ეკონომიკა

ყაზახეთი რუსეთის ნაცვლად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს გამოიყენებს ნავთობის გადასაზიდად – „როიტერსი“

12 აგვისტო, 2022 •
ყაზახეთი რუსეთის ნაცვლად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს გამოიყენებს ნავთობის გადასაზიდად – „როიტერსი“

ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ ყაზახეთი გეგმავს, 2022 წლის სექტემბრიდან ნავთობის ტრანსპორტირებისათვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გამოიყენოს.

გამოცემის თანახმად, ყაზახეთს ამ ალტერნატივაზე ფიქრი მას შემდეგ დასჭირდა, რაც საფრთხე შეექმნა რუსეთის ფედერაციის ქმედებების შედეგად მოქმედი მარშრუტის ფუნქციონირებას.

ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი მსოფლიო მომარაგების 1%-ია – ყოველდღიურად 1.4 მილიონი ბარელი.

ბოლო 20 წლის განმავლობაში, ყაზახეთიდან ნავთობის ექსპორტი ხდებოდა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC მილსადენის) გამოყენებით, შავ ზღვაზე რუსეთის ნოვოროსიისკის პორტის გავლით. თუმცა ბოლო პერიოდში ამ მარშრუტს შეფერხებები აქვს.

22 მარტს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნოვოროსიისკში ნავთობის მიმღები ინფრასტრუქტურა დაზიანდა „შტორმის შედეგად“.

მოგვიანებით, 6 ივლისს, რუსეთის სასამართლომ დაავალდებულა CPC , 30 დღით შეწყვიტოს ოპერაციები „გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების“ საფუძვლით. ორივე შემთხვევაში ნავთობის ფასმა მოიმატა.

[ყაზახეთმა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის გავლენის სფეროში მოიაზრებოდა, ბოლო პერიოდში, ჩინეთის მხარდაჭერის ფონზე, ამ იარლიყისგან დისტანცირება დაიწყო [ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ პოლიტიკის ერთგვარი „კარიბჭეა. ჩინეთს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ყაზახეთის ენერგოინდუსტრიაში]. ამ დისტანცირების მაგალითი იყო პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პანელურ დისკუსიაზე, უკრაინაში შეჭრის ფონზე, დონეცკისა და ლუგანსიკის „დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ გამოსვლა].

„როიტერსის“ ცნობით, რუსეთის ამ ნაბიჯებმა ყაზახეთის მთავრობას უბიძგა, ნავთობის ტრანსპორტირების ალტერნატიულ მარშრუტებზე ეფიქრა. ასეთი აღმოჩნდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი.

გამოცემის თანახმად, მას წყარო ეუბნება, რომ ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ (KMG) ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანულ „სოკართან“, რათა BTC-ის გამოყენებით ყოველწლიურად 1.5 მლნ ტონა ნავთობის ექსპორტირება მოხდეს.

„როიტერსის“ ცნობით, კონტრაქტის საბოლოო ვერსიას აგვისტოს ბოლოს უნდა მოეწეროს ხელი, ტრანსპორტირება კი ერთი თვის შემდეგ დაიწყება.

ამასთან, გამოცემას 2 წყარო ეუბნება, რომ შესაძლოა, 2023 წლიდან ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გამოყენებით ყაზახეთიდან დამატებით ყოველწლიურად განხორციელდეს 3.5 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება,.

BP-ის ცნობით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, რომლის სიგრძეც 1768 კმ-ია, დღიურად 1.2 მლნ ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება შეუძლია.

ჯერჯერობითკომენტარს არ აკეთებენ „ყაზმუნაიგაზი“ და „სოკარი“.

თუკი შეთანხმებას ოფიციალურად მოეწერება ხელი, ყახაზეთიდან ბაქომდე ნავთობის ტრანსპორტირება კასპიის ზღვით, ყაზახეთის აქთაუს პორტიდან მოხდება.


გირჩევთ ასევე წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი