ხელოვნება

სად წავიდეთ: 18-31 მარტი

18 მარტი, 2024 • 1926
სად წავიდეთ: 18-31 მარტი

„ნეტგაზეთი” გირჩევთ ადგილებს, სადაც 18-31 მარტს შეძლებთ წასვლას:

  • 18 მარტი. „ტვინგამორეცხილები: სექსი-კამერა-ძალაუფლება”. დასაწყისი 19:00. კინოთეატრი ამირანი.

დოკუმენტური კინოს ასოციაციის კინოკლუბში 18 მარტს ნაჩვენები იქნება ნინა მენკესის „ტვინგამორეცხილები: სექსი-კამერა-ძალაუფლება”.

ნამუშევარი ვიზუალური მოგზაურობაა კინოს სექსისტურ მიდგომების ირგვლივ, რომელიც სამუდამოდ შეცვლის მაყურებლის აღქმას, თუ როგორ უნდა უყურონ და აღიქვან ფილმები. რეჟისორი ნინა მენკესი კინომოყვარულებს აიძულებს დაინახონ, თუ როგორ უკარგავს მნიშვნელობას კინოენა ქალად არსებობის ძალას.
კინოჩვენების შემდეგ დისკუსიის სტუმარი იქნება ჟურნალისტი სალომე ასათიანი.
16+ გაფრთხილება: ფილმში ჩანს სექსუალური ძალადობა.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ – აქ

  • „კუნგ ფუ პანდა 4″ – 18-26 მარტი. საქართველოს კინოთეატრები.

ყველასათვის საყვარელი კუნგ ფუს ოსტატი პანდა, პო, კინოთეატრებს უბრუნდება. ამჯერად მას, როგორც მშვიდობის ველის სულიერ ლიდერს, მოუწევს იპოვოს ახალი დრაკონის მებრძოლი, რომელსაც გაწვრთნის. თუმცა ამის პარალელურად, ბოროტი ჯადოქარი გეგმავს, კლავ გამოიძახოს სულების სამყაროში ყველა ბოროტმოქმედი, რომელიც პომ უკვე დაამარცხა.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ – აქ.

 

  • 20, 24 მარტი – „ბერსერკები II: მზიანი მხარე”. „ქალაქის თეატრი” – დასაწყისი 20:00.

ბერსერკების თავგადასავალი გრძელდება „ქალაქის თეატრში”. ჰაინერ მიულერის შემდეგ გიორგი ჯამბურია ქართული ლიტერატურის მივიწყებულ ხმას, ქეთი ნიჟარაძეს დაუბრუნდა. 4-საათიანი სპექტაკლი თქვენთვის ერთგვარ გამოცდად შეიძლება იქცეს, ნანახი და უნახავი ხერხების ერთობად, რომელიც ერთმანეთში აირევა და ბოლოს სრულად შეიძლება დაკარგოს საზრისი.

ქეთი ნიჟარაძის ნაწარმოებების (ვრცელი და არც ისე ვრცელი) პარალელური, ტექსტთან ახლოს მისული თხრობა გაგიტაცებთ და გზაში შეიძლება დაგკარგოთ. არც აქ დარჩებით ჰაინერ მიულერის ტექსტის გარეშე. მოკლედ, ბერსერკების მეორე ნაწილი იქნება ახალი გამოცდილება, რომელიც შეგიძლიათ „ქალაქის თეატრში” შეიძინოთ, თუმცა, განსხვავებული და შეიძლება მიუღებელიც.

„ბერსკერკებზე” შეგიძლიათ წაიკითხოთ საუბარი გიორგი ჯამბურიასთან – „ახლისკენ სვლა უნდა წამოვიდეს პროტესტისგან”

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ – აქ და აქ.

ადგილზე შეძენის შემთხვევაში, ბილეთებზე მოქმედებს სტუდენტური ფასდაკლება.

  • 22 მარტი სეთ-აფი. კინოთეატრი ამირანი – დასაწყისი 22:00.

სეთ-აფი სტენდ-აპ თბილისის პროექტია, სადაც კომიკოსები იკრიბებიან და საუბრობენ ცხოვრებისეულ გამოწვევებზე, აქტუალურ თემებსა და კომედიაზე. ამჯერად კომიკოსებს შეუერთდებიან გადაცემის „კაცები” წამყვანები: ირაკლი კაკაბაძე და დავით ლაბაძე. სხვადასხვა თაობის კომიკოსების გაერთიანების ნახვა 22 მარტს კინოთეატრ „ამირანში” შეგეძლებათ.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ – აქ

23, 29 მარტი – „გრონჰოლმის მეთოდი”. მარჯანიშვილის თეატრი – დასაწყისი – 20:00

პრემიერიდან მრავალი წლის გასვლის მიუხედავად, „გრონჰოლმის მეთოდი“ ერთ-ერთი ყველაზე თანადროული სპექტაკლია, რომელსაც ქართული თეატრების რეპერტუარში ნახავთ.

მართალია, თემურ ჩხეიძის სპექტაკლში მოქმედება კატალონიაში ვითარდება, თუმცა  გეოგრაფიული მდებარეობა და დრო მალევე გახდება უმნიშვნელო. აქ და ახლა მიადევნებთ თვალს 4 კანდიდატის ბრძოლას კორპორაციაში სამუშაო ადგილის მოსაპოვებლად. კანდიდატებს სამუშაო ადგილის მისაღებად უწევთ დავალებების შესრულება.  რა გზებს მიმართავენ ისინი, რამდენად შეძლებენ შეასრულონ დავალებები ისე, რომ არ უღალატონ საკუთარ თავს და რა არის „გრონჰოლმის მეთოდი”, – ამის გაგებას 23 და 29 მარტს, 20:00 საათზე შეძლებთ მარჯანიშვილის თეატრში.

ბილეთები და სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ – აქ.

  •  28 მარტი – „ლინეინის სილამაზის დედოფალი”. „ქალაქის თეატრი” – დასაწყისი – 20:00

დამოუკიდებელ თეატრალურ კომპანიაში „ქალაქის თეატრი” პირველად დაიდგა მარდინ მაკდონას – „ლინეინის სიმალაზის დედოფალი”.

პიესა ხანშიშესული დედისა და გაუთხოვარი შვილის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. რამდენად შეძლებს ლინეინის სილამაზის დედოფალი, მორინი დედის ძალაუფლებისგან დახსნას, შესაძლებელია თუ არა ამ ორი ადამიანის ერთმანეთისგან განცალკევება, გამოჩნდება თუ არა მის ცხოვრებაში სიყვარული და როგორ დასრულდება მისთვის ახალი ურთიერთობა – ამის გაგებას 28 მარტს „ქალაქის თეატრში” დავით თარბას სპექტაკლიდან შევძლებთ.

ბილეთები და სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ – აქ და  აქ

ადგილზე შეძენის შემთხვევაში, ბილეთებზე მოქმედებს სტუდენტური ფასდაკლება.

 

  • 31 მარტი – “UNLOVE”. სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცე” – დასაწყისი – 20:00

“UNLOVE” დავით ხორბალაძის მულტიმედიური ტრილოგიის მეორე ნაწილია. პირველ ნაწილი (UNMEMORY) იკვლევდა მეხსიერების უწყვეტი განადგურების და დაშლის პროცესს, UNLOVE კი მოგვითხრობს სიყვარულის არსებობისა და არარსებობის უკიდურეს ზღვარზე.

აუდიო-ვიზუალური ხერხები, ხმა, მუსიკა, სცენოგრაფია,  სხეულები,  წყვეტილი და სრული ამბები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლება, შლის ზღვარს რეალურ და წარმოსახვით სამყაროს შორის. მრავალგვარი, კალეიდოსკოპისებური თხრობა  გაქცევთ გამოცდილების ნაწილად, რომელიც განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება თქვენთვის.

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ ⚠️მგრძნობიარე თემები ⚠️ განათება ⚠️ თვითმკვლელობა ⚠️ სიშიშვლე

ბილეთები და სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ – აქ.

სტუდენტური ბილეთებისთვის მიწერეთ „ღია სივრცეს” პირადი შეტყობინება.

ფოტო: დავით მესხი

29 -30 მარტი, “ხანძარი” ,  სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცე”, დასაწყისი 20.00 საათზე

სახელოვნებო კომპანიამ „ღია სივრცე“ შექმნა „სტუდენტური პლატფორმა”, რომლის ფარგლებში უკვე შექმნეს ქორეოგრაფიული წარმოდგენა ,,გამოქვაბული”.  29 და 30 მარტს კი გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა ,,ხანძარი”.

 ,,ხანძარი” 5 მონაწილის პირად ისტორიებზე დაფუძნებული დოკუმენტური სპექტაკლია, რომელიც გვიამბობს სიყვარულზე, საკუთარი ადგილის ძებნაზე, დეპრესიაზე, სექსუალობასა და მომავლის შიშზე, როგორც ბუნებრივ კატასტროფაზე. ყველაფერი იწვის, ეკოლოგიური მელანქოლია და პირადი დრამები ერთმანეთს ერწყმის, როდის გაჩნდა ხანძარი კი არავინ იცის.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ. 

სპექტაკლზე მოქმედებს სტუდენტური ფასდაკლება. ფასდაკლებისთვის მიწერეთ „ღია სივრცეს”. 

სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცის” მისამართია – ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი #2 პირველი შესახვევი.



მასალების გადაბეჭდვის წესი