ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს.
სწორედ ამიტომ, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოს მოლაპარაკებებისთვის ეწვია.
ევროპაში იმედოვნებენ, რომ აზერბაიჯანული გაზით ევროპა რუსეთის წინააღმდეგ უფრო მოქნილი გახდება და კრემლს შანტაჟისთვის ნაკლები შესაძლებლობა დარჩება.
გარდა რუსეთისგან მომავალი პოლიტიკური საფრთხეებისგან თავდაცვისა, ევროპას ბუნებრივი აირის სტაბილური მიწოდება ეკონომიკური სირთულეების თავიდან ასარიდებლადაც სჭირდება.
რაზე შეთანხმდნენ მხარეები
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს ბაქოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანი გააორმაგებს ევროკავშირისთვის გაზის მიწოდებას.
ერთობლივ ბრიფინგზე ლიდერებმა განაცხადეს, რომ გაზის მიწოდების გასაზრდელად გაფართოვდება სამხრეთის გაზის კორიდორი.
ურსულა ფონ დერ ლაიენი და ილჰამ ალიევი მემორანდუმის გაფორმებისას
მხარეებს შორის უახლოეს ხანებში სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება, რათა საბოლოო, ორმხრივი შეთანხმება მიიღწეს.
Reuters-ის მიერ მანამდე მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა 2027 წლამდე გაზის მიწოდება მინიმუმ 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაზარდონ, ნაცვლად დღეს არსებული 8 მილიარდისა.
„მხარეები ისწრაფვიან, მხარი დაუჭირონ ბუნებრივი აირით ორმხრივ ვაჭრობას, მათ შორის ევროკავშირში სამხრეთის გაზის კორიდორით წლიურად, სულ მცირე, 20 მილიარდი კუბური მეტის რაოდენობის გაზის მიწოდებას 2027 წლამდე, კომერციული შესაძლებლობებისა და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად“, – ნათქვამია 11 ივლისით დათარიღებულ დოკუმენტში, რომელიც Reuters-მა გაავრცელა.
დოკუმენტის თანახმად, ორივე, აზერბაიჯანული და ევროპული მხარე ფინანსურად უნდა ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში.
სამხრეთის გაზის დერეფანი, აერთიანებს 3 სხვადასხვა პროექტს, მათ შორის „SCPX“, „TANAP“ „TAP“ და 6 ქვეყანას, მათ შორის აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს, საბერძნეთს, ალბანეთსა და იტალიას.
სამხრეთის გაზის კორიდორის ნაწილია ე.წ. შაჰდენიზის, იგივე სამხრეთ კავკასიის, ან უბრალოდ ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენი, რომელიც აზერბაიჯანს საქართველოს გავლით აკავშირებს თურქეთთან, შემდეგ კი- ევროპასთან.
გაზსადენის ერთ-ერთი მთავარი მმართველი კომპანია არის ბრიტანული British Petrolium (bp), რომლის ვებ-გვერდის თანახმად, გაზსადენს, სრული სამუშაო დატვირთვისა და მშენებლობის დამატებითი ფაზების დასრულების შემდეგ, წლიურად 25 მილიარდი კუბური მეტი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება შეუძლია.
როგორ შეცვლის ეს ევროპასა და რეგიონს
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევრის, ნინო სამხარაძის განცახდებით, იმისთვის, რომ ევროპული რიტორიკა და სტრატეგია რუსეთის მიმართ ბევრად უფრო ხისტი გახდეს, ბევრ ფაქტორთან ერთად საჭიროა რუსეთისგან კიდევ უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
„აზერბაიჯანთან შეთანხმების მნიშვნელობა ძალიან დიდია როგორც ევროკავშირისთვის, ისე ჩვენი რეგიონისთვის, თუმცა არც იმდენად, რომ ამან ძირეული გავლენა მოახდინოს ბრიუსელის სტრატეგიის კიდევ უფრო გამძაფრებაზე, განსაკუთრებით, ე.წ. „რუსული ზამთრის“ მოლოდინში. თუმცა, თავისთავად, ბაქოსა და ბრიუსელს შორის დადებული შეთანხმება, შესაძლოა, გახდეს მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგადად კოლექტიური დასავლეთის სტრატეგიაში, რუსულ ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად. შესაბამისად, პოლიტიკური სტრატეგიის შესაცვლელად“, – აცხადებს ნინო სამხარაძე.
მისივე თქმით, ევროკავშირისა და აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ გაიზრდება ევროპის ჩართულობა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში.
„ბრიუსელი ბოლო ხანებში გააქტიურებული იყო ორ კონფლიქტურ ქვეყანას შორის შეთანხმების ფასილიტაციის მიმართულებით, რაც მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა მაინც არსებობდა ეჭვები, რამდენად შეძლებდა შარლ მიშელი რუსული გავლენის დაბალანსებას და ამ კონფლიქტში რუსულ ფაქტორთან გამკლავებას. ამ ეტაპზე ეს შეთანხმება, შეიძლება ითქვას, პოლიტიკური დადასტურებაა იმის, რომ ევროკავშირს სურს (და ექნება მეტი რესურსიც), კიდევ უფრო მეტი ფოკუსი მიმართოს სამხრეთკავკასიური კონფლიქტისკენ, რადგან ნებისმიერი დამატებითი თანამშრომლობა ენერგოსექტორში საჭიროებს რეგიონულ სტაბილურობას. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ევროკავშირის ინტერესი და მისი აქტიურობაც ამ მხრივ გაიზრდება“, – აცხადებს იგი.
გავლენა საქართველოზე
საქართველო ბუნებრივ აირს ძირითადად აზერბაიჯანისგან იღებს.
გარდა SOCAR-ისა, რომელიც აზერბაიჯანული სახელმწიფო კორპორაციაა, საქართველო ასევე იღებს შაჰდენიზის მილსადენით გატარებული ბუნებრივი აირის 5 პროცენტს, დამატებით საჭირო გაზს კი შეღავათიან ფასში ყიდულობს.
გაიზრდება თუ არა საქართველოსთვის გამოყოფილი ენერგია იმ შემთხვევაში, თუ მილსადენის ტვირთბრუნვა დაგეგმილ 20 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს?
ენერგეტიკოსი გია არაბიძის განცხადებით, ამგვარ შემთხვევაში საქართველო უფასო გაზის უფრო მეტ ოდენობას მიიღებს, რაც შესაძლოა ქვეყანამ თბოელექტროსადგურების ასამუშავებლადაც კი გამოიყენოს.
„რაც უფრო მეტი გაზი გაივლის, უფრო მეტი დაგვრჩება. თუ გაზის მიღებული რაოდენობა გაიზრდება, ჩვენ შეგვეძლება [არა მხოლოდ მოსახლეობისთვის მიწოდება, არამედ] თბოელექტროსადგურების დატვირთვის გაზრდაც და ამ გზით ძალიან მნიშვნელოვნად შევამცირებთ იმპორტზე დამოკიდებულებას. ამ შემთხვევაში, ჩვენი ენერგეტიკული სექტორი გაზის მიმართულებით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე დღესაა“, – აცხადებს გია არაბიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.
ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის დეკემბრის ბრძანებულების თანახმად, 2022 წლის ბუნებრივი აირის ბალანსის პროგნოზისას, საქართველო მოხმარების დაახლოებით მილიარდ 156 მილიონი კუბურ მეტრ გაზს შაჰდენიზის მილსადენიდან უფასოდ, ან შეღავათიან ფასში იღებს.
ბუნებრივი აირის სრული მოხმარება ამ წელს დაახლოებით 2 მილიარდ 695 მილიონი კუბური მეტრია.
გამოდის, რომ საპროგნოზო გათვლებით, წელს შაჰდენიზისგან მიღებული გაზი ქვეყნის მოხმარების დაახლოებით 43 პროცენტია.
რუსეთზე დამოკიდებულება და მისი შედეგები
უკრაინის ომის დაწყებამდე ევროკავშირში ბუნებრივი აირის ბაზრის 43 პროცენტი რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა. 21 პროცენტი – ნორვეგიაზე, 8 პროცენტი -ალჟირზე, 5 პროცენტი ეკავა კატარს.
რუსეთზე ამგვარი დამოკიდებულება დასავლეთის მიერ კრემლისთვის სანქციების დაწესების დროს ამ უკანასკნელისთვის შანტაჟის მექანიზმად იქცა.
საკუთარი ვალუტის სტაბილურობისა და ევროპაზე ზეწოლისთვის რუსეთმა ბუნებრივი რესურსების გაყიდვა მხოლოდ რუსულ რუბლებში გადაწყვიტა, მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო კი არაერთ ევროპულ ქვეყანას შეუწყვიტა გაზის მიწოდება.
რუსეთის მიერ სპეკულაციების გამო, ევროპაში გაიზარდა ფასი ბუნებრივ აირზე, რაც საბოლოოდ აისახა სხვა პროდუქტებისა და მომსახურების ფასებშიც.
შედეგად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების ნაწილი თანხმდება, რომ უნდა აღმოფხვრან რუსულ გაზზე დამოკიდებულება.
რუსეთი ევროპას ბუნებრივ აირს ძირითადად სამი მილსადენით აწვდის, მათ შორის:
- იამალ-ევროპის მილსადენი;
- ძმობის მილსადენი;
- ჩრდილოეთის ნაკადი
11 ივლისს ფუნქციონირება დროებით, 10 დღით, შეაჩერა ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენმა, თუმცა ევროპაში არის მოლოდინი, რომ მილსადენზე სამუშაოებს გაახანგრძლივებს და ამით ევროკავშირში არსებულ ენერგოკრიზისს გაამწვავებს.
ევროს გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ენერგოკრიზისთან დაკავშირებული ნეგატიური მოლოდინებიცაა.