კატეგორიის გარეშე •

დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

29 ოქტომბერი, 2016 • 2370
დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

დღეს, 29 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას ტოვებს.

“პარტიის თავმჯდომარეს, მის დამფუძნებლებს აღმოაჩნდათ ისეთი პოლიტკური ღირებულებითი ტაქტიკური ხედვები, რომელიც ჩემთვის არის მიუღებელი. მაგრამ მე მათ რეალიზებას პარტიაში არ და ვერ შევეწინააღმდეგები. ეს ხედვები მიუღებელია იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში შემცირდება პარტიის გავლენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე, ხოლო არ და ვერ შევეწინააღმდეგები, რადგან განსაკუთრებულ პატივს ვცემ რესპუბლიკური პარტიის დამფუნებლების განსაკუთრებულ ღვაწლს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, იგი აგრძელებს ინდივიდუალურ რეჟიმში აქტიურ ოპოზიციურ საქმიანობას. მისი თქმით, არ იმუშავებს სამთავრობო თუ სასამართლო თანამდებობებზე და სამი თვის შემდეგ კონკრეტულად ისაუბრებს თავის გეგმებზე.

დავით უსუფაშვილი საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო 4 წლის განმავლობაში. იგი იყო რესპუბლიკური პარტიის პირველი ნომერი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, სადაც ხმების 11.7% მიიღო.

დავით უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიას 2013 წლამდე თავმჯდომარეობდა. ამის შემდეგ იგი ხათუნა სამნიძემ შეცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი