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით, ბედუკაძეს შვიდივე ეპიზოდისთვის 30 -წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.

 

“ეს არ არის ისეთი დრო, რომელიც შეიძლება სათამაშოდ ვინმეს წარმოეჩინა. კადრების გავრცელებით მან საკუთარი თავი დაუქვემდებარა 30 წლით სასჯელის მოხდას ციხეში”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

კიდევ ერთი არგუმენტი, რაზეც კბილაშვილმა მიუთითა, არის ის, რომ “ამ ადამიანს არ უვაჭრია და ფული არ გაუკეთებია” ამ ვიდეომასალებით.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარ პროკურორს გუშინ მიმართა წერილობით პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რათა გამოინახოს სამართლებრივი საფუძველი გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გადახედვის. საპროცესო შეთანხმების შედეგად, რომელიც პროკურატურამ გაუფორმა ბედუკაძეს, ეს უკანასკნელი სრულად გათვისუფლდა სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი