საზოგადოება

ძველმანების ბაზრობაზე ნაპოვნი 1930-იანი წლების უცნობი კადრები — “ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან”

6 დეკემბერი, 2023 • 14608
ძველმანების ბაზრობაზე ნაპოვნი 1930-იანი წლების უცნობი კადრები — “ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან”

ერთი წლის წინ ძველმანების ბაზრობაზე ნაპოვნი დიდი ჩემოდნიდან გაცოცხლებული 1930-იანი წლების თბილისისა და არამარტო თბილისის ყოველდღიურობის ამსახველი კადრები 6 დეკემბერს არტარეას სივრცეში გამოიფინა.

გურამ წიბახაშვილი და ირაკლი ხვადაგიანი გამოფენაზე „ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან“. ფოტო: ნინა ბაიდაური/ნეტგაზეთი

“ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან” – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც უცნობი ფოტოგრაფის ნამუშევრებს წარმოგვიდგენს: ქალაქის ყოფას, სპორტულ ღონისძიებებს, საქმიან სიტუაციებს, პორტრეტებს, აღლუმების ერთგვარ კულისებს, ვიდრე ქვეყანაში დიდი ტერორი დამყარდებოდა.

გამოფენის კურატორი გურამ წიბახაშვილია. ძველმანების ბაზრობაზე ამ უნიკალურ კოლექციას ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა მიაკვლია. 

თბილისი. საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ე.წ. “ცისფერი გალერეა”. საქართველოს საბჭოთა არქიტექტორთა გამოფენა. 1930-იანი წლები. ფოტოს ფრაგმენტი.

“საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლები რეგულარულად ვსტუმრობთ ხოლმე ბუკინისტურ მაღაზიებს, ქუჩის ბაზრობებს. ხშირად ხდება, როცა ოჯახებიდან ძალიან საინტერესო არტეფაქტები გაედინება და მერე ასეთ ადგილებში ხვდება. ერთ-ერთი ასეთი “ნადირობისას” წავაწყდი შარშან ერთ კონკრეტულ ადამიანთან მინის ფართო ფორმატის ნეგატივების კოლოფებს. რამდენიმე ვიყიდე.

ზედაპირული დათვალიერებითაც ჩანდა, რომ კარგად შენახული, იშვიათი ტიპის ნეგატივები იყო, გადაღებული სცენები კი – ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი. მითხრა, თუ ინტერესი გაქვს, სხვებსაც მოვიტანო. მეგონა, სულ 5-7 კადრი იქნებოდა. მაგრამ სავსე ჩემოდანი დამახვედრა. ჯამში, 500-მდე ნეგატივია”, — გვეუბნება ირაკლი ხვადაგიანი.

ნეგატივების ზედაპირული დათვალიერების მერე მალევე დაიწყო მათი გაციფრულება. “სოვლაბმა” ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილთან ერთად გადაწყვიტა, 1930-იანი წლების ყოფის ამსახველი ეს კადრები გამოფენას იმსახურებდა. ფოტოების ნაწილი ციფრულად დაიბეჭდა, ნაწილი კი გურამ წიბახაშვილმა ზუსტად იმ ტექნოლოგიით დაბეჭდა, რასაც გასული საუკუნის 30-იან წლებში იყენებდნენ და თავად უცნობი ავტორი გამოიყენებდა.

ფოტოგრაფის კვალი ჯერ არ ჩანს. იმ ადამიანის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვისგანაც ნეგატივები შეიძინეს, ეს შეიძლება ვინმე გიორგი ქათამაძე იყოს, თუმცა ვერსია ჯერჯერობით არ დასტურდება.

“გამოცდილი ანთროპოლოგი რომ აფიქსირებს ყოფა-ცხოვრების ძალიან საინტერესო და სახასიათო ელემენტებს, თითქოს ასე ამზადებდა ამ კოლექციას ეს ადამიანი, რომ თითქმის 100 წლის მერე, შეულამაზებლად, ოფიციალური ჩარჩოს გარეშე შეგვხედა მაშინდელი ცხოვრებისთვის. იმ დროს კამერა რეჟიმის სამსახურში იდგა და იშვიათი იყო, მოქალაქე ფოტოგრაფს ასე დაედოკუმენტირებინა რეალური ყოფა”, — ეუბნება „ნეტგაზეთს“ ირაკლი ხვადაგიანი.

