სამართალი

ოსურმა მხარემ დაკავებული ქართველები გაათავისუფლა

1 თებერვალი, 2012 • 1971
ოსურმა მხარემ დაკავებული ქართველები გაათავისუფლა

დღეს, 1 თებერვალს, ერგნეთის საგუშაგოზე ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს საქართველოს 5 მოქალაქე გადასცა. ძმები მურაზ და დავით თაყაძეები, ნოდარ მაღალაძე, შალვა პაპიტაშვილი და მურმან ტატიაშვილი გორის რაიონის სოფელ კირბლის მცხოვრებლები არიან.

ერთი კვირის წინ ისინი სოფლის მიმდებარე ტყეში რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. სოფელი კირბალი ღრომის ხეობის ოსურ სოფლებს ესაზღვრება, იქვე ტყეში კი რუს და ოს მესაზღვრეებს საგუშაგოები აქვთ მოწყობილი. სოფლის რწმუნებულის, ილია ოქროაშვილის განცხადებით, დაკავებულთა შორის ორი მათგანი ხანშიშესულია, ისინი ტყეში შეშის მოსაჭრელად იყვნენ წასულები, როცა რუსებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს.

„შეშის გულისთვის იქვე ახლოს გავიდნენ, არც გადასაულან იმათ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, თან ორი კაცი 75 წელს მიღწეული მოხუცია. ძალიან კარგი ადამიანები არიან. ეს სოფელი მაგ ტყით საზრდოობდა, ადგილობრივები მიჩვეულები არიან, რომ შეშა მანდედან უნდა გამოიტანონ, ხშირად ქვემოთა სოფლების მცხოვრებლებიც მათგან ყიდულობდნენ. ეს იყო მათი შემოსავლის მთავარი წყარო და ახლაც ზოგი ცდილობს, რომ როგორმე მოჭრას და ხანდახან ეს გამოსდით, ხან კი აკავებენ,“ –აცხადებს “ნეტგაზეთთან” საუბარში ილია ოქროაშვილი.

ერთი კვირის განმავლობაში ოსური მხარე დაკავებულთა  ვინაობის დადგენას ცდილობდა. საქმის კურსში როგორც ქართველი სამართალდამცავები, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იყვნენ.  მათ გასათავისუფლებლად პოლიცია ოსურ მხარესთან მოლაპარაკებას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შექმნილი ცხელი ხაზის მეშვეობით აწარმოებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ წელს დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე ოსურმა მხარემ ოპერატიულად გაათავისუფლა.

„გათავისუფლება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მოხდა. წელს ვინც დააკავეს, ყველა თავისუფალია, ვნახოთ, თუ ასე გააგრძელეს, კარგი იქნება,“– ამბობს შოთა უტიაშვილი.

დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, იანვარში ოსურმა მხარემ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 15 მოქალაქე დააკავა, მაგრამ მათი უკან დაბრუნება სწრაფად ხდებოდა.

ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე იხდის სასჯელს. მათი გათავისუფლების საკითხი ქართულმა მხარემ იანვრის ბოლოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მე–19 შეხვედრაზეც დააყენა, რომელიც სოფელ დვანში გაიმართა. ოსური მხარე, თავის მხრივ, საქართველოს სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ოსი პატიმრების გაცვლას ითხოვს. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სოფელ კირბლის მიმდებარე  ტყეში კი ეს ადამიანების დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. ტრადიციულად, ამ სოფლის მოსახლეობა მიმდებარე ტყით სარგებლობდა და ახლაც კირბალელები რისკის ფასად შეშის დასამზადებლად ოკუპირებულ ტყეში მაინც შედიან. ბოლო წლებში კონფლიქტის ზონაში ყველაზე სახიფათო ზონად კირბლის მიმდებარე ტერიტორია გამოცხადდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ სოფლიდან ადამიანების დაკავების 20-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. ყველაზე დიდი დრო ბიძა–ძმისშვილის, ვაჟა და ბექა თაყაძეების, გათავისუფლებას დასჭირდა. ისინი 2010 წლის თებერვალში დააკავეს და ცხინვალის ციხეში თითქმის ერთი წელიწადი დაჰყვეს. მაშინ საქმეში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგიც ჩაერთო. ადგილობრივი პოლიციელები კირბალელებს ხშირად აფრთხილებენ, რომ ტყეში არ გავიდნენ, მაგრამ ადგილობრივები რისკის ფასად იქ მაინც მიდიან. რადგან ეს ტყე მათთვის როგორც გათბობის, ისე შემოსავლის წყაროდ ითვლება.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი