ახალი ამბებიხელოვნება

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ლონდონში ელვის პრესლის შოუ გაიხსნება

4 იანვარი, 2024 • 2176
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ლონდონში ელვის პრესლის შოუ გაიხსნება

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ლონდონში ელვის პრესლის იმერსიული შოუ (Elvis Evolution) გაიხსნება.

იმერსიული ხელოვნება სივრცული ვიზუალური ხელოვნების, ახალი ტექნოლოგიებისა და მუსიკის სინთეზს ეფუძნება.

ელვის პრესლის იმერსიული შოუ ლონდონში ნოემბერში გაიხსნება და მომღერალი მაყურებელს ვირტუალურად დაუბრუნდება. Elvis Evolution ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს და მომღერლის ჰოლოგრაფიული პროექცია მისი ათასობით პირადი ფოტოდან და ვიდეოდან შეიქმნება.

ელვის პრესლის იმერსიული შოუს გლობალური უფლებების დაცვას ბრიტანული კომპანია Layered Reality უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრესლის შოუ იქნება „განსაცვიფრებელი საკონცერტო გამოცდილება“, სადაც ნატურალური ზომის ციფრული ელვისი „პირველად შეასრულებს საკულტო მომენტებს მუსიკის ისტორიაში ბრიტანულ სცენაზე“.

მათი განცხადებით, შოუ მუსიკის ლეგენდისადმი ახალი თაობის პატივისცემის დადასტურება იქნება და ადამიანებს საშუალებას მისცემს „შეაბიჯონ ელვისის სამყაროში“. მათივე თქმით, შოუ ელვის პრესლის თაყვანისმცემლებს ათწლეულებით უკან გადაიყვანს.

ჯერ უცნობია ზუსტად სად გაიმართება შოუ ლონდონში, თუმცა ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის შემდეგ Elvis Evolution ლას-ვეგასში, ბერლინსა და ტოკიოში გადაინაცვლებს.

ელვის პრესლიმ პოპულარობა 1950-იან წლებში მოიპოვა. მომღერალი 1977 წელს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი