ხელოვნება

რა უშლის ხელს სამხატვრო აკადემიის სტუდენტების რჩეულის რექტორობას

9 ივლისი, 2014 • • 4404
რა უშლის ხელს სამხატვრო აკადემიის სტუდენტების რჩეულის რექტორობას

აკადემიის სტუდენტებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ აკადემიაში მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ისევ არაფერი შეიცვლება, თუ რექტორი აკადემიურმა პერსონალმა აირჩია. არქიტექტურის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ნატა ნებიერიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ჩაკეტილი წრე აკადემიაში კიდევ უფრო გაძლიერდება.

სტუდენტებმა გია ეძგვერაძის რექტორად დანიშვნის მოთხოვნით პეტიცია შეადგინეს, რომელსაც ამჟამად 1063 ადამიანი აწერს ხელს. სტუდეტებს იმედი აქვთ, რომ გია ეძგვერაძის რექტორობის შემთხვევაში აკადემიაში სწავლის ხარისხი გაუმჯობესდება.

ნატა ნებიერიძემ დღეს ის საკითხები დაასახელა, რომელიც მისი აზრით აკადემიაში პრობლემურია: დაბალი ბარიერი მისაღები გამოცდებისას, შემოქმედებითი თავისუფლების არქონა, ლექტორებს მაჩნიათ, რომ სტუდენტები ცარიელი ადგილია, რომელსაც ცოდნა “თავში უნდა ჩაუდო”, სალექციო კურსები კრიტიკულ გააზრებასა და ანალიზს ნაკლებ ყურადღებას უთმობს.

 

აკადემიაში გვასწავლიან თეორიას, ვთქვათ, რომელიმე მხატვარი ასე რატომ აკეთებდა, მაგრამ რამ გადააწყვეტინა ამ მეთოდების გამოყენება, ნაკლებად ჩანს, – განმარტავს ნატა ნებიერიძე:

 

თბილისის სახელწმიფო სამხატვრო აკადემია
თბილისის სახელწმიფო სამხატვრო აკადემია

“ყველაზე მეტად რაც აკადემიას აკლია, ეს არის ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს თანამედროვე ხელოვნება. უშუალოდ სწავლის პროცესი არ არის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე. თეორიას ასწავლიან უმეტესად. ყოველთვის აქცენტი ხდება იმაზე, რომ შენ უნდა დაამუშავო შენი ხელი იმისთვის, რომ გახდე კარგი ხელოსანი, მაგრამ კარგი ხელოსნობა არ ნიშნავს კარგ ხელოვანს.”

სტუდენტები ამბობენ, რომ პეტიციის გამოქვეყნებამდე ისინი შეხვდნენ აკადემიის ადმინისტრაციას, მართავდნენ აქციებს და ჰქონდათ სალექციო კურსი “კრიზისის შინაარსი”, რომლის ფარგლებში მოწვეულმა და აკადემიის ლექტორებმა წაიკითხეს ლექციები, რაც ნებიერიძის თქმით, სალექციო კურსის შემდეგ უფრო მეტად დაინახეს პრობლემის არსი.

სტუდენტები ამბობენ, რომ მათ წერილი მისწერეს განათლებისა და კულტურის სამინისტროებსა და მთავრობის ადმინისტრაციას. ნატას თქმით, მთავრობის ადმინისტრაციამ განათლების სამინისტროსთან გადაამისამართა, განათლების სამინისტრომ -კულტურის სამინისტროსთან, ხოლო კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი აკადემიის ავტონომიაში ვერ ჩაერევა.

ავტონომიურობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს აკადემიის ვიცე-კანცლერი გივი ყიფიანი, რომელიც ამბობს, რომ აკადემიის რექტორის დანიშვნა კულტურის სამინისტროს მიერ იქნება “ბოლონიის პროცესის” შეფერხება და აკადემიის ავტონომიურობის ხელყოფა:

“უნივერსიტეტი უნდა იყოს ავტონომიური და რექტორი წარმოადგენდეს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ნდობას. მათ მიერ უნდა ირჩეოდეს.”

სამხატვრო აკადემიის დებულება 2014 წლის 16 მაისს კულტურის მინისტრმა დაამტკიცა. დებულების მიხედვით, აკადემია კულტურის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ სსიპ-ად გარდაიქმნა.

დებულებაში, გივი ყიფიანის თქმით, გათვალისწინებულია რამდენიმე დადებითი ცვლილება: საკონკურსო კომისიის წევრების არჩევის პროცედურები ზუსტად გაწერილია და რექტორობის კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია 10 დღის განმავლობაში უნდა გამოქვეყნდეს აკადემიის საიტზე და კენჭისყრამდე ყველა დაინტერესებულ პირს მისი გაცნობა შეეძლება.  

გივი ყიფიანი ამბობს, რომ აკადემიაში მისაღები გამოცდისთვის ბარიერი ისეა დაწესებული, რომ აკადემიაში ჩარიცხვის მსურველს არ მოუხდეს დამატებით, წლების განმავლობაში, მომზადება.

მისი თქმით, ამან დაწია სწავლის ხარისხი, თუმცა უმაღლესი განათლების სახელმწიფო პრინციპების მიხედვითაა ნაკარნახევი და საკმარისი უნდა იყოს მისთვის სკოლის განათლება.

 

პროფესორების, აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩვენები თბილისის სამხატვრო აკადემიაში 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს. თავად აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ კლდიაშვილი რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს:

“ჩემი დანიშვნა იყო მხოლოდ და მხოლოდ დროებითი მოვლენა, რომელიც გაჭიმა სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებმა და აკადემიის ორჯერ რეორგანიზაციამ. თორემ ნამდვილად დიდი ხნით ადრე განვთავისუფლდებოდი ამ ტვირთისგან.”    

აკადემიის არჩევნებში მონაწილოების მიღებას აპირებს გია ეძგვერაძე: “სამი თვის წინ მე ჟურნალ “ლიბერალის” ჩემს ბლოგზე ვრცელი სტატია დავდე, სადაც განვმარტე ჩემი მყარი გადაწყვეტილების მიზეზი, მივიღო აკადემიის რექტორის არჩევნებში მონაწილეობა. ეს უმთავრესად განაპირობა დასავლეთის საუკეთესო აკადემიებში ჩემი პედაგოგობის დიდმა გამოცდილებამ.”

“მე განუწყვეტლივ მიხდებოდა მუშაობა მეთოდოლოგიურ საკითხებზე — თანამედროვე ხელოვნების სწავლების სპეციფიკის ანალიზი — და იმედი მაქვს სწორედ ეს გამოცდილება შესძლებს გახდეს საფუძველი იმ ცვლილებების, რაც აკადემიაში უნდა მოხდეს. ასეთი ცვლილებები აუცილებელია, რომ სწავლების ხ ა ს ი ა თ ი თ (დონეზე ჯერ არ შეიძლება არანაირად ლაპარაკი) ჩვენი აკადემია რამდენადმე მაინც მიუახლოვდეს დასავლეთის მაღალი დონის საშემოქმედო სასწავლებლების სტანდარტებს.”

გია ეძგვერაძე მიიჩნევს, რომ სამხატვრო აკადემიის რექტორად კენჭისყრის უფლება იმ კანდიდატსაც უნდა შეეძლოს, რომელიც აკადემიის პროფესორი არ არის:


“დებულება, რომელიც კრძალავს აკადემიის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას, თუ აკადემიის პროფესორი არა ხარ, უკიდურესად და დაუშვებლად არადემოკრატიულია და სრულიად ინცესტუოზური. ეს დებულება ნამდვილად უნდა შეიცვალოს, იგი არანაირ დემოკრატიულ სტანდარტს არ შეეფერება.”


“მაგალითად, ვენის აკადემიაში რექტორის ამომრჩეველი კომისიაც კი გარეთა ხალხის (არა აკადემიის შტატის) შემადგენლობით არის დაკომპლექტებული, რომ რაიმე “ოჯახურ” გადაწყვეტილებებს არ ჰქონდეს უნებურადაც კი ადგილი. ეს ნორმალური დემოკრატიული აზროვნების წესია.”


გია ეძგვერაძე ამბობს, რომ სამხატვრო აკადემიის აკადემიური საბჭო მას მხარს დაუჭერს:

“გარემოში უჩვეულო, ახალი კონცეფციების შემოტანა პირველ ეტაპზე ყოველთვის რთულია, რახან ყველაფერი შეუჩვეველი ადამიანს ყოველთვის არასაფუძვლიანად ეჩვენება; ტრადიციული იდეები ხომ წლობით, დეკადების განმავლობაში, ზოგჯერ კი ასწლეულობით იკრიბავს დისკურსულ სხეულს გარშემო და მკვიდრდება ჩვენს ცნობიერებაში როგორც დამაჯერებებლი და ზოგჯერ კი, როგორც უცვლელი ჭეშმარიტება. ამიტომ არის, რომ ახალი უსაფუძვლოდ გვეჩვენება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი კონცეფციის ფუნდამენტალური გაცნობა აკადემიური საბჭოსთვის და მათი ერთიანი ძალებით დისკურსული დამუშავება მოიტანს შედეგს — როდესაც გასაგები გახდება სიახლის დანერგვის აუცილებლობა. ეს სიახლე კომპლექსური კულტურული რეალობაა და მისი რეალიზაცია დროს მოითხოვს — ჩემი ვარაუდით მინიმუმ ორ წელს — სანამ ის გათავისდება ჩვენი აკადემიის ცნობიერებაში. მე ამ საბჭოს პრაქტიკულად ყველა წევრს ვიცნობ. ისინი ყველანი გამორჩეული პიროვნებები არიან და აბსოლუტურად მწამს მათი წადილისაც და კეთილი ნებისაც, მომავალს თანხმობა მისცენ და დაეხმარონ.”

ნატა ნებიერიძე ამბობს, რომ აკადემის 1700 სტუდენტიდან ნახევარი იზიარებს მოსაზრებას, რომ აკადემიაში პრობლემებია. ხოლო მეორე ნახევარი ისედაც არ იჩენს ინტერესს აკადემიური პროცესის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი