კომენტარიხელოვნება

რეჟისორ ნინო მაღლაკელიძის ინდივიდუალური პროტესტი რუსულ კანონზე ქუთაისის თეატრში

22 აპრილი, 2024 • 1817
რეჟისორ ნინო მაღლაკელიძის ინდივიდუალური პროტესტი რუსულ კანონზე ქუთაისის თეატრში

„ვინც არ მეთანხმება, ვისაც უნდა რუსეთში და უნდა ეს კანონი, ამ ხალხმაც უნდა იყვიროს ძალიან ხმამაღლა, რათა მივხვდე, არის თუ არა მათ გვერდით ჩემი ადგილი”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე.

მან  17 აპრილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლის შემდეგ „რუსული კანონი” გააპროტესტა –  ხელზე ეხატა ევროკავშირის დროშა და მსახიობებისგან განცალკევებით ასწია ხელები.  რეჟისორს ქუთაისის თეატრში ინდივიდუალური პროტესტის მიზეზის შესახებ ვკითხეთ:

„17 აპრილს წავედი თბილისიდან ქუთაისში, რადგან სპექტაკლი მქონდა (როგორც წესი, ყოველთვის ვესწრები ჩემს სპექტაკლებს).  სპექტაკლის წინ უნდა მესაუბრა მსახიობებთან, რეპეტიცია არ გვჭირდებოდა, რადგან ახალი ნათამაშები გვქონდა სპექტაკლი. გზაში მივხვდი, ვერ ვასწრებდი სპექტაკლამდე მისვლას და მსახიობებს მივწერე, რომ ვერ ვასწრებდი სპექტაკლამდე საუბარს და დასრულების შემდეგ ჩავეხუტებოდი.

რომ მივედი, სპექტაკლი უკვე დაწყებული იყო. სპექტაკლის დასრულების შემდეგ გავედი სცენაზე, ჩავეხუტე მსახიობებს და ხელები ავწიე, რომელზეც ევროკავშირის დროშა მეხატა. მაყურებელს ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა. შესაძლოა ზოგიერთს არ მოეწონა, მაგრამ მე მხოლოდ იმათი ხმა მესმოდა, ვინც ყვიროდა – ხელები აგვიწიე, ხელები გვაჩვენე – ძალიან კარგად იყვნენ განწყობილნი.

რეჟისორი ამბობს, რომ სპექტაკლამდე არავის არ შეთანხმებია, რის გაკეთებას აპირებდა და ყველამ თავად უნდა გააკეთოს არჩევანი:

„მესმის, რომ თეატრი ანსამბლურია და ა.შ. მაგრამ აქ სპექტაკლზე არ არის საუბარი, საუბარია პოზიციაზე. არ მიმაჩნია სწორი, ვიღაც მოვიდეს და ვიღაცის ნაცვლად დააფიქსიროს პოზიცია. მე ჩემი პირადი არჩევანი გავაკეთე, თუ მსახიობებს სურთ, მათ შეუძლიათ იგივე გააკეთონ”.

ფოტოზე კი მხოლოდ საკუთარი თავი იმიტომ ამოჭრა, რომ ყველა მის აზრს არ იზიარებს:

„ამოვჭერი ფოტო, რადგან ყველა ჩემს აზრს არ იზიარებს.  მხოლოდ თეატრზე არ ვსაუბრობ, ქუჩაშიც ხომ დავდივარ, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ხალხი გეუბნება – ჩუმად იყავი, არ დააფიქსირო პოზიცია, რაში გჭირდება, ისინი მაინც მეგობრებად დარჩებიან და შენ იქნები დამნაშავე, რადგან შენ რაღაც თქვიო.

ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ხალხს არ ეჩხუბა, არ დამებულინგებინა, რომელშიც ცოტათი თავად ახლა  ვიმყოფები, ამიტომ ამოვჭერი ფოტო და დავდე მხოლოდ ჩემი თავი.

ჩვენ ამაზე არ გვილაპარაკია, ყველა მსახიობი, ვინც ამ სპექტაკლში მონაწილეობს, ისევ კარგად არის ჩემთან. ვიცი, რომ ერთს აქვს პროტესტი და არ მოეწონა, რომ ევროპაში მინდა. მაგრამ ამასაც არა უშავს, მას აქვს ამის უფლება. მე შევთავაზე, რომ თუ მოგინდება ჩვენი სპექტაკლის შემდეგ გამოხვიდე და დააფიქსირო პოზიცია ჩემთან შეუთანხმებლად, შეგიძლია ეს გააკეთო-მეთქი.

ვფიქრობ, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება აუკრძალო ადამიანს თავისი პოზიციის დაფიქსირება. ვინც არ მეთანხმება, ვისაც უნდა რუსეთში და უნდა ეს კანონი, ამ ხალხმაც უნდა იყვიროს ძალიან ხმამაღლა, ძალიან ხმამაღლა, რომ ეს ხმები გავიგონო და დავიმახსოვრო, ეს ხალხი ვინ არის, რათა მივხვდე, არის თუ არა მათ გვერდით ჩემი ადგილი. ხმის ამოღების გამო არავინ არ უნდა ჩავქოლოთ, რა პოზიციაც უნდა ჰქონდეს.

რაც ეხება „რუსულ კანონს”, ნინო მაღლაკელიძე იხსენებს რუსეთში ცხოვრების გამოცდილებას და კანონის მიღების შემდგომ საფრთხეებზე საუბრობს:

„რუსეთში ვცხოვრობდი.  2012 წელს კარგად არ ვიყავი პოლიტიკაში ჩართული, (ვერ ვიტყვი, რომ პატარა ვიყავი, მაგრამ რაღაცნაირად არ მაინტერესებდა). 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დავინტერესდი პოლიტიკით, მაგრამ მახსოვს 2012 წელი, როცა ამ კანონს იღებდნენ და იქაც გვეუბნებოდნენ, რომ ამაში არაფერი ცუდი არ არის. ეს მხოლოდ სასარგებლო იქნება ჩვენთვისო.  საბოლოო ჯამში ,პირველი, ვისაც დაარტყა ამ კანონმა, იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავდნენ, შემდეგ იყვნენ ჟურნალისტები, ბოლოს კი გადავიდა ბლოგერებზეც.  ახლა ხედავთ, როგორი სიტუაციაა რუსეთში.

მე იქ [რუსეთში] ვცხოვრობდი და იქ რომ მინდოდეს, ჩემთვის იოლი იქნება  წასვლა, მაგრამ მე იქ არ მინდა  და საქართველოშიც არ მინდა, რომ რამე მსგავსი ხდებოდეს.

რადგან გვაკავშირებს მსგავსი საბჭოთა წარსული, არ მინდ,ა რომ მიიღონ ეს კანონი. ვფიქრობ, ჩვენს ხელისუფლებას ისედაც აქვს შესაძლებლობა იცოდეს, საიდან მოდის ფული, როგორ იხარჯება.

ხალხმა ხომ უკვე გამოთქვა თავის აზრი წინა წელს და თქვა, რომ ეს კანონი არ გვინდა.  ჩემთვის გაუგებარია, მაინც რატომ უნდა ასე  ხელისუფლებას ამ კანონის მიღება და არ ესმის ჩვენი, ეს ხომ ჩვენი არჩევანია და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, საქართველოში მცხოვრებმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ეს კანონი და არა ხელისუფლებამ”, – ამბობს რეჟისორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი