კინოხელოვნება

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ

6 მაისი, 2015 • • 2740
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ

თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი სულთანიშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მის სარეპეტიციო აუდიტორიაში წყალი ჩამოდის.

 

“მეოთხე კურსზე ვარ, ჩემს აუდიტორიაში 4 წელია ჩამოდის წყალი. ამის მიუხედავად, წყლის ხმასთან ერთად მაინც გვაქვს რეპეტიცები.  წყალი 4 წელი რომ ჩემთან ჩამოდის, ახლა ჩემგან ქვევით ჩადის. თან ერთი წერტილიდან არ ჩამოდის, ხან იქიდან ჩამოდის, ხან აქედან ჩამოდის, ხან კედელს მოყვება საერთოდ.”

 

გიორგი სულთანიშვილის თქმით, დრამის ფაკულტეტის ოთხმა ჯუფმა მესამე და მეოთხე კურსის ბოლოს სპექტაკლები უნდა დადგას, თუმცა უნივერსიტეტს ერთი სცენა აქვს. ამის გამო მას უწევს ლოდინი, როდის გათავისუფლდება უნივერსიტეტის სცენა, ან სხვა თეატრებში ეძებს თავისუფალ სცენას. 

 

“უკვე გაკეთებული მაქვს სპექტაკლი, ორი თვის განმავლობაში გვაქვს მზად, მაგრამ სცენაზე ვერ ავედით, რომ გავაკეთოთ პრემიერა. დაკავებულია, ერთი სცენაა და იმდენი ჯგუფია”, – ამბობს სულთანიშვილი.

 

იგი ამბობს, რომ უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურა გაუმართავია, თუმცა ბოლო პერიოდში პრობლემები ნაწილობრივ გადაწყდა

 

“ხელის დასაბანი პირობები უკვე არის. აქამდე არ იყო. მეოთხე კურზე ვარ და მესამე კურსზე არ იყო. საპირფარეშო იყო, მაგრამ ვერ ჩარეცხავდი წყალს იმიტომ, რომ ბაჩოკი იყო გაფუჭებული. ხელს ვერ დაიბანდი იმიტომ, რომ ონკანი იყო გაფუჭებული და ასე შემდეგ”, – ამბობს გიორგი სულთანიშვილი.

 

თორნიკე სეხნიაშვილი, კინო-ტელეფაკულტეტის ფაკულტეტზე ოპერატორობას სწავლობს. მისი თქმით, უნივერსიტეტმა ახალი კამერები შემოიტანა, მაგრამ მცირე რაოდენობით.

 

“კამერები, როგორც იქნა. პირველ კურსზე რომ მივედი, არ იყო ნამდვილად. იყო ძველი კამერები, მაგრამ იყო დაფინანსება, რაზეც ჩვენმა რექტორმა ისაუბრა. შემოიტანეს რამდნეიმე კამერა, ორი “პანასონიკი”, ორი “ქენონი”. ყველაზე კარგი კამერა, რომელიც არის “ქენონი”, შემოვიდა ორი ცალი და აქედან სრულად მოვიდა ერთი კამერის კომპლექტაცია. ანუ, ერთი კამერა თუ მიაქვს სტუდენტს, თავისი ლინზებით, მეორე კამერა ვეღარ მიაქვს, იმიტომ, რომ ლინზები არ არის”, – გვითხრა თორნიკე სეხნიაშვილმა.

 

მისი თქმით, სტუდენტებს, რომლებიც სადიპლომო ნაშრომზე მუშაობენ, ენიჭებათ უპირატესობა. იგი კამერების დამატებას ითხოვს, რომ რიგში დგომა არ მოუწიოს.

 

დრამის ფაკულტეტის სტუდენტი ბექა ხაჩიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტში კონკრეტული პრობლემების გარდა უნივერსიტეტის მთელი შენობის დანგრევის საშიშროება დგას.

 

“ჩვენ გვქონდა კონკრეტული მოთხოვნები, რომ რემონტი სჭირდება შენობას, ძალიან ცუდი მდგომარეობა რომაა. აუდიტორიების ძირითადი ნაწილი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჩამოდის წყალი, ნებისმიერ მომენტში არის დანგრევის საშიშროება. მარტო წინა ფასადი შეიძლება დარჩეს და დანარჩენი ჩამოინგრეს”, – ამბობს იგი. 

 

აღნიშნულ პრობლემებზე სტუდენტებმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან დღეს გამართულ შეხვდრაზე ისაუბრეს. სტუდენტები მინისტრისგან მყისიერი ნაბიჯების გადადგამს ითხოვენ. კულტურის მინისიტრმა მათ უთხრა, რომ უნივერსიტეტის ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ორივე შენობის რეაბილიტაციის დაწყების გარეშე ეს კონკრეტული პრობლემები ვერ მოგვარდება.

 

მინისტრმა მათ განუმარტა, რომ სამინიტრომ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შენობა კულტურული მემკვიდრეობის სხვა 9 ძეგლთან ერთად შეარჩია, რომელთაც გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდება. გიორგაძის თქმით, მაისის ბოლოს დასრულდება რეაბილიტაციის პროგრამის პირველი ეტაპი და 2015 წლის ივლისში რეაბილიტაციის პროექტი უკვე მზად იქნება.

 

კულტურის მინისტრის მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა სტუდენტებს უთხრა, რომ კულტურის სამინისტრო ცდილობს უნივერსიტეტის მხარდაჭერას. მისი თქმით, სამინისტრომ ფული გამოყო კინო-ტელეფაკულტეტის აპარატურით აღჭურვისთვის, ასევე დააფინანსა სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლა, გეგმავენ, რომ 2015 წლის ზაფხულიდან უნივერსიტეტის ბაზაზე საერთაშორისო თეატრალური სკოლა მოეწყოს, სადაც სამი კვირის განმავლობაში მოწვეული და ადგილობრივი მასწავლებლები სემინარებს ჩაატარებენ.

 

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტის ორივე კორპუსში ასეულობით კვადრატული მეტრის ფართობი დაკეტილია, რადგან იქ სასწავლო პროცესის ჩატარება შეუძლებელია.

 

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ადმინისტრაცია ცდილობს გააუმჯობესოს პირობები, მატერიალურ ბაზას თუ შენობის ინფრასტქურტურას მუდმივად სჭირდება გამართვა.

 

“ახლა რა [ტექნიკურ-მატერიალური] ბაზაც არის, ბევრად უკეთესია, რაც იყო უწინ, მაგრამ ახლანდელ მოთხოვნებს უკვე აღარ პასუხობს. საჭიროა მუდმივი განახლება, მუდმივ განახლებას სჭირდება სახსრები, ეს სახსრები ყოველთვის არ არის”, – ამბობს რექტორი. 

 

გოგი მარგველაშვილის თქმით, ზოგ ფაკულტეტზე ტექნიკური ბაზა ფუნქციურ მინიმუმს პასუხობს, ზოგან კი არა. მაგალითად, ჯერ არ არის გამართული ხმის სტუდია, სასწავლო პავილიონი. მისი თქმით, ხმის სტუდიის გასამართად თანხები გამოყოფილია.

 

“საჭიროა ბევრად მეტი, მაგრამ სურვილი და შესაძლებლობები არ ემთხვევა ერთმანეთს”, – გვითხრა გოგი მარგველაშვილმა.

 

უნივერსიტეტის რექტორის თქმით, მოსაგვრებელია სასწავლო თეატრის პრობლემა, რაც შენობის რეაბილიტაციის გარეშე  ვერ მოგვარდება. მოსაწყობია გათბობა, ვინტილაცია, სცენა, განათება.

მასალების გადაბეჭდვის წესი