სავარაუდოდ, უცნობი ფოტოგრაფის ავტოპორტრეტი

გამოფენაზე წარმოდგენილ კადრებში კრთება ტოტალიტარიზმის აჩრდილი ყოველდღიური ცხოვრების მიღმა. მაგალითად, ბელადების პორტრეტები სამუშაო სივრცეებში. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ კოლექციაში შეგიძლიათ დააკვირდეთ ქალაქს, მის ტრანსფორმაციას, როდესაც ბერიას ხელმძღვანელობით “სოციალისტური” რეკონსტრუქციები განხორციელდა. ძველი უნიკალური განაშენიანება ახალმა საბჭოურმა არქიტექტურამ შეცვალა. აქ შეგიძლიათ ნახოთ საბჭოური დემონსტრაციების ერთგვარი კულისები, სადაც აღლუმზე დგომით დაღლილი და გაბეზრებული ადამიანების რეალური განწყობები ჩანს.

“30-იანი წლების ბოლოს, როცა უკვე კონსოლიდირებულია რეჟიმი და პიკზეა ტოტალიტარიზმის დამყარების კამპანია, ჩანს, როგორ იძულებით და უხალისოდ არიან ამაში ადამიანები ჩართული, მოჩვენებითი მხიარულებით”, — გვეუბნება ირაკლი ხვადაგიანი და მისთვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კადრს გვაჩვენებს.

ფოტო, სავარაუდოდ ,გარეუბანშია გადაღებული, თბილისის ან სხვა ქალაქის. საბჭოური განაშენიანება დაწყებულია, ბავშვები უცნაურ საბჭოურ მასკარადში მონაწილეობენ, უკეთიათ ლენტები რუსული წარწერებით, “მადლობა სტალინს ჩვენი ბედნიერი ბავშვობისთვის”. 

მადლობა სტალინს ჩვენი ბედნიერი ბავშვობისთვის”

კოლექციაში მცირე ნაწილი შიშველ ნატურას ეთმობა, რაც იმ დროისთვის ძალიან იშვიათია.

“უნიკალურიცაა, თუ გავიხსენებთ მაშინდელ კულტურას, სტერეოტიპებს, სექსის, სხეულის, სექსუალობის აღქმებს”, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ ფოტოებს გურამ წიბახაშვილიც.

“ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამ კოლექციაში ის ფოტოები, სადაც ავტორის სავარაუდოდ ნაცნობი ქალია აღბეჭდილი. ასეთი ფოტოები ძალიან იშვიათია. ერთი გიგო გაბაშვილთან აღმოვაჩინეთ ადრე და ახლა აღმოჩნდა, რომ ამ ფოტოგრაფსაც აქვს მსგავსი. ეს არის პატარა მცდელობა, რომ თავისუფლების ფანჯარა იპოვო. შენთვისაა, შენი პირადია, მაგრამ მაინც ფანჯარაა”, – გვეუბნება ფოტოგრაფი.

იმ დროს კამერა ბევრს არ ჰქონდა. გამოფენის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ავტორის ვინაობა გაირკვევა. იქნებ, მისი სხვა ნამუშევრებიც გამოჩნდეს, ან დამთვალიერებლებმა ამოიცნონ ფოტოებზე პერსონაჟები, ადგილები. 

“დღევანდელი და მაშინდელი ფოტოგრაფია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. იმ დროს კამერის ქონა უკვე სხვა მნიშვნელობის მოვლენა იყო, უკვე სხვა ადამიანი იყავი. თან ყველაფერში ერეოდნენ მაშინ და ყველაფერს აკონტროლებდნენ. ეს ფოტოები კი კონტროლისგან და ცენზურისგან თავისუფალია. ამ თვალსაზრისით არის ძალიან უნიკალური ეს კოლექცია”, – გვეუბნება გურამ წიბახაშვილი.

გამოფენა არტარეას სივრცეში 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი