სამართალი

კონსტიტუციის 42 -ე მუხლი: სასამართლომ პოლიტიკური ნიშნით მერიიდან თანამშრომლის დათხოვნა დაადგინა

25 მარტი, 2016 • 1194
კონსტიტუციის 42 -ე მუხლი: სასამართლომ პოლიტიკური ნიშნით მერიიდან თანამშრომლის დათხოვნა დაადგინა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო ირაკლი კვარაცხელიას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება, აღადგინა იგი თანამდებობაზე, თბილისის მერიას დააკისრა განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება და ირაკლი კვარაცხელიას მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისა და შევიწროვების გამო მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის თბილისის მერიას 500 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დაავალა.

ირაკლი კვარაცხელია 2014 წელს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კრწანისის განყოფილების უფროსი იყო.

ინფორმაციას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კონსტიტუციის 42-ე მუხლი ავრცელებს, რომელიც სასამართლოში კვარაცხელიას ინტერესებს იცავდა. თავად სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.  გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხარეებს ორ კვირაში უნდა ჩაბარდეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე “კონსტიტუციის 42-ე” მუხლის ადვოკატი ანზორ ხატიაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეს არ უხსენებია სიტყვა “პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება”, თუმცა გადაწყვეტილება ამას ნიშნავს:

“ეს იგულისხმება, ამიტომ ჩვენ დისკრიმინაციული კანონის აღმოფხვრის საფუძველზე ვითხოვდით მორალური ზიანის ანაზღაურებას და სასარჩელო მოთხოვნაშიც ასე გვქონდა, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო ვთხოვდით”.

ირაკლი კვარაცხელია თბილისის მერის ბრძანებით დაკავებული თანამდებობიდან თბილისის მერის არჩევნების შემდეგ, 2014 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს.

კვარაცხელია ამტკიცებდა, რომ მას აიძულებდნენ, დაეწერა განცხადება და საკუთარი ნებით წასულიყო, რაც არ გააკეთა. მან საჯარო გახადა აუდიოჩანაწერი, რომელშიც კვარაცხელიას მტკიცებით, ზედამხედველობის სამსახურის მაშინდელი უფროსი, გეგი ნიჟარაძე და მისი მოადგილე, დავით მედულაშვილი სამსახურიდან წასვლას აიძულებდნენ.

ადვოკატის თქმით, კვარაცხელია სამსახურიდან ამ ჩანაწერის გასაჯაროების გამო დაითხოვეს თბილისის მერიის რეპუტაციის შელახვის საბაბით. ადვოკატი ამბობს, რომ ეს კვარაცხელიას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იყო.

მისივე ინფორმაციით კვარცხელია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია და არა წევრი. სასამართლოში მხარემ თბილისის მერის საჯარო განცხადებაც წარადგინა, რომელშიც ადვოკატის თქმით, დავით ნარმანია აცხადებდა, რომ მერია “გაიწმინდა” ძველი კადრებისგან.

მოსარჩელე ირაკლი კვარაცხელიას პროკურატურისთვისაც ჰქონდა მიმართული ხელმძღვანელი პირების მხრიდან განხორციელებული დევნის, იძულებისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა მერია სააპელაციო სასამართლოს ამ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” თბილისის მერიის პრესსამსახურს მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი