ეკონომიკა

რატომ იცვლება თბილისის ბიუჯეტი

26 აგვისტო, 2014 • • 944
რატომ იცვლება თბილისის ბიუჯეტი

თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ ქალაქის მთვარობას და საკრებულოს ოპოზიციას თავთავიანთი ვერსია აქვთ.

 

თბილისის მერის მოადგილის გიორგი ხელაიას თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების განხორცილება გადაუდებელი აუცილებლობაა, რადგან საგანგაშო მდგომარეობაა შექმნილი ბიუჯეტის სოციალური დახმარების ნაწილში და რაიონულ გამგეობებში მთლიანად არის ამოწურული თანხები. 


“ძალზედ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თბილისის ახალ მთავრობას წინა ხელისუფლებისაგან მემკვიდრეობით ერგო არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტი. კერძოდ, საწარმოთა ქონების გადასახადიდან 2013 წელთან შედარებით დაიგეგმა 48,5 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი. აღნიშნული ზრდა დაუსაბუთებელი და არარეალურია, ვინაიდან მთლიანი დასაბეგრი ბაზა ქონების გადასახადიდან არ აღემატება 119,0 მილიონი ლარს. ბუნებრივია, 2014 წელს ამ ნაწილში მაქსიმალური მოცულობის თანხების ამოღების შემთხვევაშიც კი დაგეგმილი პარამეტრი 142,0 მილიონ ლარამდე ვერ გაიზრდებოდა“ – განაცხადა გიორგი ხელაიამ.


თბილისის მთავრობის წარმომადგენლის პოზიციას არ ეთანხმება საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სევდია უგრეხელიძე, რომელიც 2014 წლის ბიუჯეტის შედგენის და დამტკიცების დროს თბილისის მერის მოვალეობას ასრულებდა: 


“თბილისის მთავრობა ცდილობს თავისი უუნარობა გადაფაროს წინა ხელისუფლებაზე გადაბრალებით. ბიუჯეტში ცვლილება არც დანაშაულია და არც უბედურება. ეს ბიუჯეტი სამჯერ არ იქნა მიღებული საკრებულოს “ქართული ოცნების” უმრავლესობის მიერ ირაკლი შიხიაშვილის და ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობით. ვიდრე მათი ყველა მოთხოვნა არ შევასრულეთ, ეს ბიუჯეტი არ დავამტკიცეთ. ეს ბიუჯეტი არის მათი შედგენილი და დამტკიცებული. ასევე ყველა პროექტი, რაზეც ახლა აპელირებენ, სოცილური პროექტები და გამგეობის თანხები იხარჯებოდა მათი თანხმობით. სხვაგვარად ჩვენ ამ ფულს ვერვ დავხარჯავდით. ასე რომ, უნდა შეწყდს ხალხის მოტყუება, რომ ბიუჯეტი გამოცარიელბულია და ფული არ არის. ეს არის მათ მიერ გაწეული ხარჯვა. იმ მიზნით, რომ არჩევნების წინ ჩვენ სოცილური პროექტებით არ მოგვემადლიერებინა ხალხი, მათ ჩადეს ამ პროეტებში პატარა თანხა. თუ ადრე იყო 15 მილიონი , ამათ ჩადეს 3 მილიონი. ეს თანხა ნახევარ წელზე არ ეყოფოდა და მათ ჰქონდათ გათვლილი, რომ არაფერი არ დახვედროდათ და თავად დაეწყოთ ხარჯვა.”


თბილისის მთვრობა ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს არ ასაჯაროებს. როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტზე დედაქალაქის მთავრობა 27 აგვისტოს იმსჯელებს. 

 

თბილისის ბიუჯეტი საკრებულომ 2014 წლის 7 მარტს დაამტკიცა. თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 785 მილიონ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისათვის 88 მილიონ 713 ათასი ლარი იქნება გამოყოფილი, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრებისათვის – 156 მილიონ 450 ათასი ლარი, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესებისათვის – 69 მილიონ 500 ათასი ლარი, ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის – 12,5 მილიონი ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარებისათვის – 30 მილიონი ლარი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებისათვის – 186,673 მილიონი ლარი, განათლებისათვის – 84 მილიონ ლარზე მეტი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამებისთვის – 50 მილიონ ლარზე მეტი, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის – 23 მილიონ ლარზე მეტი. 

ბიუჯეტში პროექტით განსაზღვრულია შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები, რომელიც დაახლოებით 700 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯებს, 2014 წელს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე 600 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი