ახალი ამბები

სტუმრებს მოვუწოდებთ, ქალებისაგან მიიღონ თანხმობა, რათა ნებისმიერი კომუნიკაცია იყოს სასურველი – კლუბები/ფესტივალები

22 მარტი, 2024 • 1446
სტუმრებს მოვუწოდებთ, ქალებისაგან მიიღონ თანხმობა, რათა ნებისმიერი კომუნიკაცია იყოს სასურველი – კლუბები/ფესტივალები

თბილისში მოქმედმა კლუბებმა და ფესტივალებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საუბრობენ ურთიერთობებში თანხმობის მნიშვნელობაზე. მათი თქმით, იმისთვის, რომ გასართობი სივრცეები იყოს უსაფრთხო, სტუმრები პატივს უნდა სცემდნენ სხვა ადამიანების პირად სივრცეს და სურვილებს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანს, რომელიც დროს ჩვენს სივრცეებში ატარებს, ესმოდეს ნამდვილი, ინფორმირებული და განგრძობადი თანხმობის მნიშვნელობა, ითვალისწინებდეს სხვა ადამიანების სურვილებს და პატივს სცემდეს მათ პირად სივრცეს […]

მრავალი წელია ჩვენ ერთად ვქმნით ისეთ სივრცეს, სადაც ადამიანები ცეკვისთვისა და თავისუფლების იდეის გარშემო ერთიანდებიან, რომ ღამე სასიამოვნოდ გაატარონ და ყოველდღიურობის სიმძიმე ჩვენი სივრცის გარეთ დატოვონ. ჩვენი მიზანია თქვენთან ერთად შევქმნათ ისეთი გარემო, რომელშიც, მიუხედავად განსხვავებებისა, ყველა ადამიანი თანასწორია და ყველას უფლება დაცულია”, – ვკითხულობთ კლუბების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კლუბებმა ფემინისტურ ორგანიზაცია “საფართან” ერთად განსაზღვრეს რეგულაციები, რომელთა საშუალებითაც ეცდებიან, ეს სივრცეები ქალებისთვის უფრო კომფორტული გახდეს.

“ჩვენს სტუმრებს მოვუწოდებთ, ქალებისაგან პირველ რიგში მიიღონ თანხმობა, რათა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია იყოს სასურველი”, – აცხადებენ კლუბები.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი კლუბები: KHIDI; Tbilisi Open Air / AlterVision; eZo Festival; Left Bank; TES, Tbili Orgia და 4GB Festival.

აღსანიშნავია, რომ საკლუბო სივრცეები და გასართობი ფესტივალები შეუერთდნენ 2022 წელს “ქალთა მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ მარშს სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ “ქალთა მოძრაობამ” მიმდინარე წლის 8 მარტსაც გაავრცელა განცხადება სექსუალური დანაშაულების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილების მნიშვნელობაზე. ქალთა უფლებადამცველები წლებია მოითხოვენ გაუპატიურების დეფინიციის შეცვლას. უფრო კონკრეტულად, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გაუპატიურების ის დეფინიცია, რომელიც კანონში წერია, არასწორია – არ მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ფაქტობრივად არის გაუპატიურება. შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში დამნაშავე დაუსჯელი რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი