ახალი ამბები

2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 110 მლნ-ით იზრდება

13 ოქტომბერი, 2023 • 2373
2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 110 მლნ-ით იზრდება

დღეს, 13 ოქტომბერს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი 85.4 მლრდ ლარითაა განსაზღვრული, საიდანაც თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.37 მილიარდი ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას 110 მლნ ლარით აღემატება.

თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • ჯარისკაცების ხელფასების ზრდა 10%-ით;
  • თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 100 მლნ ლარი;
  • თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის გამოყოფილია 230 მლნ ლარი.

განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, რამდენად არის 2024 წლის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ნატოს სტანდარტებთან შესაბამისი.

ნატოს სტანდარტით თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ის მინიმუმ 2% მაინც უნდა იყოს, რაც ასევე ითვალისწინებს, რომ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე თავდაცვის ბიუჯეტის მინიმუმ 20% უნდა იხარჯებოდეს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, თავდაცვის ბიუჯეტი „მშპ-სთან მიმართებით 1.9%-მდეა, რაც შეეხება შეიარაღების წილს, 20%-ის ფარგლებშია“.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის განხილვისას „ნაციონალური  მოძრაობის“ თავმდჯომარემ დევი ჭანკოტაძემ განაცხადა, რომ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა ცოტაა და ამიტომ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერდა.

„ახლა რომ ვთქვა, რომ გავზარდოთ სამხედრო ბიუჯეტი, ეგრევე დამაბრალებენ, რომ ომი უნდაო. არ მინდა მე ომი, მე მინდა ძლიერი ჯარი გვყავდეს. ომი არც მე მჭირდება, არც თქვენ. მშვიდობას უფრო მეტად აფასებს სამხედრო, ამიტომ არავითარ ომზე არ არის აქ ლაპარაკი. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვყვადეს ძლიერი და თანამედროვე ჯარი. ამიტომ 230 მლნ არ არის ის თანხა, რაც ჩვენი ჯარისთვისაა საჭირო“, — განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

პასუხად კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი საკმარისი არასდროსაა.

„ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ნატოს წევრი სახელმწიფოების მაგალითები და თუკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ან ნებისმიერ სამხედრო პირს ჰკითხავთ, რა არ ჰყოფნით ან აკლიათ, სადაც თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტი 800 მლრდ დოლარზე მეტია, ყველა გეტყვით, რომ მათ აკლიათ ფული. ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოებიც ყოველთვის მოქმედებენ შეზღუდული რესურსების არსებობის პირობებში. დღეს ნატოს წევრი 31 სახელმწიფოდან მხოლოდ 11 აკმაყოფილებს მშპ-სთან 2%-იან ნიშნულს“, — განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი