ეკონომიკა

ანაკლიის პორტის აშენება ჩინურ და შვეიცარიულ კომპანიებს სურთ

22 სექტემბერი, 2023 • 3985
ანაკლიის პორტის აშენება ჩინურ და შვეიცარიულ კომპანიებს სურთ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიიდან ერთი — შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ-სინგაპურულია.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

„მეორე ეტაპზე გადავიდა შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია. მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი — ესეც არის მსოფლიოში აღიარებული კომპანიათა ჯგუფი“, — განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, განაცხადი სულ 4 კომპანიას ჰქონდა შემოტანილი. მეორე ეტაპზე ვერ გადავიდნენ ისრაელური და მეორე ჩინური ჯგუფი. ამერიკულ კომპანიებს, დავითაშვილის თქმით, ინტერესი არ გამოუხატავთ.

ამერიკულ კომპანიებს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ – დავითაშვილი

„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მთელი ეს ტენდერობანა და ამდენი წვალება იმიტომ გააკეთეთ, რომ ჩინურ კომპანიას ჩაეგდო ეს პროექტი ხელში“, — მიმართა ეკონომიკის მინისტრს დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

ის დაინტერესდა, არის თუ არა შვეიცარიულ კომპანია შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანია, დამფუძნებლებსა და აქციონერებს შორის არიან თუ არა  ჩინელები დომინანტურ მდგომარეობაში.

„რაც შეეხება იმას, შვეიცარიულ კომპანიას, თუ არიან ჩინელები… ჩვენ რამდენადაც სადამფუძნებლო სტრუქტურა შევისწავლეთ, არ არიან. თუმცა ჩინელების კომპანია სადმე და ეს ჩინური ფობია ყოვლად უპასუხისმგებლოა და საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან პოლიტიკური საფუძველი არ აქვს. შვეიცარიული კომპანიის ძირითადი დამფუძნებლები არიან შვეიცარიელები“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა არ გამორიცხა შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიის თანამშრომლობა და ერთდროულად მონაწილეობა 49%-იან წილში.

ვიცე-პრემიერის თქმით, ანაკლიის  პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო „ანაკლიის  საზღვაო ნავსადგური“ წარმართავს და შეირჩევა მშენებელი კომპანია.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამჟამად დაქირავებული კონსულტანტი, ბელგიური საინჟინრო კომპანია HAEDES სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობას ასრულებს.

„უკვე ჩატარდა ინტერვიუები რამდენიმე მნიშვნელოვან, წამყვან ევროპულ კომპანიასთან. ესენია დიდი ე.წ. სამეული თუ ოთხეული კომპანია, რომლებიც  საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში არიან წამყვანი კომპანიები და ჩვენ გვაქვს უკვე წინასწარი მონაცემები იმისთვის, რომ სატენდერო პირობები დაზუსტდეს. სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში ტენდერი გვექნება გამოცხადებული და ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე წლის ბოლომდე შევძლებთ მშენებელი კომპანიის შერჩევას და სამშენებლო სამუშაოების დაწყებასაც“, — აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


მთავრობა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორს არჩევს, რომელთან ერთადაც უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის.

20 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, თუმცა ისინი არ დაასახელა.

კანდიდატების საკვალიფიკაციო შეფასების შედეგად, კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამარჯვებულს გამოავლენს და ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს დაიწყებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.

პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.

პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად მოსამზადებელი სამუშაოები 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიქირავა საერთაშორისო კონსულტანტები (კომერციულ საკითხებში − MTBS, ხოლო იურიდიულ საკითხებში − Squire Patton Boggs), რომელთა ჩართულობით მომზადდა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაცია.

საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც დღემდე არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.

დავის დასრულებამდე მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ კონკურსი გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი