ეკონომიკა

რისთვის აყადაღებს ხელისუფლება „ქართუს“ უმსხვილეს კრედიტორებს

13 დეკემბერი, 2011 • 1840
რისთვის აყადაღებს ხელისუფლება „ქართუს“ უმსხვილეს კრედიტორებს

რატომ დაიწყო ხელისუფლებამ მათთან დაახლოებული ბიზნეს–კომპანიების მასობრივად დაყადღება და რა კავშირი აქვს ამ პროცესს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ერთადერთ ბიზნეს–პროექტთან  – „ქართუ ბანკთან“?

“ქართუ ბანკის” ცნობით, გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ „უპრეცედენტო სადამსჯელო ოპერაცია“ განახორციელა, რის შედეგადაც  არაუზრუნველყოფილი დარჩა სს ,,ბანკი ქართუს“ 70 მლნ ლარის საკრედიტო ვალდებულებები, რაც ბანკის საერთო საკრედიტო პორტფელის თითქმის 20 პროცენტია.

თუკი აღნიშნული მაჩვენებელი 25%–ს ასცდება, „ქართუ ბანკი“ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ შიდა ნორმატიულ აქტს დაარღვევს.

„ნებისმიერი ნორმატივის  დარღვევა არის ეროვნული ბანკის მსჯელობის საგანი, ამას შეიძლება კიდევ სხვა რაღაცეები დაუმატონ და  მიიღონ გადაწყვეტილება, რომ დანიშნონ ბანკში დროებითი ადმინისტრაცია,“ – ასეთია „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის, ნოდარ ჯავახიშვილის ვარაუდი.

რატომ და როგორ შეიძლება ვერ დაიცვას „ქართუ ბანკმა“ საერთო საკრედიტო პორტფელის დაწესებული ლიმიტი? – პასუხად ივანიშვილის ბანკში გასული კვირის სტატისტიკა მოჰყავთ, როდესაც სახელმწიფო ორგანომ თითქმის ერთდროულად „ქართუ ბანკის“ კრედიტორ ოთხ ბიზნეს-ჯგუფს (14 იურიდიული და ფიზიკური პირი) 100 მლნ ლარის ღირებულების ქონება დაუყადაღა.

ერთ–ერთი მსხვილი ბიზნეს–ჯგუფი, რომელიც „ქართუ ბანკის“ კრედიტორია და რომლის უძრავ–მოძრავი ქონება თბილისის სააღსრულებო ბიურომ მიმდინარე წლის 30 ნოემბერს და 7 დეკემბერს დააყადაღა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ირაკლი კოდუას დედას – ლაურა ღაჭავას ეკუთვნის.

კიდევ ერთი ბიზნეს– ჯგუფი კი, რომელიც, ასევე, „ქართუ ბანკის“ კრედიტორია და თბილისის სააღსრულებო ბიურომ დააყადაღა, ოფშორშია რეგისტრირებული.

რატომ დაიწყო ნოემბრის თვეში იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შსს–ს მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებისა და მათთან დაახლოებული კომპანიების ქონების მასობრივად დაყადაღება? – ამის მთავარი მიზეზი საკანონმდებლო ცვლილებაა, რომელიც მიმდინარე წლის 11 ნოემბერს დაამტკიცა პარლამენტმა:

,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ კანონსა და „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, კომერციულმა ბანკმა პირველადი იპოთეკარის უფლება დაკარგა იმ შემთხვევაში, თუკი საგადასახადო ორგანოს მხრიდან ყადაღის მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლები წინ უსწრებს რომელიმე კომერციული ბანკის მიერ რეგისტრირებულ იპოთეკას.

„თუკი კომერციული ბანკისგან აღებული სესხის საფუძველზე 2008 წელს დაიტვირთა იპოთეკით კომპანიის ქონება, საგადასახადოს შეუძლია, 2011 წელს დააყადაღოს ეს ქონება, თუკი ამის საფუძველი წარმოიშვა სესხის აღებამდე, ამ შემთხვევაში, მაგალითად, 2007 წელს, ანუ კონკრეტული დარღვევა კომპანიამ ჩაიდინა 2007 წელს. ასეთ შემთხვევაში, პირველი რიგის იპოთეკარის უფლება ეძლევა საგადასახადო ორგანოს და არა – ბანკს“, – განმარტავს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ბექა დოჭვანი.

თუმცა ეს დარღვევა უნდა ეხებოდეს არაუმეტეს ბოლო 6 წლის პერიოდს.

ლაურა ღაჭავა
ლაურა ღაჭავა

კოდუას დედა, ლაურა ღაჭავა რამდენიმე კომპანიას ფლობს. მათ შორისაა შპს „კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი“. საჯარო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული კომპანია ორ ფირმას – შპს „საჩოგბურთო კლუბ დინამოსა“ (92%) და შპს „ბულიტებს“ (8%)– ეკუთვნის, თუმცა ამ ორივე ფირმის მესაკუთრე ლაურა ღაჭავაა.

„კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი“ 2010 წლის იანვარში შეიქმნა და იმავდროულად, „ქართუ ბანკიდან“ აღებული სესხის სანაცვლოდ, იპოთეკით დაიტვირთა „საჩოგბრურთო კლუბ დინამოს“ 54.81%–ანი წილი „კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფში“. თუმცა, როგორც „ქართუ ბანკში“ აცხადებენ, მოგვიანებით ეს ქონება სს „პირიმზეს“ საკუთრებაში გადავიდა, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტს, ასევე, ლაურა ღაჭავა ფლობს.

„რადგან შპს “კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი“ ახალი კომპანიაა, შესაბამისად, მას საგადასახადოს წინაშე ძველი დავალიანება ვერ ექნებოდა, ამიტომ მოხდა მისი ქონების და „ქართუ ბანკის“ წინაშე აღებული ვალდებულებების სს „პირიმზეზე“ გადატანა და, შესაბამისად, საგადასახადომ ეს კომპანია დააყადაღა,“ – ამბობს „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი.

ლაურა ღაჭავას თქმით, სესხი „ქართუ ბანკიდან“ სს „პირიმზემ“ აიღო:

„სესხის მოცულობა არის 5–დან  6 მილიონ ლარამდე. “პირიმზეს” გამოეყო გენერალური სესხი, მერე სხვადასხვა ობიექტებზე გამოვიყენე ეს თანხა. ვიღაცას რომ გადაეფორმებინა სესხი ერთი კომპანიიდან მეორეზე, ასეთი რამ არ მომხდარა. ბანკმა თვითონ მოაქცია სესხი ერთიან სისტემაში და გენერალური მსესხებელი გახდა სს „პირიმზე“, – ამბობს ლაურა ღაჭავა.

სს „პირიმზის“ ქონების დაყადაღება თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2011 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყო და დეკემბერშიც გააგრძელა.

ღაჭავა ამბობს, რომ საგადასახადო „პირიმზეს“ ძველ ვალს ედავება:

„მე ვარ აქციონერი – „პირიმზეში“ მაქვს საკონტროლო პაკეტი. „პირიმზეს“ მოჰყვება ძველი ვალი, რასაც დაემატა საურავი. ამ ვალის არსებობის შესახებ არ ვიცოდი, ისე გავხდი აქციონერი.“

კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა მანამდე კომპანიის ქონების დაყადაღება, თუკი საქმე ძველ ვალს ეხება, ლაურა ღაჭავას პასუხი ასეთია:

„და მანამდე არ იყო, ბატონო, ეს ივანიშვილი, თუმცა ივანიშვილი რა შუაშია.“

საბოლოოდ, დღეის მდგომარეობით, თბილისის აღსრულების ბიუროს მიერ დაყადაღებულია სს „პირიმზეს“ კუთვნილი უძრავი ქონება თბილისის ცენტრალურ უბნებში (მელიქიშვილის 5–ში მდებარე ისტორიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის  ყოფილი კორპუსი, მელიქიშვილის ქუჩა #10–ში  მდებარე პედიატრიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი და არაყიშვილის ქუჩა #8–ში განთავსებული  კომერციული ფართი, სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე, შპს სამკერვალო ფაბრიკა „ლაურა ღაჭავა“  და  სს „პირიმზის“ ადმინისტრაციული შენობა, ყოფილი  ლეჩკომბინატის ახალი კორპუსი ქავთარაძის #16–ში და სხვა).

აღნიშნული ქონების ნაწილი იპოთეკით იყო დატვირთული „ქართუ ბანკის“ სასარგებლოდ. ბანკში ვარაუდობენ, რომ ქონებას აღმასრულებელი აუქციონზე გაყიდის დარიცხული საგადასახადო ვალის სასარგებლოდ.

„ჯერჯერობით აუქციონი არ ჩატარებულა და ეს ქონება არ გაყიდულა და რატომ ატყდა ეს განგაში, არ ვიცი. „ქართუ ბანკს“ ნუ ეშინია, არ მაქვს დავალიანება და ვიხდი ამ ვალს. ახლა მოხდა გაუგებრობა და გავერკვევით,“ – ამბობს ლაურა ღაჭავა.

თუმცა „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის თქმით,  ლაურა ღაჭავას ეს განცხადება უსაფუძვლოა:

„ღაჭავა ვალს ადრეც ცუდად იხდიდა და ახლა, მითუმეტეს, როგორ დააბრუნებს?!“ – აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

„ქართუ ბანკი“ სასამართლოს გზით აპირებს ვალის დაბრუნებას, როგორც ლაურა ღაჭავას ფირმისგან, ისე – კიდევ ერთი მსხვილი კრედიტორი კომპანია „ბათოილისგან“.

„შპს „ბათოილს“, „ქართუ ბანკიდან“ აღებული  კრედიტის სანაცვლოდ, გირავნობით უძრავი და მოძრავი ქონება ჰქონდა დატვირთული, კერძოდ, ავტომანქანები, დანადგარები,  საშენი მასალები. მოძრავი ქონება, რომელიც დატვირთული და აღნუსხული  იყო საჯარო რეესტრში. საჯარო  რეესტრისა და ბანკი „ქართუს“ გვერდის ავლით,  ეს ქონება გაიყიდა სხვა კომპანიაზე – შპს „ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსზე“. ამის შედეგად „ქართუ ბანკმა“ რამდენიმე მილიონი ლარი იზარალა,“ – ამბობს პარლამენტარი და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით გასული კვირის დასაწყისში პარლამენტში სპეციალური ბრიფინგი გამართა.

აჭარაში მდებარე ზეთის მწარმოებელი კომპანია „ბათოილი“ შპს „ლემისე კომპანის“ საკუთრებაა, ისევე, როგორც „ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსი“.

„ლემისე კომპანის“ დირექტორი სერგი კაკალაშვილი (ბიზნესმენი და პოეტი, რომლის ლექსები მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ პარლამენტში წაიკითხა) ამბობს, რომ „ბათოილი“ და „ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსი“ ერთი და იგივე კომპანიაა:

„ორივე კომპანია ერთ მფლობელობაშია და ფიზიკურად  ქონების გაყიდვა არ მომხდარა, ამ  იურიდიულ ოპერაციას  ვერავინ შეასრულებს. ეს დასჯადია კანონით და  ეს არის უცოდინარი ადამიანის ბრალდება.“

თბილისის აღსრულების ბიურომ შპს „ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსის“ ქონება მიმდინარე წლის 15 ნოემბერს დააყადაღა და უკვე გამოიტანა კიდეც აუქციონზე გასაყიდად. აუქციონზე მთელი საწარმოო კომპლექსი იყო გამოტანილი (74 314 კვ.მ მიწის ფართობი და მასზე განთავსებული 15 053 კვ.მ შენობა. ობიექტი ხელვაჩაურის რაიონში, მდინარე ჭოროხთან, მდებარეობს. უძრავი ქონების საწყისი გასაყიდი ფასი – 1 767 000 ლარი).

აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ აუქციონი უშდეგოდ დასრულდა და, შესაბამისად, მთელი ეს ქონება სახელმწიფოს გადაეცემა ნატურით.

კაკალაშვილი არ აკონკრეტებს, თუ რა მოცულობის სესხი აქვს გამოტანილი „ქართუ ბანკიდან“, თუმცა არც იმას მალავს, რომ არ იხდის ბანკის წინაშე დაგროვილ დავალიანებას:

სერგი კაკალაშვილი
სერგი კაკალაშვილი

„მას შემდეგ, რაც დაყადაღდა ქონება, ხელი არ მიმიწვდება მასზე და ვერც ვალს ვიხდი. ეგ უკვე აღმასრულებლებზეა დამოკიდებული, როდის გაიტანენ აუქციონზე და რა ფასში. მე თუ ბიუჯეტის ვალიც მაქვს და ბანკისაც, ჯერ ბიუჯეტის ვალი უნდა გადავიხადო. ამას ვერც სერგი კაკალაშვილი შეცვლის და ვერც ვერავინ,“ – ამბობს კაკალაშვილი.

პოლიტიკურად მოტივირებული სახელისუფლებო ტერორი – ასე აფასებს „ქართუ ბანკის“ ადმინისტრაცია სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მსგავსი ტიპის ქმედებებს, რაც ბოლო პერიოდში ბანკის ირგვლივ ტრიალებს.

„ქართუ ბანკის“ მიმართ პირველი მასშტაბური შეტევა მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს განხორციელდა, როდესაც ბანკის ინკასაციის  მანქანას სპეცდანიშნულების რაზმისა და პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ და „ქართუს“ 6  თანამშრომელი დააკავეს. პოლიციამ წაიყვანა ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანაც, რომელსაც გადაჰქონდა ბანკის კუთვნილი თანხა – დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარი და 1 მილიონი ევრო. მოგვიანებით თანამშრომლები გაათავისუფლეს, თუმცა თანხა „ქართუსთვის“ ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

ამის შემდეგ, 19 ოქტომბერს, „ქართუში“ ეროვნული ბანკის წარმომადგენლები შევიდნენ შესამოწმებლად, რომელიც შესაძლოა ორი თვის განმავლობაში გაგრძელდეს.

ნოემბერში კი პარლამენტში ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც ბანკის არაუზრუნველყოფილი სესხების მოცულობა მოკლე ვადაში რეკორდული სიჩქარით გაიზარდა.

ბიძინა ივანიშვილმა, რომლის საკუთრებაც არის „ქართუ ბანკი“, პოლიტიკაში ჩართვის შესახებ პირველი განცხადება მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი