ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტია 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილოებას

31 მარტი, 2016 • 2287
რესპუბლიკური პარტია 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილოებას

რესპუბლიკური პარტია 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად, არაკოალიციურ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება რესპუბლიკელებმა 27 მარტს მიიღეს, თუმცა მისი გასაჯაროება დაგვიანებით პრემიერის თხოვნის გამო მოხდა.

“მომავალი არჩევნების თაობაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და საკრებულოებში უმრავლესობებიდან რესპუბლიკელების ავტომატურ და დაუყოვნებელივ გასვლას. არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში აღნიშნულ საკითხებს ჩვენ ეტაპობრივად გადავწყვეტთ შემდეგი ფაქტორების გათვალისიწნებით:

“სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში – ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ანტინატოელების და ვიდეოშანტაჟისტების კოორდირებული და დამთხვეული ულტიმატუმის ფონზე.

ჩვენი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებული იქნება პარტია “ქართული ოცნების” დაანონსებულ განახლებაზეც. ჩვენ შეიძლება მოვახერხოთ კოალიციური სახელისუფლებო პასუხისმგებლობების კიდევ გარკვეული ვადით ზიდვა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და მისი ხედვების შესაბამისად მოქმედ გუნდთან ერთად, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ, თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებებით გაგრძელდება.

შევეცდებით, ჩვენი ნაბიჯების გამო არ გაჩნდეს კითხვები ქვეყნის სტაბილურობისა და ხელისუფლების კურსის თაობაზე, რაც ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხების ან ნატოს სამიტზე მინიმალისტური შედეგის მიღების მიზეზი შეიძლება გახდეს.

რესპუბლიკელი მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის შესრულებას. ამავე პერიოდში  პარლამენტში ვითარება იქნება პირიქით – ფრაქცია “რესპუბლიკელები” იხელმძღვანელბს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით, გარდა უმრავლესობის ფორმატში წინასწარ შეთანხმებული საკითხებისა”, – განაცხადა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძემ ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა და განაცხადა, რომ ამას მოგვაინებით გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი