პენამერიკა „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ხელს შეუწყობს კულტურის სფეროში მოღვაწეების სამართლებრივ შევიწროებას.
როგორც პენამერიკის წარმომადგენელი ლისლ გერნთჰოლცი აცხადებს, ეს ნაბიჯი შეასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას, რადგან საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების სტიგმატიზაციას ახდენს. მისივე თქმით, ეს ასევე ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მწერლებს, მხატვრებს და კულტურის სხვა მოღვაწეებს.
„უბრალო კოსმეტიკური ცვლილების განხორციელების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნება“ კვლავ აბრუნებს ე.წ. „უცხოელი აგენტის კანონს“, რათა შეარყიოს მწერლების, კულტურის მოღვაწეების და ჟურნალისტების არსებითი და დამოუკიდებელი საქმიანობა.
სამარცხვინო კანონპროექტი ამახინჯებს ისეთი სიტყვების მნიშვნელობას, როგორიცაა: „გამჭვირვალობა“, „ანგარიშვალდებულება“ და „უსაფრთხოება“, რათა შეასუსტოს საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება“, – აცხადებს პენამერიკის წარმომადგენელი.
როგორც პანამერიკის წარმომადგენელი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს მის მიერვე გაცხადებული ევროკავშირის წევრობის მისაღწევად,
ადამიანის უფლებების გაუმჯობესების კუთხით და უნდა შეწყვიტოს მწერლების, მხატვრებისა და კულტურის სხვა სფეროს მოღვაწეების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა.