ნეტგაზეთი | გწამდეს სიყვარულისა გწამდეს სიყვარულისა – Netgazeti
RU | GE  

გწამდეს სიყვარულისა

ეს ნამუშევრები პროტესტის ნიშნად არ დამიხატავს, უბრალოდ, მინდოდა უფრო მეტი სიყვარული გამომეწვია მაყურებელში.

გალერა „ტიფლის ავენიუში“ ქართველი მხატვრის, მამუკა გიორგაძის პერსონალური გამოფენა – „გწამდეს სიყვარულისა“ გაიხსნა.

მხატვარი 10 წელიწადი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობდა, თუმცა ახლა საქართველოში დაბრუნდა, და როგორც თვითონ ამბობს, აქ აპირებს მუშაობის გაგრძელებას.
„არის რაღაც შემოთავაზებები პოლონეთიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან. მე და ამ გალერეის კიდევ ორი დამფუძნებელი ეკა მაჭარაძე და ივიკო ხოხლოვი, ვაპირებთ, რომ გავიტანოთ ქართული მხატვრობა:ფერწერა, გრაფიკა და ვაჩვენოთ ხალხს საზღვარგარეთ. ეს ძალიან საჭიროა.“

რაც შეეხება გამოფენას… წითელი ვაშლებით გაფორმებული გალერა სწორედ რომ ნახატების შესაფერისი იყო. თორმეტივე გამოფენილი ტილო ერთ თემას შეეხებოდა – ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას. შიშველი სხეულები და ვაშლები ყველა ნახატში ფიგურირებდნენ. მუქი ფერის კანი, დიდი ტუჩები და შავი თმა ამ ყველაფერს სამხრეთულ ელფერს სძენდა.
ქალისა და მამაკაცის ურთიეთობა, როგორც წესი, ხელოვნების ყველა დარგის ერთ-ერთი მთავარი თემატიკაა, თუმცა მამუკა გიორგაძემ თავის ნახატებში ეს ურთიერთობები გააშიშვლა (გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობითაც).

მამუკა გიორგაძის პერსონალური გამოფენა
მამუკა გიორგაძის პერსონალური გამოფენა

„ტიფლის ავენიუში“ მამუკა გიორგაძის გამფოენა 23 ნოემბრამდე გაგრძლდება. ასე რომ, დამთვალიერებელს კიდევ 4 დღე აქვს. რომ ნახოს გაშიშვლებული ურთიერთობები და მხატვრის თვალით დანახული და შემდეგ ტილოზე გადმოტანილი სიყვარული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანა გაბელაია