ახალი ამბები

ამერიკულ კომპანიებს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ – დავითაშვილი

22 სექტემბერი, 2023 • 2085
ამერიკულ კომპანიებს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ – დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტში მონაწილეობის სურვილი არ გამოუთქვამთ ამერიკულ კომპანიებს.

„იყო თუ არა [მონაწილეობის მსურველი] სხვა ევროპული ან ამერიკული კომპანიები? სამწუხაროდ, არა“, – განაცხადა მინისტრმა პარლამენტში, დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ.

გოცირიძემ კი უპასუხა დავითაშვილს, რომ დასავლელმა ინვესტორებმა პროექტში მონაწილეობა „ხელისუფლებლის ბოლოდროინდელი მავნებლური ქმედებების“ გამო არ ისურვეს – „საბოლოოდ დარწმუნდნენ დასავლელი ინვესტორები, რომ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დაჭერა არ ღირს“, – განაცხადა მან.

მთლიანობაში კი, მინისტრის თქმით, პორტის მშენებლობაში კერძო პარტნიორობის სურვილი გამოთქვა ოთხმა კომპანიამ. ორმა მათგანმა მოახერხა მეორე ეტაპზე გადასვლა – ესენია შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმები, როგორც დავითაშვილი ამბობს, „მსოფლიოში აღიარებული კომპანიათა ჯგუფი“. იმ ორი კომპანიიდან, რომელიც შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, ერთი ისრაელიდანაა, ხოლო მეორე ასევე ჩინეთიდან.


მთავრობა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორს არჩევს, რომელთან ერთადაც უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის. ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში კვალიფიციური კანდიდატების გამოვლენა რამდენჯერმე გადავადდა.

20 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, თუმცა ისინი არ დაასახელა.

კანდიდატების საკვალიფიკაციო შეფასების შედეგად, კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამარჯვებულს გამოავლენს და ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს დაიწყებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.

პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი