ახალი ამბები

“შევთანხმდით, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება” – საზმაუს ხელმძღვანელები დეპუტატებს შეხვდნენ

19 ნოემბერი, 2023 • 1500
“შევთანხმდით, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება” – საზმაუს ხელმძღვანელები დეპუტატებს შეხვდნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე იმსჯელეს.

“დეტალურად გავიარეთ მაუწყებლის დაფინანსების პრობლემები და ერთ რამეზე უპირობოდ შევთანხმდით და სრული მზაობა იყო, ნამდვილად კმაყოფილები ვართ, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ შეხვედრის შემდეგ.

თინათინ ბერძენიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება იქნება არა ფიქსირებული, არამედ ცვლადი.

“ფიქსირებული თანხა, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აიძულებდა, რომ ყოველწლიურად ეთხოვა დამატებითი ბიუჯეტი, ეს მოდელი აღარ იქნება განხილული და გადავალთ ცვლადზე, რომელიც იქნება ადეკვატური დაფინანსების წყარო”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მაუწყებლის შესახებ კანონში პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი დაფინანსება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზეა მიბმული, იყო დროებითი.

“ვინაიდან, საქართველოს ნახტომისებური ზრდა აქვს მთიან შიდა პროდუქტში, პარლამენტის წევრების ინიციტივა ეს იყო, რომ არ იყო შესაფერისი და ადეკვატური ასეთი ნახტომისებური ზრდა ბიუჯეტის [საზოგადოებრივი მაუწყებლის]”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესს ცვლის. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის პროპორციულად აღარ გაიზრდება.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები არიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წევრები. მანამდე მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრ რომან გოცირიძესაც ჰქონდა, თუმცა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. მოგვიანებით კი მსგავსი კანონოპროექტი პარლამენტში თავად უმრავლესობის ინიციატივით დარეგისტრირდა.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას,  დღეს მოქმედი კანონით, თითქმის 15 წელია,  მისი დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ის ოდენობით ხდება. შესაბამისად, მაუწყებლის დაფინანსება მშპ-ს პროპორციულად იზრდება.

მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69.6 მილიონ ლარს, უკვე 2023 წელს მაუწყებელმა 101  მილიონი ლარი მიიღო, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით იგეგმება 110.3 მილიონის გამოყოფა.

წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესი და შემოთავაზებულია, რომ მაუწყებლის სპეციფიკის გათვალისწინებით, ის დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპის შესაბამისად.

ამავე თემაზე:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი