სამხრეთ კავკასიის ამბები

გიუმრი დამანგრეველი მიწისძვრიდან 28 წლის შემდეგ

8 დეკემბერი, 2016 • 7028
გიუმრი დამანგრეველი მიწისძვრიდან 28 წლის შემდეგ

28 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში [ლენინაკანი] 9 ბალზე მეტი სიმძლავრის დამანგრეველი მისწისძვრა მოხდა და ახლაც, ამდენი ხნის გასვლის შემდეგ, ათასობით ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე, სიღატაკეში ცხოვრობს.

1988 წლის 7 დეკემბერს მიწისძვრამ სომხეთის რამდენიმე ქალაქი და სოფელი გაანადგურა. მხოლოდ გიუმრიში 20 612 სახლი დაინგრა. აქტიური ქალაქთმშენებლური პროექტების დახმარებით, კატასტროფის შედეგები შეამცირეს, თუმცა ქალაქში ამ დრომდე ჩანს მიწისძვრის კვალი.

“მალევე საბჭოთა ინჟინრებმა დაიწყეს მუშაობა და დაახლოებით 4500 ბინა ააშენეს. გარდა ამისა, სომხეთის საყოველთაო ფონდმა “ჰაიასტანმა” 360 ბინა ააშენა. ბევრი პროექტი გვქონდა, რომლის წყალობით ქალაქის საცხოვრებელი ფონდის აღდგენა შევძელით”, – ამბობს ჩვენთან ინტერვიუში ალბერტ მარკარიანი, შირაქის ქალაქთმშენებლობის სამსახურის ხელმძღვანლი.

1994-1997 წლებში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აშენდა და აღდგა 1 374 სახლი. მოგვიანებით, 1999-2001 წლებში, წითელი ჯვრის დაფინანსებით 360 სახლი აშენდა. მთლიანობაში, ამ დრომდე 16 040 ოჯახისთვის აშენდა ბინა და პროგრამა “სერტიფიკატი ბინის ყიდვაზე” პროექტის ფარგლებში კიდევ 5 053 ბინა იყო ნაყიდი.

“ამჟამად 60 უსახლკარო ოჯახი გვყავს, რომლებსაც არასოდეს უსარგებლიათ არც ერთი პროგრამით და, ამავე დროს, უსახლკაროთა ოფიციალური სტატუსი აქვთ. ბინის ყიდვაზე სერტიფიკატს 2017 წელს მიიღებენ. ფული უკვე გამოყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამგვარად, ხელისუფლება გიუმრიში მიწისძვრის შედეგად დარჩენილი უსახლკარო ოჯახების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამას დაასრულებს” – ჰპირდება მოსახლეობას მარკარიანი, თუმცა აქვე ამბობს, რომ ამით უსახლკარობის პრობლემა არ ამოიწურება, რამდენადაც კიდევ 2 ათასი ოჯახი ნასახლარებში ან იმპროვიზირებულ სახლებში ცხოვრობს.

გიუმრი/ იმპროვიზებული სახლები მიწისძვრის დაზარალებულთათვის; ფოტო: არმინე ავეტისიანი/ნეტგაზეთი; 2016 გიუმრი/ იმპროვიზებული სახლები მიწისძვრის დაზარალებულთათვის; ფოტო: არმინე ავეტისიანი/ნეტგაზეთი; 2016

ხელისუფლებას ამ დრომდე არ შეუმუშავებია პროგრამა სახლების გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის. ხელისუფლების მტკიცებით, მათ შორის არიან ადამიანები, ვინც სხვადასხვა მიზეზით დარჩა უსახლოდ: ან მიიღეს ბინები და შემდეგ გაყიდეს, ან მიიღეს ფული ბინებისთვის და სხვა მიზნით დახარჯეს.

“რამდენიმე სახის საქველმოქმედო პროგრამა არსებობს ასეთი ადამიანების დასახმარებლად”, – ამბობს მარკარიანი.

იმპროვიზირებულ სახლებში, სადაც დღეს გიუმრიში ადამიანები ცხოვრობენ, არ არსებობს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. არ არის საპირფარეშოები, წყალი, ბუნებრივი აირი. სარეცხს რეცხავენ ეზოში, ან მისაღებ ოთახშივე, სადაც სამზარეულოცაა და საძინებელიც.

გიუმრი; ფოტო: არმინე ავეტისიანი/ნეტგაზეთი; 2016 გიუმრი; ფოტო: არმინე ავეტისიანი/ნეტგაზეთი; 2016

“ქუჩაში მცხოვრები ძაღლებიც ჩვენზე უკეთეს მდგომაროებაში არიან. სავსე კუჭით მაინც იძინებენ. ჩვენ მშივრები ვართ. თუ საჭმელი გვაქვს, ბავშვებისთვის ვინახავთ. ამ ღარიბ ქალაქში არ არის სამსახური”, – გვეუბნება ანდრანიკი, რომელიც “ფანტანის” კვარტლის იმპროვიზირებულ ძირმომპალ სახლში ცხოვრობს და გვთხოვს, არ გადავიღოთ იმ გარემოში, სადაც უკვე 28 წელია ცხოვრობს.

ამავე კვარტალში მცხოვრები ათეულობით სხვა ოჯახი ძველ დროს იხსნებს და ამბობს, რომ ოდესღაც გიუმრი საუკეთესო ქალაქი იყო სომხეთში, შადრევნებით, სადაც სხვა ქალაქებიდან ჩამოდიოდნენ ტურისტები. დღეს კი უსახლაროთა და ღატაკთა სიმბოლოა.

გიუმრი; ფოტო: არმინე ავეტისიანი/ნეტგაზეთი; 2016 გიუმრი; ფოტო: არმინე ავეტისიანი/ნეტგაზეთი; 2016

გიუმრი' ფოტო: არმინე ავეტისიანი/ნეტგაზეთი; 2016 გიუმრი’ ფოტო: არმინე ავეტისიანი/ნეტგაზეთი; 2016

 

გიუმრი' ფოტო: არმინე ავეტისიანი/ნეტგაზეთი; 2016 გიუმრი’ ფოტო: არმინე ავეტისიანი/ნეტგაზეთი; 2016

“ამ დასახლებებში ძირითადად ცხოვრობენ გახლეჩლი ოჯახები, ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობებით, მარტოხელა მოხუცები და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები. ეს ადამიანები იმდენად ღატაკები არიან, ემიგრაციაც არ შეუძლიათ. სხვა შემთხვევაში დიდი ხნის დატოვებული ექნებოდათ ეს ქალაქი. ახლა მათ შეშას ვურიგებთ, რომ არ გაიყინონ ზამთრის თვეებში. გიუმრიში ძალიან ცივი ზამთარი იცის. თან აქ არც ელექტროენერგიაა და არც ბუნებრივი აირი”, – ამბობს ვაან ტუმასიანი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “შირაქის ცენტრის” ხელმძღვანელი.

ეს ორგანიზაცია ერთადერთია, რომელიც მრავალი წელია, საქველმოქმედო აქციებით სხვადასხვა სოციალურ პროექტს ახორციელებს უსახლკაროთათვის – ყიდულობს სახლებს და შემდეგ ჩუქნის მათ.

“კატასტროფიდან დიდი დრო გავიდა და ამ ხალხის ბედი უკვე აღარ არის აქტუალური მსოფლიოსთვის. ბოლო წლებში ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. ფულს უკვე დიდი სირთულით ვშოულობთ იმისთვისაც კი, რომ შეშა ვუყიდოთ და ბავშვებისთვის რაღაც ღონისძიება გავმართოთ”, – ამბობს ტუმასიანი.

ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით, ამ წლების განმავლობაში მათი ორგანიზაციის დახმარებით 19-მა ოჯახმა მიიღო ბინა.

ტუმასიანი ამბობს, რომ ახლა, როდესაც ბინებით უზრუნველყოფის პროგრამას სახელმწიფო დასრულებულად აცხადებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უსახლკაროთა საკითხი ჰაერში გამოკიდებული დარჩება.

“უსახლაკრობის პრობლემა მძიმე ტვირთად აწვება ქალაქის ბიუჯეტასაც, რადგან მწირი ბიუჯეტით ვერ ახერხებენ მის მოგვარებას. არც ქალაქისთვის ნორმალური იერსახის მიცემაა შესაძლებელი. ამჟამად ჩვენს ქალაქს ორი სახე აქვს. ერთ მხარეს არიან ადამიანები, ვისთვისაც სახლები იყიდეს, მეორე მხარეს- უსახლკაროები. პოლარიაზიაც ღრმავდება”, – ამბობს ტუმასიანი.

ქალაქში ყველა, ადგილობრივი ხელისუფლებაც და არასამთავრობოების წარმომადგენლებიც, დაინტერესებული არიან იმაში, რომ 28 წლის წინანადელი მიწისძვრის კვალი აღარ ეტყობოდეს ქალაქს და მოქალაქეებს. თავად უსახლკაროებს კი იმედი აქვთ, რომ საკუთარი ჭერი კატასტროფის 30 წლისთავზე მაინც ექნებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი