ხელოვნება

”ეს ფესტივალი არ არის გათვლილი ელიტაზე” – ელისო ბოლქვაძე ბათუმის მუსიკალური ფესტივალის შესახებ

22 აგვისტო, 2015 • 2991
”ეს ფესტივალი არ არის გათვლილი ელიტაზე” – ელისო ბოლქვაძე ბათუმის მუსიკალური ფესტივალის შესახებ

 

ელისო ბოლქვაძე
ელისო ბოლქვაძე

ქალბატონო ელისო, როგორია წელს ფესტივალის პროგრამა?

 წელს ბათუმის მუსიკალურ ფესტივალს ძალიან ცნობილი ფრანგი დირიჟორი და კომპოზიტორი ლორან პეტიჟერარი გახსნის ჩემთან ერთად. ეს არის დიდი მაესტრო, რომელიც ერთხელ არის თბილისში ნამყოფი, ძალიან უყვარს საქართველო და ახლა ბათუმში წარსდგება მსმენელის წინაშე. ჩაიკოვსკის პირველ კონცერტს შევასრულებთ გახსნაზე. ფესტივალის მეორე დღეს დაუკრავს 25 წლის რუსი პიანისტი, ეკატერინე გუმენიუკი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს ამჟამად. იგი საინტერესო და რთული პროგრამით წარსდგება ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში სოლო კონცერტით. 12 სექტემბერს, აზერბაიჯანის საელჩოსთან კოორდინაციით, გვექნება აზერბაიჯანული საღამო, სადაც აზერბაიჯანელი პიანისტი, აზერბაიჯანის კონსერვატორიის რექტორი, მუსიკალური სამყაროს ვარსკვლავი, ფარხად ბადალბეილი ჩამოდის და აქვე მინდა ავღნიშნო, რომ იგი სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობს ფესტივალში. ამერიკიდან ჩამოდის დიმიტრი იაბლონსკი, რომელიც მისი დირიჟორი იქნება ამ დღეს. 13 სექტემბერს ფესტივალზე იქნება კურტისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ცნობილი იაპონელო მევიოლინე და პედაგოგი მიში სიგიურა, რომელიც ჩვენს ახალგაზრდა ტალანტებს მასტერკლასებს ჩაუტარებს ვიოლინოს სექციაში. 

 

ფესტივალში მონაწილეობენ: ახალგაზრდა მუსიკოსი ავსტრიიდან, ზალცბურგის „მოცარატეუმიდან“, ვიქტორია ჰირშჰუბერი და ისრაელის ფილარმონიის სოლისტი ილია კონოვალოვი. ამ სოლისტების მოსმენა შეუძლია ფესტივალს მსმენელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
14 სექტემბერს ფესტივალზე მოვუსმენთ ახალგაზრდა თურქ სოპრანოს სერენ აქიოლდაშს, რომელიც ძალიან საინტერესო პროგრამას შემოგვთავაზებს ქართველ დირიჟორ ზაზა აზმაიფარაშვილთან ერთად. კონცერტის დაწყებამდე, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება თურქი მხატვრების გამოფენა თურქეთის საელჩოს ინიციატივით. კონცერტს დაესწრება თურქეთის ელჩი საქართველოში, რომელიც საგანგებოდ ჩამოდის თბილისიდან ფესტივალისთვის.

 

 ფესტივალის დასკვნითი გალაკონცერტი, რომელიც ბათუმის პიაცაზე იგეგმება იუნესკოს 70 წლის იუბილეს ეძღვნება. რა შესრულდება კონცერტზე? ელით თუ არა სტუმრებს იუნესკოს წარმომადგენლობიდან?


 დიახ, ფესტივალი დასრულდება 15 სექტემბერს, ბათუმის პიაცაზე, ღია ციქვეშ. ეს კონცერტი განსაკუთრებულია თავისი შინაარსით, რადგან იუნესკოს 70 წლისთავის იუბილეს ეძღვნება. კონცერტში მონაწილეობს ლეგენდარული ქართველი სოპრანო ზურაბ სოტკილავა, რომელიც სამ ნომერს შესრულებს. მე შევასრულებ ჩაიკოვსკის პირველი კონცერტის პირველ ნაწილს. ამავე კონცერტში მონაწილეობს ანსამბლი „ქართული ხმები“, რაც ძალიან მახარებს, რადგან ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორი, რომელიც, მოგეხსენებათ, შესულია „იუნესკოს“ ინტელექტუალური და კულტურული მემკვდრეობის ნუსხაში. ასევე, ორკესტრი გააჟღერებს ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, კვერნაძის ნაწარმოებს, ლაღიძის „საჭიდაოს~ და კონცერტს დასრულებს სტრავინსკის „ფასკუნჯი“, 1919 წლის მოკლე, 20-წუთიანი ვერსია დავით კინწურაშვილის დირიჟორობით. 

 

კონცერტს დაესწრება მაღალი რანგის სტუმარი საფრანგეთიდან, იუნოსკოს გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი ერიკ ფალტი. ასევე, დასკვნით კონცერტს დაესწრება ევროპის ფესტივალების ასოციაციის პრეზიდენტი დარკო ბრვაკი, რომელიც სპეციალურად ჩამოდის ლუბლიანადან. ეს კონცერტი საქველმოქმედოა და მიღებული შემოსავალი მოხმარდება ომში დაზარალებული სირიელი ბავშების საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელსაც იუნესკო ახორციელებს.

 

 ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასებიც. რამდენი მასტერკლასის ჩატარება იგეგმება და ვის შეუძლია მონაწილეობა?

 

გარდა იმისა, რომ ვარ პიანისტი, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების დახმარება ჩემი საქმიანობის მნიშნელოვანი ნაწილია. მასტერკლასებზე იქნებიან ბავშვები სხვადასხვა რეგიონიდან, დახლოებით 30 პიანისტი, რომლებიც მუსიკალურ სკოლაში, მასტერკლასებში მიღებენ მონაწილეობას, რომელსაც წელს ორჯერ ჩავატარებ მე: 12 და 13 სექტემბერს. ასევე იქნება ვიოლინოს ხაზი, რომლის კოორდინაცია დაევალა მანანა ქანთარიას, თბილისის კონსერვატორიის პროფესორს, რომელიც 20-მდე ბავშვს მოისმენს. შერჩეული საუკეთესო მონაწილეები 14 სექტემბერს მუსიკალურ სკოლაში გალა კონცერტს გამართავენ, საიდანაც ერთ შემსრულებელს გამოარჩევს მსმენელი და იგი დაჯილდოვდება 1000 ლარით, რომელსაც ფონდი „ლირა“ გასცემს.


2015 წლის მაისში ბათუმის მუსიკალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციაში მიიღეს. რამდენაც მნიშნელოვანია ამ ასოციაციის წევრობა, რის საშულებას აძლევს ბათუმის მუსიკალურ ფესტივალს? 


 ასოციაციაში გაერთიანებული არიან მენეჯერები, პროდიუსერები, ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან დღეს მუსიკალურ ინდუსტრიას მსოფლიოში. ბათუმის მუსიკალურ ფესტივალს აქვს მათთან ურთიერთობის საშუალება, რაც თავის მხრივ ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ასოციაციაში გაერთიანების ცერემონიას ოსტრავაში, ჩეხეთში, დაესწრო აჭარიდან გიორგი მასალკინი და აკაკი ძნელაძე, რამაც ძალიან დადებითად იმოქმედა ბორდის გადაწყვეტილებაზე. ასოციაცია, რომლის მთავარი ოფისი არის ბრიუსელში და გენტში (ბელგიაში) არის ევროპარლამენტის საერთაშორისო პროგრამების ერთ-ერთი ნაწილი. ამ ორგანიზაციის წევრობა დიდ საშუალებას იძლევა ბათუმის ფესტივალისთვის. გვინდა ბათუმში ჩავატაროთ ახალგაზრდა მენეჯერების ატელიე, რამდენიმე გამოცდილი მენეჯერი ერთი კვირის მანძილზე ტრენინგებს ჩაუტარებს ქართველი მენეჯერების მომავალ თაობას. ასოციაცია ხელს შეუწყობს ფესტივალს, რომ გახდეს შესაძლებელი ბათუმში ასევე ჩამოვიდნენ მსოფლიო ვარსკვლავები და გახსნან ახალი ჰორიზონტები.

 

2016 წლის თებერვლის ბოლოს ბათუმის ფესტივალის პრეზენტაცია შედგება ბრიუსელში, Bozar-ის პრესტიჟულ დარბაზში. მე მინდა ეს ფესტივალი გადაიქცეს არა მარტო ქვეყნის მთავარ მუსიკალურ ფესტივალად, არამედ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მუსიკალური ფესტივალი ამიერკავკასიაში.
ფესტივალი უნდა გახდეს ტრამპლინი ახალგაზრდა, ნიჭიერი, მომავალი ვარსკვლავებისთვის, მხოლოდ ასე შეიძლება აცოცხლო და განავითარო მუსიკალური ფესტივალი. როდესაც არის სტიმული, ტალანტებიც იბადებიან. ფესტივალი უნდა გადაიქცეს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მუსუკოსების შეხვედრის ადგილად, ამასთან, ყველა მუსიკოსმა, ვინც ჩამოვა და მონაწილეობას მიიღებს, თავისი კვალი უნდა დატოვოს, რაღაც უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. ფესტივალი აუცილებლად უნდა ჩაჯდეს ქვეყნის არამარტო მუსიკალურ, არამედ პოლიტიკურ და ფინანასურ ინტერესებში. ამიტომ ჩემი მიზანია არსებობდეს გარკვეული თემატიკა და მკაფიოდ გამოვლენილი ინდივიდუალური სახე.

 

რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-წლიანი პროექტი, ეს არის რთული პროცესი, რომელსაც კარგად წარმართვა უნდა. ფესტივალს მალე საერთაშორისო დირექტორი ეყოლება, რომ ხელი შეეწყოს საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას.

 

რამდენია წელს ფესტივალის ბიუჯეტი?


კულტურის სამინისტრო აფინანსებს ფესტივალს 150 000 ლარით, აჭარის გნათლების სამინისტრო კი – 80 000 ლარით. ზოგადად, უდიდესი ხელშეწყობაა თბილისსა და ბათუმიდან. ასეთი ფესტივალების ბიუჯეტი საზღვარგარეთ ათობით მილიონია. 15 სექტემბრის კონცერტი არის საქველმოქმედო და ეძღვნება იუნესკოს 70 წლის იუბილეს. გვინდა მადლობა გადავუხადოთ პრეზიდენტის ფონდს, რომელმაც სურვილი გამოთქვა ფინანსური მხარდაჭერა გამოეხატა ამ ღონისძიებისთვის. ფესტივალი არის რთული სტრუქტურა და ვფიქრობ, აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, კერძო კომპანიებიც დავაინტერესოთ მომავალში.

 

 ბათუმის მუსიკალური ფესტივალის სათავეებთან რომ დავბრუნდეთ, მესამე წელია იმართება ფესტივალი, როგორ გაჩნდა ეს იდეა და რა შეიცვალა ამ სამი წლის მანძილზე?


 მე დედა მყავს ბათუმელი და ჩემ ბავშვობის დიდი ნაწილი ბათუმში გავატარე, ამიტომ ამ ქალაქის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები მაქვს. გარდა ამისა, ობიექტურად, ბათუმი არის სწორედ ის ადგილი, რომელიც ასეთი ღონისძიებებისთვის არის ზედგამოჭრილი. ამ მხრივ ბათუმს უზარმაზარი პოტენციალი აქვს.
2013 წელს პარიზში დაიბადა ფესტივალის იდეა ბატონ გურამ ოდიშარიასთან ერთად, რომელიც მაშინ საქართველოს კულტურის მინისტრი იყო. მან რეკომენდაცია გაუწია ამ იდეას და ბატონ გია თავამაიშვილს შევხვდი ბათუმში [აჭარის განათლების მინისტრი]. შარშან ფესტივალი ფრანგულმა პრესამ და „ბიბისიმ“ გაშუქა. ძალიან აქტიურობს მერია, აჭარის მთავრობა, სამინისტროები ბათუმსა და თბილისში, მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მხოლოდ მე ამას ვერ გავაკეთებდი ცხადია. ვფიქრობ, დაახლოებით 2 წელიწადში ეს იქნება ფესტვალი უკვე დასრულებული ფორმით, ჯერ კიდევ პროცესში ვართ, სანამ ფესტივალი საბოლოო სახეს მიიღებს.

 

ზოგადად, კლასიკური მუსიკა ელიტისთვის მოიაზრება, რასაც მე არ ვეთანხმები. მინდა აქვე ვთქვა – 10-15 ლარის მეტი არ ღირს ბილეთი, ეს არ არის 300 და 500-ლარიანი ბილეთები და ეს ფესტივალი არ არის გათვლილი ელიტაზე, ეს არის ფესტივალი მათთვის, ვისაც უყვარს მუსიკა, ვისაც უნდა, რომ საღამოს მოვიდეს და ძალიან კარგ მუსიკას მოუსმინოს, არავითარი ელიტარიზმი არ მოისაზრება ამ ფესტივალთან. მუსიკა არის ხალხის, იქმნება ხალხისთვის და არა 5 ადამიანისა და 2 კრიტიკოსისთვის.

 

 როგორც ვიცი, თქვენ ხელმძღვალობთ საქველმოქმედო ფონდ „ლირას“. რა საქმიანობას ეწევა ფონდი?


 ფონდი „ლირა“ ხელს უწყობს ნიჭიერ ბავშვებს. დაარსების დღიდან დავიწყეთ ზრუნვა 8 წლის ბარბარე თათარაძესა და 8 წლის ილია ლომთათიძეზე, ვეხმარებით მათ პროფესიულ განვითარებაში, ხელს ვუწყობთ სხვადასხვა მასტერკლში მონაწილეობაში. წელს ბარბარემ აიღო პირველი ადგილი ჰოლანდიის საერთშორისო ფესტივალზე; ილიამ აპრილში, ასტანაში მოახდინა სრული ფურორი, აიღო პირველი ადგილი და 29 აგვისტოს საფრანგეთში მიწვეულია ანესის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე. მათ რეგულარულად იწვევენ საფრანგეთის, შვეიცარიის და ჰოლანდიის ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. მათი კონცერტები იწერება ისეთ ცნობილ არხებზე, როგორცაა „მეცო“, „ევრონიუსი“, TV5 Monde. წელს, 10 დეკემბერს, ბარბარესა და ილიას პარიზში პრესტიჟული გალა კონცერტი ელოდება, რომელიც ეძღვნება „SOS“  ტალანტების 15 წლისთავს, კონცერტი ჩაიწერება რადიო „Classica-ze“, „MEZZO“-ზე, რომელთაც მილიონობით მაყურებელი და მსმენელი ჰყავს. და ეს არის მათთვის ძალიან დიდი სტიმული. ასე რომ 8-9 წლის ასაკიდან ამ ბავშვებს აქვთ ძალან დიდი პერსპექტივები.

 

ფონდი „ლირა“ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სკოლასთან. ლირას საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობას ასევე იღებს, ელენე ჩიქოვანი, რომელიც სენაკში ერთ-ერთი კონცერტის დროს მოვისმინე. ორი თვის წინ თელავიდან შემოგვიერთდა 10 წლის მარიამ დარჩიაშვილი, რომელიც პარიზში იმყოფებოდა მასტერკლასებზე.

 

წელს თქვენ გახდით იუნესკოს მშვიდობის არტისტის ტიტულის მფლობელი. რას ნიშნავს ეს ტიტული, რის საშუალებას გაძლევთ და რა პასუხისმგებლობას გაკისრებთ?


ეს სტატუსი მომენიჭა 22 იანვარს პარიზში. ამ ტიტულს ფლობენ ცნობილი არტისტები, ასეთი ადამიანები, რომელთაც იუნესკოს ღრებულებებზე შეუძლიათ საუბარი და ამ ორგანიზაციის მესიჯების მთელს მსოფლიოში გატანა. რასაკვირველია, ეს არ არის მხოლოდ ტიტული, ეს არის დიდი პასუხიმგებლობა. როგორც ვთქვი, პიაცაზე გამართულ კონცერტზე შემოსული თანხა გადაირიცხება ომში დაზარალებული სირიელი ბავშვების საგანმანათებლო პრგრამებისთვის, ეს თემა აქტუალურია დღეს მსოფლიოში და საქართველოს ჩართვა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი მიზანია თუნდაც პატარა წვლილი შევიტანოთ ჰუმანური ღირებულების, ბავშვების, ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი