ახალი ამბები

„უჩინართა მიწები“ – გამოფენა კლიმატის გამოწვევებზე 

29 სექტემბერი, 2023 • 1216
„უჩინართა მიწები“ – გამოფენა კლიმატის გამოწვევებზე 

29 სექტემბერს ვაკის მედიათეკაში გაიხსნება გამოფენა „უჩინართა მიწები“, რომელიც გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების გავლენას ეხება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე.

ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენაში მონაწილე გაერთიანებების  ქლაიმათ ბეიზიქსი და Collective Failure – ს მიზანია ამ თემებზე საზოგადოებრივი დისკუსიების გაზრდა.

“გამოფენის მიზანია,  ვაჩვენოთ კლიმატის ცვლილების არაპროპორციული შედეგები სოციალურ ჯგუფებზე, რომელთა სატკივარი იშვიათად ხდება პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. უჩინარ მიწებსა და მათ მომავალზე, უჩინარ ადამიანებსა და მათ ყოფასა თუ ემოციურ მდგომარეობებზე რეფლექსიაა გამოფენის მთავარი სურვილი.

უჩინართა მიწები სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრების ერთობლიობაა, სადაც ნახავთ მრავალფეროვან ინსტალაციებს, ნახატებს, ვიდეოარტს და ტექსტილის ნამუშევრებს. გვიხარია, რომ ნამუშევრების ნაწილი არტისტებმა და მწვანე აქტივისტებმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნეს.

ჯგუფური გამოფენა „უჩინართა მიწები“ კლიმატის ცვლილებასთან მარტო დარჩენილი მოწყვლადი ჯგუფების ადამიანურ პერსპექტივებს აჩვენებს, ასევე ყურადღებას ამახვილებს გარემოსდაცვით კრიზისებზე და მათ კავშირებზე კლიმატის ცვლილებასთან. ნამუშევრები საუბრობენ მონოინდუსტრიული ქალაქების ყოფასა და გარემოსდაცვით პრობლემებზე, მყინვარის დნობაზე, შავი ზღვის ეკოლოგიურ გამოწვევებზე და ძალაუფლების იმ შრეებზე, რომელიც ბუნებრივ რესურსებს მცირე ჯგუფების ხელში აქცევს”, – ნათქვამია გამოფენის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში.

პროექტის მხარდამჭერები არიან ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული პროექტი „EU4Climate“ და „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები“.

გამოფენაში მონაწილეობენ  დავით კუხალაშვილი, ნათია საპანაძე, ფილო გრეჩულევიჩი, სალომეა ბაუერი, თუთა ჩხეიძე, Wer Michelle, Nina’s Art, ნიკა მუსერიძე, გიორგი ქავთარაძე.

გამოფენა 29 სექტემბერს, 19.00 საათზე გაიხსნება,   30 სექტემბერს, 15:00-დან კი გამოფენის ფარგლებში  გაიმართება დისკუსია „კლიმატის კრიზისი: გამოსავლის ძიებაში“ გარემოს დამცველებთან, კლიმატის სპეციალისტებთან, აქტივისტებთან და ხელოვანებთან  ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი