ახალი ამბები

ოკუპანტებმა კნოლევთან საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

16 თებერვალი, 2024 • 944
ოკუპანტებმა კნოლევთან საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა და ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებსაც.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვანდალიზმის ფაქტზე დააკავეს.

„საქართველოს ორი მოქალაქე, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მდგომარეობაში, უკანონოდ შევიდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და დააზიანეს სახელმწიფოთაშორისი გამყოფი ხაზის დაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყენებული საინჟინრო ნაგებობები. მოძალადეებმა თავიანთი უკანონო ქმედებები მობილურით გადაიღეს — სავარაუდოდ, პროდასავლური არაკომერციული ორგანიზაციების კურატორებისთვის მოსახსენებლად, რომლებიც რეგიონში „ევროპული“, მათ შორის ლგბტი ღირებულებების დამკვიდრებას და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში წინასააღჩევნო კამპანიის წინ დესტაბილიზაციას ცდილობენ“, — ნათქვამია განცხადებაში.

სამხრეთ ოსეთის КГБ აღნიშნავს, რომ ვანდალიზმის აქტები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თბილისის ერთგულებას მშვიდობიანი დიალოგისადმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი